“თანასწორობის მოძრაობამ” “ღია ეთერის” წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “თანასწორობის მოძრაობის” განცხადება, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღია ეთერი” წამყვანების – რუსა შელიასა და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ეთერში 2020 წლის 28 აპრილს გავიდა. “თანასწორობის მოძრაობას” მიაჩნია, რომ ჟურნალისტების მონოლოგს, კონტექსტის გარეშე რეპლიკებსა და გამოყენებულ ფოტოებს შესაძლოა უარყოფითი ეფექტი ჰქონოდა პირთა თანასწორუფლებიანობაზე.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ სადავო მასალა წარმოადგენს როგორც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ისე ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას, რაც უხეშად არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლით დაცულ პრინციპს.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.