ავტორი: სოფი ბერია
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ნაწილია და მოიცავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის:
- სხეულის ხელშეუხებლობის უფლებას, ძალადობრივი სტერილიზაციისა და ქალთა გენიტალიების დასახიჩრებისგან დაცულობის ჩათვლით;
- თანასწორობას, დისკრიმინაციისა და სტიგმისგან თავისუფლებას, განურჩევლად გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციისა;
- სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭირო სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უფლებას;
- ლეგალური აბორტის უფლებას;
- ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლებას, სექსუალური სიამოვნების უფლებას და სხვ.
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვა და მათი ადვოკატირება უმნიშვნელოვანესია ადამიანის ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, როდესაც ვიზრდებით და ვიცვლებით.
მასტურბაცია
გარდატეხის ასაკში ორგანიზმი სექსის ჰორმონებს გამოყოფს, რომელთა გავლენითაც მოზარდები საკუთარი სექსუალობით ინტერესდებიან. ასეთ დროს ზოგი საკუთარი სხეულის შესწავლას გენიტალიაზე შეხებით იწყებს. ამას მასტურბაცია ეწოდება და მისი მთავარი მიზანი სიამოვნების მინიჭება, ან მიღებაა. ხშირია როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, ვინც არ მასტურბირებენ და ესეც ნორმალურია. მასტურბაცია სიამოვნების მიღების სრულიად უსაფრთხო გზაა და გავრცელებული მითების მიუხედავად, არ იწვევს ხელის გულებზე თმის ამოსვლას, სიბრმავეს, ან მომავალში სექსუალურ და რეპროდუქციულ პრობლემებს. მასტურბაცია პირადი გადაწყვეტილებაა – დაკავდი ამით, თუ გაქვს სურვილი, მაგრამ მხოლოდ პირად სივრცეში.
- გახსოვდეს:
მასტურბაციის შედეგად ვერ დაორსულდები, ვერც სექსუალური გზით გადამდები ინფექციები (სგგი) გადაგედება; - მასტურბაცია საკუთარი სხეულის გაცნობაში დაგეხმარება, გაიგებ როგორ მუშაობს შენი ორგაზმი, რა მოგწონს და რა – არა, რაც მომავალში გააუმჯობესებს შენ სექსუალურ გამოცდილებებს;
- მასტურბაცია სტრესსა და დაძაბულობას ამცირებს – ორგაზმის დროს გამოიყოფა ენდორფინები, „ბედნიერების“ ჰორმონი, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებს და ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, რაც შეიძლება მენსტრუაციისას, მუცლის ტკივილის დროსაც კი დაგეხმაროს.
პირველი სექსუალური გამოცდილება და თანხმობა
როდის და როგორ გქონდეს სექსუალური გამოცდილება, პირადი საკითხია. პირველი სექსუალური გამოცდილების შესახებაც ბევრი მითი არსებობს, რაც ადამიანებს, განსაკუთრებით გოგონებს, შიშის, ან საფრთხის გრძნობას უჩენს. ყველა პირველი სექსის გამოცდილება ერთნაირი არ არის და არც სექსი ნიშნავს მხოლოდ პენისსა და ვაგინას შორის აქტს. პირველი სექსი შეიძლება იყოს ორალური, ან ანალური, ასევე შესაძლოა მოხდეს თითებით, ან სექს-სათამაშოებით. ზოგი ადამიანი თვლის, რომ პირველი სექსუალური გამოცდილება რამდენჯერმე ჰქონდა, იმის მიხედვით, რა სახის სექსით დაკავდა.
პირველ სექსუალურ აქტთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა: „მეტკინება“? რეალურად, არცერთი სახის სექსი მტკივნეული არ უნდა იყოს. როდესაც აღგზნებული ხარ, ვაგინის გარშემო არსებული კუნთები უფრო მოდუნებულია და გამოიყოფა ბუნებრივი ლუბრიკანტი, რომელიც, თავის მხრივ, უფრო კომფორტულს ხდის არამარტო პირველ, არამედ ყველა შემდეგ სექსუალურ გამოცდილებას. თუმცა, თავდაპირველი შეგრძნება შესაძლოა მაინც უცნაურად და არაბუნებრივად მოგეჩვენოს.
სექსის დროს სწორი კომუნიკაცია აუცილებელია – თუ რაიმე არ გსიამოვნებს, აუცილებლად უთხარი პარტნიორს რომ გაჩერდეს, ან სხვა რამე სცადოს. სიამოვნების გასაძლიერებლად შეგიძლია წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი გამოიყენო – ეს რჩევა განსაკუთრებით გამოგადგება, თუ ანალურ სექსს აპირებ, რადგან ანუსი ბუნებრივ ლუბრიკაციას არ გამოყოფს ვაგინისა და პენისისგან განსხვავებით.
გახსოვდეს, თუ სხვა ადამიანთან რაიმე ტიპის სექსუალური აქტი გინდა გქონდეს, ჯერ აუცილებლად უნდა ჰკითხო. თუ არ იკითხავ და ისე აკოცებ, შეეხები, ან რაიმე სახის სექსუალურ ქმედებას მისი თანხმობის გარეშე ჩაიდენ, ეს შეიძლება გაუპატიურება ან სექსუალური შევიწროვება იყოს.
თანხმობა უნდა იყოს:
- ძალდაუტანებელი. ადამიანის ზეწოლა, მოტყუება, ან დაშინება დაუშვებელია. თანხმობას ვერ გასცემ, როცა მთვრალი, ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ან გულწასული ხარ.
- შექცევადი. შეგიძლია დათანხმდე, მაგრამ შემდეგ, ნებისმიერ დროს გადაიფიქრო – თუნდაც აქტი უკვე დაწყებული გქონდეთ.
- ინფორმირებული. თანხმობის მიცემა მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა ყველა დეტალი იცი. მაგალითად, თუ პარტნიორი გეუბნება, რომ კონდომს გამოიყენებს და შემდეგ არ იკეთებს, ითვლება, რომ სრული თანხმობა არ არის.
- აღტაცებული. როცა საქმე სექსს ეხება, უნდა გააკეთო ის, რაც შენ გინდა და არა ის, რაც სხვას უნდა. თუ ვინმე აღტაცებული (ბედნიერი, აღფრთოვანებული, ან ენერგიული) არ არის, შეჩერდი და გადაამოწმე.
- კონკრეტული. ერთ რამეზე კის თქმა (მაგალითად, კოცნა) არ ნიშნავს, რომ სხვა რამეზეც თანახმა ხარ (მაგალითად, სექსზე).
თუ ადამიანი არასრულწლოვანი, ან შენზე ბევრად პატარაა, მაშინ მას არ შეუძლია თანხმობის მოცემა და დაუშვებელია მასთან ნებისმიერი სახის სექსუალური კონტაქტი.
სექსის ქონა პირადი არჩევანია – როდესაც ჩათვლი, რომ გინდა, გაინტერესებს და მზად ხარ. თუ სექსის სურვილი არ გიჩნდება, ესეც ნორმალურია. თუ სექსი გქონდა და ახლა ერთი, ან რამდენიმე სექსის სახეობისგან თავშეკავებას ამჯობინებ, ესეც შენი პირადი გადაწყვეტილებაა. ზოგჯერ აბსტინენციის (იგივე სექსუალური თავშეკავების) ზეწოლა ისეთივე ძლიერია, როგორიც სექსის ქონის. არავის არ აქვს იმის უფლება, სექსის ქონა, ან არქონა დაგაძალოს.
სექსუალური გზით გადამდები ინფექციები და კონტრაცეფცია
სექსუალური გზით გადამდები ინფექციები სირთულის მიხედვით განსხვავდება. ბევრი მათგანი უწყინარია, თუ მისი დიაგნოზირება და მკურნალობა დროულად მოხდა, თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს, ან სერიოზული გავლენა მოახდინოს შენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. ამიტომ, უსაფრთხო სექსუალური აქტი და სგგი-ზე შემოწმება მნიშვნელოვანია.
სექსუალური გზით გადამდები ინფექციების ყველაზე გავრცელებული სიმპტომი სიმპტომთა არარსებობაა, ამიტომ აუცილებელია ბარიერული კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება (მაგ: კონდომი, ლატექსის ხელთათმანი, ან სტომატოლოგიური საფენი). როდესაც უშუალო შეხება გაქვს პარტნიორის სხეულის სითხეებთან (ნერწყვი, სპერმა, ვაგინალური, ან ანალური გამონადენი, სისხლი), ან კანთან (ძირითადად, ლორწოვან მემბრანასთან, როგორიცაა პირის ღრუ და გენიტალიები), მაშინ სგგის რისკის წინაშე ხარ.
ყველაზე გავრცელებული სგგია:
- ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც კანიდან კანზე ხახუნით, ორალური, ვაგინალური, ან ანალური სექსით, ასევე გენიტალიებიდან კანზე შეხებით გადადის;
- ქლამიდია, რომელიც ბაქტერიული დაავადებაა და ორალური, ვაგინალური, ან ანალური სექსით გადადის;
- გონორეა, რომელიც ბაქტერიული დაავადებაა და ორალური, ვაგინალური, ან ანალური სექსით გადადის;
- გენიტალური ჰერპესი, რომელიც ვირუსული დაავადებაა და გადადის ორალური, ვაგინალური, ან ანალური სექსით პარტნიორთან, რომელსაც წყლულოვანი გამონაყარი, ნახეთქები, ან ორალური სექსის შემთხვევაში – დაზიანებული ღრძილები აქვს. თუ წყლულებს შეეხე და შემდეგ ხელი გენიტალიებზე მოგიხვდა, რისკი მაშინაც მაღალია.
ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია ყოველთვის და სწორად გამოიყენო დამცავი საშუალებები ნებისმიერი და ყველა სახის სექსუალური აქტივობის დროს. ყველა პარტნიორის შემთხვევაში, ურთიერთობის დაწყებიდან ყოველ 3-6 თვეში ერთხელ ჩაიტარე ახალი, სრული გამოკვლევა, თუ სტაბილურ ურთიერთობაში ხარ – უკვე წელიწადში ერთხელ. და რაც ყველაზე მთავარია, დაიცავი სისუფთავის ნორმები: დაიბანე ხელი და დაიჭერი ფრჩხილები, რათა ხელით მოფერების შემთხვევაში არ დააზიანო პარტნიორი, ან საკუთარი თავი. დაიცავი ორალური სისუფთავე და გაუფრთხილდი ღრძილებს. ყოველთვის ახალი ბარიერული მეთოდი გამოიყენე სექსის ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლის დროს. არ დაგავიწყდეს ლუბრიკანტის გამოყენება.
სექსუალური გზით გადამდები ინფექციები ერთადერთი არ არის რისგან თავდაცვაც შეიძლება დაგჭირდეს. თუ ორსულობას არ გეგმავ, რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დალევა, რომელიც არასასურველი ორსულობისგან დაგიცავს. ჩასახვის საწინააღმდეგო აბი ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს, რაც ართულებს საშვილოსნოში სპერმის მოხვედრასა და კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ჰორმონია, რომელსაც ექიმი ნიშნავს. აუცილებელია, რომ თითო აბი ყოველდღე, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში დალიო. სწორად მოხმარების შემთხვევაში ეფექტურობა 99%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ აბები არასასურველი ორსულობისგან გიცავს, მათ სგგისგან დაცვა არ შეუძლიათ. ამისთვის, აუცილებელია ბარიერული კონტრაცეფცია გამოიყენო – ცალკე, ან აბებთან კომბინაციაში. სექსუალური აქტივობის მიხედვით შეგიძლია აარჩიო ბარიერული კონტრაცეფციის სახეობაც:
- ანალური, ან ვაგინალური პენეტრაციული აქტი: ქალის, ან კაცის კონდომი, ლატექსის ხელთათმანი, ე.წ. თითების კონდომი.
- ორალური სექსი: სტომატოლოგიური საფენი, ან კაცის კონდომი;
კაცის კონდომები ნებისმიერ აფთიაქში იყიდება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზომის, გემოს, ფერისა და სუნის. ქალის კონდომები, როგორც წესი სათემო ორგანიზაციებში უფასოდ რიგდება. ლატექსის ხელთათმანიც თითქმის ყველა აფთიაქსა და სუპერმარკეტში შეგიძლია შეიძინო. თუ სტომატოლოგიურ საფენებს აფთიაქში ვერ პოულობ, მისი დამზადება მარტივად შეგიძლია კონდომის, ან ლატექსის ხელთათმანებისგან: აიღე მაკრატელი და კონდომი შუაზე გაჭერი, ან აიღე ლატექსის ხელთათმანი, გადაჭერი თითები და შემდეგ, ჩაჭერი შუაში
გახსოვდეს:
- ლატექსის დამცავ საშუალებებთან ერთად არ გამოიყენო შემდეგი: ვაზელინი, მცენარეული ზეთი, კარაქი, ტანის ლოსიონი, კრემები ან ნერწყვი, რადგან მათ ლატექსის დაზიანება და გახევა შეუძლიათ.
- თუ კონდომი გაიხა, დაგავიწყდა აბის მიღება, ან დაუცველი პენეტრაციული (ამ შემთხვევაში პენისით ვაგინაში) სექსი გქონდა, შეგიძლია მიიღო გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი, რომელიც აფთიაქში ურეცეპტოდ იყიდება. შეძენისას აუცილებლად გაეცანი ინსტრუქციას და მიჰყევი დაწვრილებით. შეკითხვების შემთხვევაში, გაესაუბრე ექიმს, ან ფარმაცევტს. გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი დაუცველი სექსუალური აქტიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა დალიო პირველი 72 საათის განმავლობაში. აუცილებელია იცოდე ისიც, რომ აბი მუდმივი კონტრაცეფციის მეთოდებს ვერ ჩაანაცვლებს და მისი სისტემატურად მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა
სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისა და არასასურველი ორსულობისგან თავის არიდების ერთადერთი ასპროცენტიანი მეთოდი სექსის არქონაა, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ მზად ხარ სექსუალური აქტივობისთვის, აუცილებელია გქონდეს ინფორმაცია უსაფრთხო სექსის შესახებ. გახსოვდეს, არ აქვს მნიშვნელობა სექსუალური გამოცდილება პირველია თუ არა, კონტრაცეფცია ყოველთვის გჭირდება. კარგი იქნება, თუ კონტრაცეფციის მეთოდს პარტნიორთან წინასწარ განიხილავ.
არასასურველი ორსულობა და მოზარდთა უფლებები
ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რამ ხდება, რასაც არ ველოდებით. ერთ-ერთი ასეთი სიურპრიზი დაუგეგმავი ორსულობაა. ასეთ დროს ბუნებრივია იყო აღელვებული, შეშინებული, ანერვიულებული, გახარებული, ან ყველა ერთად. იცოდე, რომ ამ დროს მარტო არ ხარ. გაესაუბრე ისეთ ადამიანს, ვისაც ენდობი და იცი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მხარს დაგიჭერს.
გახსოვდეს, რომ საკუთარი ორსულობის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ შენ გეკუთვნის და ამისთვის უნდა გქონდეს ფაქტობრივი და მიუკერძოებელი ინფორმაცია შენს ხელთ არსებულ ორ ვარიანტზე: მშობლობა, ან აბორტი.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ დაგავიწყდეს საკუთარი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა, და გაითვალისწინე ის რისკებიც რაც ორსულობასა და მშობიარობას შეიძლება მოჰყვეს. ბავშვის გაჩენა მშობიარობით არ სრულდება და ბევრ სხვა პასუხისმგებლობას მოიცავს – ფინანსური, დროის და ყურადღების რესურსების ჩათვლით მანამ, სანამ ბავშვი ზრდასრული არ გახდება. ჯერ საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა შეგეძლოს იმისთვის, რომ შემდეგ სხვაზეც იზრუნო.
აბორტის გადაწყვეტილება „ეგოისტური“ არ არის. აბორტი ლეგალური და უსაფრთხო პროცედურაა, როდესაც სერტიფიცირებულ დაწესებულებაში, კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ტარდება. იგი გავლენას არ მოახდენს შენს უნარზე, მომავალში დაფეხმძიმდე.
საქართველოს კანონმდებლობით, ორსულობის შეწყვეტა 12 კვირამდეა დასაშვები, ხოლო კანონში პაციენტის უფლებების შესახებ (VIII თავი, მუხლი 40, ქვეპუნქტი ბ) წერია, რომ “14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით, მშობლის თანხმობის გარეშე შეუძლია ამ სერვისის მიღება”.
იცოდე შენი უფლებები და პატივი ეცი სხვისას.
წყაროები:
www.allaboutyou.ge
www.plannedparenthood.org
www.teenhealthsource.com
www.thewomens.org
საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ
_______________________________________________________________________________
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.