რას გულისხმობს “დამოუკიდებლობის მემორიალი” – ქვიარ არტისტის პერფორმანსი


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვიარ არტისტმა ანდრო დადიანმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 24 საათიანი პერფორმანსი “დამოუკიდებლობის მემორიალი” დადგა.

პერფორმანსი, რომლის კონცეფციაა, ”დამოუკიდებლობა თავისუფლების ერთგვარი შესავალია”, დამოუკიდებლობის მისეული გააზრების მცდელობაა.

პერფორმერი თითქმის თავისი ხნის, თავისუფლების ზღურბლთან მდგომ საქართველოზე საუბრობს; ოკუპირებულ, დანაწევრებულ სახელმწიფო კონცეფციაზე, მენტალობაზე, საზოგადოებაზე და ტერიტორიებზე რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მომავალს.

24 საათის მანძილზე პერფორმერი ქვეყნის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ტრავმებს საკუთარ სხეულზე გაიმეორა და ამ ფორმით გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობაზე.

ანდრო დადიანი მიიჩნევს, რომ 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, პოსტსაომარი, მაროდიორული ცხოვრებით ცხოვრობს ქვეყანა.

“წარმატება ნაცნობების გარეშე წარმოუდგენელია, სიძლიერე სხვისი ჩაგვრით მტკიცდება და არა საკუთარ შესაძლებობათა ზრდით, არანაირი სინატიფე აღარ შერჩა ჩვენს ცხოვრებას. პოლიტიკური სუბიექტები, მედია და თითქმის ყველაფერი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს; ჩანაწერების გამოქვეყნება, შანტაჟი, ძალადობა, პოლიციური ტერორი, კორუფცია, საგანმანათლებლო სისტემის არარსებობა და ა.შ. ამიტომ მიწერია კონცეფციაში, რომ 30 წელია დამოუკიდებლობას ვტკეპნით. იმდენი ფუჭი ავტორიტეტი, ძეგლები და ხატებია ჩვენს საზოგადოებაში და მათზე მიჯაჭვულობა, ვერგანთავისუფლება ისე სასჯელად ევლინება ჩვენს თაობებს, რომ მგონი დღეს ჩვენი სულიერი ცხოვრება უფრო უკანაც კი არის, ვიდრე 1991 წლის 9 აპრილს ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტი”, – ამბობს ანდრო დადიანი. 

პერფორმანსში სუფრა გამოყენებულია როგორც დამახინჯებული ტრადიციის სიმბოლო, რომელიც ფარავს რეალურ პრობლემებს და ის უფრო კრებითი სახეა.

“სუფრა ჩვენი ტრადიციისა და მენტალობის ფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სიმბოლოა, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები სხდებოდნენ და მსჯელობდნენ. მსჯელობა კი იმთავითვე უშვებს, რომ იგი აუცილებლად აზრთა მრავალფეროვნებას გულისხმობს და იქ ალბათ ნამდვილად იზრდებოდა ადამიანი. დღეს კი ვხედავთ, რა დაემართა ამ ტრადიციას, როგორ გაქვავდა და მისი გაშეშებული სხეულით ხერგავს მომავალს.რეალურად სიტყვა ტრადიცია გაირყვნა და ამ სიტყვით ვაჭრობენ და როგორც იარაღით ჩვენზე, უმცირესობებზე ძალადობს უმრავლესობა, მაშინ როცა შეიძლებოდა ის ერთად გაგვევითარებინა, დახვეწილიყო და გაზრდილიყო მათი როლი ჩვენს ცხვორებაში”, – ამბობს ანდრო დადიანი.

ანდრო დადიანი ამბობს, რომ პერფორმანსი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მენტალობაზეა, თუმცა ის ასევე უკავშირდება ქვიარ თემს. მისი თქმით, საზოგადოებას არ გამოელია მიზეზები რათა შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რადგან იგი ქვიარ თემის წევრია.
“დირექტორი სტატუსებს მაშლევინებს სოციალური ქსელიდან, ხან რა და ხან რა, ამიტომაც გავხდი ნიღბიანი ანდრო დადიანი. კონცეფციაში წერია, რომ ოკუპაცია, როგორც განგრენა მოცოცავს ჩვენი სახლებისკენ, ჩვენსკენ და ყველას გარიყვისთვისთვის გამოძებნის რაღაც განმასხვავებელ ნიშანს. 24 საათის მანძილზე “დასკოჩილი” ფეხი და ხელი რეალური განგრენის საშიშროებაა, ჩემმა ამ კიდურებმა გაიხსენა ჩვენი, ყველანაირი უმცირესობის ტკივილი, მეორე ფეხმა კი ის სიმძიმე და ტკივილი, გადაადგილების შეუძლებლობა, რაც ცალ ფეხზე დგომით ემართება ადამიანს”, – ამბობს ანდრო დადიანი.
პერფორმერის აზრით, მთავრობის სურვილია, რომ მოქალაქეები გამოეთიშონ პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ ეს ასე არ იქნება. მას სწამს, რომ ლგბტქ ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არიან დღევანდელ სამოქალაქო ცხოვრებაში, რომელიც მონაწილეობს 1 მაისის აქციაში მშრომელთა დასაცავად, მონაწილეობდა დემურ სტურუასთან დაკავშირებულ აქციებში, ვიდექით შვილმოკლული ადამიანების გვერდით, ვუერთდებოდით დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას და გამოვდიოდით 17 მაისს ჩვენი უფლებებისთვისაც.