“გაზეთ ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში მცხოვრებ ახალგაზრდას, ნათესავები მოკვლით ემუქრებიან, რადგან მან აჭარის ტელევიზიის გადაცემაში ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის შესახებ ისაუბრა.
ივა ყურშუბაძის თქმით, სოფელ ჩაისუბანში მარტოდ მცხოვრებ მის ბებიას შვილიშვილის ფიზიკური განადგურებით ახლობლები 18 მაისს დაემუქრნენ. 17 მაისს სოფელში „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგი“ ნახეს, სადაც ივა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და თანასწორობაზე საუბრობდა.
„მუქარის გარდა, ბებიას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს… განსაკუთრებით ბებიას ძმისშვილი აქტიურობდა, როგორც მითხრეს. ამ დრომდე გრძელდება ჩემი ბულინგი სოციალურ ქსელში, მლანძღავენ და მემუქრებიან, ჭკუას გასწავლით და საგიჟეში წაგიყვანთო. ამიტომ პროკურატურას განცხადებით უკვე მივმართე. შეშინებული ვარ, რადგან საფრთხე ელოდება საჯარო სივრცეში ჩემს თავისუფლად გადაადგილებას… ბებიას მასაუბრეს. მითხრა, შენთან ვარო. მე მოვუსმინე იმ ვიდეოს და შენ თურმე ჩაგრულებს იცავ და სიმართლის მხარეს დგახარო. აქ კი მთელი სოფელი შემიყარესო“, – უთხრა ივა ყურშუბაძემ გაზეთ ბათუმელებს.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge
“თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს ლგბტქი თემის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომ მუქარის, ზეწოლის, თავდასხმის შემთხვევაში აუცილებლად მოგვმართოს ჩვენ ან ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს.