გაეროს ექსპერტი: თბილისში ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის გამოძიებას დავაკვირდები


ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი. ფოტო: გაერო

გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა განაცხადა, რომ თანასწორობის მოძრაობის ოფისში 4 ლგბტ აქტივისტზე თავდასხმის გამოძიებას დააკვირდება.

“მე ინფორმირებული ვარ “თანასწორობის მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის შესახებ და ვიცი, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გამოიკვეთა რამდენიმე დამაფიქრებელი საკითხი ოფისზე თავდასხმაში, რომელიც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ხელისშემშლელია. პირველი ისაა, რომ ასეთმა თავდასხმებმა შესაძლოა არამხოლოდ ზიანი გამოიწვიოს, არამედ ადამიანის უფლებებზე მუშაობაზე ხელისშემშლელი გავლენა იქონიოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ნათელი მოჰფინოს საქმის ყველა გარემოებას.

ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ მგრძნობიარე საკითხებზე, თავისი აქტივობების გამო ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი, ამიტომ გამოძიებამ კონკრეტული მიმართულებებით უნდა იმუშაოს. ვიცი, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჩემი მოწოდებაა, რომ იგი უნდა ჩატარდეს ობიექტურად და გამოარკვიოს ყველა საჭირო მიმართულება, რათა დავრწმუნდეთ, რომ “თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობა იყო თუ არა თავდასხმის მოტივი. ამის გამოვლენა უნდა იყოს გამოძიების მიზანი.

მეორე საკითხი ისაა, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ თუ კი თავდასხმის მოტივი რამენაირად დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობასთან, საზოგადოებამ ეს უნდა დაგმოს მკაცრად. სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, განსაკუთრებით ლგბტ ადამიანის უფლებებისთვის.

ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხია გამოძიება გაგრძელდეს ობიექტურად და სიღრმისეულად, დაველოდოთ მის შედეგს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით იმუშავებს. მე დავაკვირდები ამ პროცესს”, – განაცხადა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა.

ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა, აღნიშნული საქართველოში სტუმრობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც გაეროს თბილისის ოფისში გაიმართა. მადრიგალ-ბორლოზი საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოვიდა, იგი შეხვდა ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ლგბტ თემის წევრებს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ვრცლად მისი სტუმრობის შესახებ წაიკითხე ამ ბმულზე.