დედა, მე ჰეტეროსექსუალი ვარ!


დედა, იცი ეს რას ნიშნავს? იმას, რომ მაქვს პრივილეგია, არავინ მცემოს ჩემი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო. არავინ გამლანძღოს, არავინ ამეკიდოს ქუჩაში და თუნდაც — მომკლას და დამწვას.

თავისუფლად შემიძლია ავტვირთო სოციალურ ქსელში შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო და მაქსიმუმ, რაც შეიძლება ამ ამბავს მოჰყვეს, ისაა, რომ ხალხი გაიოცებს : » ვა, ცაბუნიას შეყვარებული ჰყოლია…»

არც ქუჩაში ხელჩაკიდებული სეირნობისას ვიგრძნობ უხერხულობას იმიტომ, რომ არავინ შემომხედავს ზიზღით.

დედა, მე ჰეტეროსექსუალი ვარ! ამიტომ, არასდროს მომიწევს შენთან მოსვლა და ქამინგ აუთი, ვერც «კეთილისმსურველი» ახლობლებისგან გაიგებ ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და არც ვინმე წამოგაძახებს, რატომ შხამად არ გექცა ის რძე, რომლითაც პატარობისას გამომკვებე.

არც ამ ბლოგის წაკითხვის მერე დაგირეკავენ ახლობლები — შენს შვილს ეს რა დაუწერია, დაეტიოს თავის ტყავშიო. არც ვინმე დამიკომენტარებს, ნუ გვახვევ თავს შენს ორიენტაციას, ვინც გინდა იყავი, ოღონდ დაეტიე შენს საძინებელშიო.

მე პრივილეგია მაქვს, ამ წამსაც რიდისა და შიშის გარეშე ვისაუბრო ჩემს სექსუალობაზე. ჩემს მეგობრებს კი არ აქვთ…

იცი, რა რთულია ყოველ წამს აკონტროლო წარმოთქმული სიტყვები, მანერები, მზერა,სურვილები და ეს გრძელდებოდეს მთელი ცხოვრება? იცი, რა რთულია როდესაც ცხოვრებისთვის საძინებელს გისაზღვრავენ?

ჰოდა, მე ვბრაზდები. ვბრაზდები ყველაზე, ვინც ცდილობს რაღაც ჩარჩოებში მოგვაქციოს, იარლიყები მოგვაკრას და მერე ამ იარლიყების შესაბამისად მოგვექცეს. ვბრაზდები ჩემს თავზეც, როცა ვიაზრებ, როგორი პრივილეგირებული ვარ და სინდისის ქენჯნის გარეშე ვიყენებ ამ პრივილეგიას.

მე არ მინდა ამ ბრაზმა გადამიაროს. პირიქით, ბევრნი უნდა გავბრაზდეთ, მიუხედვად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, გავბრაზდეთ და ვთქვათ — სიყვარული სიყვარულია, მას სქესი და გენდერი არ აქვს!

ცაბუნია ვართაგავა

 

 

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.