სიძულვილის ენა – პრობლემურობა საგნმანათლებლო სივრცეში და მისი შედეგები მოწყვლადი ჯგუფებისთვის


სიძულვილის ენის გამოყენება ლახავს ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის უფლებებს; ხშირ შემთხვევაში, სიძულვილის ენად იქმნება ის, რაც კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანების იდენტობას განსაზღვრავს და ყალიბდება, რაღაც უცხო, ეგზოტიკური, რომელსაც შეგიძლია დასცინო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის გამოყენებითაც შეგიძლია, კიდევ უფრო გარიყო ის ჯგუფი, რომელიც ჩაგვრასა და/ან დისკრიმინაციას სისტემურად განიცდის.

ლგბტქი ჯგუფი საქართველოში მუდმივად განიცდის ჩაგვრას. ჩაგვრა ხდება ყველგან: საბაზრო შრომის დაწყებამდე და პროცესში, ქუჩაში, სახლში, საჯარო დაწესებულებებში, კლუბებში, საგანმანათლებლო სივრცეებში.

მედიის გავლენა სიძულვილის ენის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გავლენიან მედია საშუალებებს, რომლებიც პროდუქტს ქმნიან იმ მოტივით, რომ ის უმრავლესობამ მოიწონოს, მისთვის მისაღებად აღიქვას. უმრავლესობის ინტერესებზე ორიენტირებული მედია საშუალებები ქმნიან ლგბტქი ჯგუფის წევრების განყენებულ ხატს, რომელიც ჯგუფის წევრებს გვიჩვენებს, როგორც სადღაც, შორს მყოფ ჯგუფს; კავშირები, რომლებიც უმრავლესობას და უმცირესობას აერთიანებს იკარგება და, ნაცვლად ამისა, ჩნდება განცდა იმისა, რომ ,,თურმე არსებობენ’’, ,,თურმე ცხოვრობენ’’ ლგბტქი ჯგუფის წევრები. მაგალითად, ტრანსგენდერი ქალები, გავლენიან მედია საშუალებებში, წარმოადგენენ რაღაცა განსხვავებულის, ეგზოტიკურის, ლურსტრაციას. ჟურნალისტი გაოცებისგან პირდაღებული უყურებს და თან გაოცებული ეკითხება, ნუთუ მართლა ვერ შეძლებდა, რომ ბიოლოგიური სქესი მიეღო და მისი შესაბამისი როლური მოდელები ეთამაშა. ჟურნალისტი, ამას ეკითხება ისე, თითქოს ეს შეეძლო და განგებ არ გააკეთა; აუტკივარი თავი აიტკია, ეგოისტი იყო და რაც დათესა ის მოიმკო. მედია საშუალებებში მსგავსი საკითხების გაშუქება ასევე დაკავშირებულია ჟურნალისტის საუბრის ტონთან. ხშირად, საუბრის ტონი მკვეთრად ნეგატიურია, ხან – იკარგება ზღვარი ნეგატიურსა და შეცოდების ტონს შორის. მედია საშუალებები არ ითვალისწინებენ მრავალ ეთიკურ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებას იცავს და, ნაცვლად ამისა, აჟღერებენ ყველაფერს და ამას იმით ამართლებენ რომ ყველას ხმა უნდა ისმოდეს, ყველას უნდა ჰქონდეს მოსაზრების დაფიქსირების საშუალება. მაგალითად, ტერმინი პედერასტი, ხშირად გამოუყენებია გავლენიან სატელევიზო შოუებში ერთ-ერთ ქართველ მსახიობს და ამას არ მოჰყოლია რეაგირება ჟურნალისტის მხრიდან. მსგავსი ჰომოფობიური, ირონიული რიტორიკა ბევრია. სექსუალური იდენტობის გამომხატველი ტერმინები ხშირად ისმის ირონიული, დამცინავი, მკვეთრად ნეგატიური საუბრის ტონით.

სიძულვილის ენა ახდენს პრაქტიკულ ველზე ძალადობის სხვადასხვა ფორმის წახალისებას ლგბტქი ჯგუფის წევრების მიმართ. სიძულვილის ენის გამოყენებას იწყებენ ადრეული ასაკის ბავშვები, რომლებიც მჩაგვრელი სისტემის კვლავწარმოებას განაგრძობენ. ერთადერთი გამოსავალი, რაც ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს, არის განათლების მიღება და დასწავლილი მჩაგვრელი ქცევების გადააზრება.

საქართველოში განათლების მიღება პრივილეგიას წარმოადგენს. საინტერესოა, რა იდეების შენებას ხმარდება ის ფული, რომელსაც ყველა სტუდენტი ყოველწლიურად ვიხდით. დავიწყებ იმით, რომ ლექციებზე ყველა სტუდენტის აღქმა ხდება, როგორც ჰეტეროსექსუალის. საუბრები სექსუალობაზე, გენდერზე თითქმის არ არსებობს. ფაქტობრივად, განათლება არ აბანდებს ფულს იმაში, რომ ადამიანმა შეისწავლოს ის, თუ რა არის სექსუალობა, გენდერი და გაიგოს ე.წ სექსუალური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა და ის, რომ მათი არსებობის მოდუსი მთლიანად სტერეოტიპებთან არის დაკავშირებული.

როგორ მოქმედებს ეს პოტენციურ მჩაგვრელზე? ჰეტეროსექსუალი არასდროს დაფიქრდება იმაზე თუ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ იძალადებდნენ მასზე, არ აიყვანდნენ სამსახურში, ყველა აღიქვამდა როგორც მისტიკურსა და უცნაურს, ბევრი დამცინავად ხელს გაიშვერდა მისკენ, ოჯახიდან გააგდებდნენ, სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას სახელმწიფო წაართმევდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჰეტეროსექსუალია – ბიოლოგიურად ქალია და ბიოლოგიურად კაცის მოსწონს ან – პირიქით. ნაცვლად ამისა, პოტენციური მჩაგვრელი მიიღებს იმ პრივილეგიებს, რომლებსაც კაპიტალისტური, ჰეტეროსექსისტური, მასკულინური კულტურა სთავაზობს და დაიწყებს ,,დაშვებულია VS დაუშვებელია’’ პრინციპით სხვების ჩაგვრას; იმ სხვების, რომლებზე ინფორმაციაც მას არ აქვს. დაიწყებს ნორმისა და გადახრის პრინციპით ხელმძღვანელობას და რუტინულ პრაქტიკად აქცევს ე.წ არანორმატიულის ჩაგვრას.

როგორ მოქმედებს ეს ჩაგრულზე? ლგბტქი ჯგუფის წევრები განიცდიან იზოლაციას, დაუცველობის თანმდევ შიშს. ცხოვრობენ იმის განცდით, რომ ისინი არ მიიღეს, გარიყეს და მათთვის ადგილი უმრავლესობამ არ შემოინახა. მშობლები განაგრძობენ მათი შვილების სახლებიდან გაყრას მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შვილების სექსუალობა განსხვავებულია და ამ განსხვავებულობას უმრავლესობა არ მიიღებს. ამის პარალელურად, იწყება ბრძოლა. ბრძოლა თვითგადარჩენისა და უფლებებისთვის. დგება მომენტი, როცა შიში გვერდით ინაცვლებს, თუმცა არ ქრება.

ამის შემდეგ, გადავრთავთ რომელიმე არხზე, დავინახავთ სევდიან ჟურნალისტს, რომელიც გაოგნებული, საცოდავი სახით უყურებს ტრანსგენდერ, გეი, ბისექსუალ, ლესბოსელ, ქვიარ, ინტერსექს ადამიანს და გულში ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ეცოდება ამდენი ბრძოლის მიუხედავად. არავინ იტყვის იმას, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ, ყველა ვირჩევთ და რატომ ითვისებს იმ ხმებს, რომლებსაც ადამიანები მათი უფლებების დასაცავად აჩუქებენ.

 

გიგა კარაპეტიანი

 

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.