საქართველო აივ ინფექციის პრევენციისთვის ხანგრძლივი მოქმედების საინექციო მედიკამენტის, ლენაკაპავირის (Lenacapavir), დანერგვას გეგმავს. თავდაპირველად ინიციატივა საპილოტე ხასიათის იქნება და მასში ბენეფიციართა შეზღუდული რაოდენობა ჩაერთვება.
ლენაკაპავირი აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისთვის გამოიყენება და წელიწადში მხოლოდ ორ, ყოველ 6 თვეში ერთხელ ინექციას საჭიროებს. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მედიკამენტი აივ–ის ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკის (PrEP) საშუალებად 2025 წლის ივნისში დაამტკიცა, რასაც მაღალი ეფექტიანობის გამო საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი წინსვლა ეწოდა.
აივ ინფექციის პრეპი (PrEP) პრევენციის თანამედროვე და საიმედო მეთოდია. ახალ მედიკამენტამდე პრეპი მსოფლიოში რამდენიმე ფორმით იყო ხელმისაწვდომი: ვაგინალური რგოლები, 2 თვეში ერთხელ გასაკეთებელი საინექციო ფორმა და აბები, რომლებიც ყოველდღიურად ან საჭიროებისამებრ მიიღება.
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2017 წელს პრეპ-ის საპილოტე პროგრამა დანერგა. ამჟამად ქვეყანაში პრეპ-ის ადმინისტრირება მხოლოდ ტაბლეტირებული ფორმით ხორციელდება. ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა”, რომელიც პრეპ-ის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, აქტიურად აგრძელებს აივ ინფექციის პრევენციის ხელშეწყობას. დღეისათვის პრეპ-ის პროგრამაში 2 700-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.
პრეპ–ის სერვისით სარგებლობა სრულიად უფასო და ანონიმურია.
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.