„თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიური მოტივით თავდასხმის დაზარალებულს იცავდა


„თანასწორობის მოძრაობა” იცავდა დაზარალებულ მამაკაცს, რომელსაც თავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი სიძულვილის ნიშნით დაესხნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით 126-ე (ძალადობა), 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151–ე (მუქარა) მიმდინარეობდა. ორივე თავდამსხმელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მოგვიანებით საქმე მორიგებით დასრულდა და ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

შემთხვევა 2026 წლის 13 ივნისს მოხდა, თბილისის ცენტრში. დაზარალებულს ავტობუსში ორი მამაკაცი დაესხა თავს  — მათი აზრით, დაზარალებული მათ ვიდეოს უღებდა, რის გამოც სცადეს მისთვის ტელეფონის წართმევა. დაზარალებულმა წინააღმდეგობა გაუწია და ავტობუსიდან ჩავიდა, თუმცა ორივე კაცი თან გაჰყვა და თავს დაესხა. თავდამსხმელებმა პირს დაზიანებები მიაყენეს  თავის არეში, რა დროსაც ასევე იყენებდნენ ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის ენას.

თავდასხმის შემდეგ დაზარალებული ორგანიზაციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. ორგანიზაციის იურისტი მასთან ადგილზე მივიდა. რთული მდგომარეობის მიუხედავად, გარეგანი დათვალიერებით შეიმჩნეოდა დაბეჟილობები და სდიოდა სისხლი, პირი უარს აცხადებდა, როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებაზე, ისე პოლიციისთვის მიმართვაზე.

„თანასწორობის მოძრაობის” იურისტის სამართლებრივი კონსულტაციის საფუძველზე, მსხვერპლმა გადაწყვიტა მიემართა სამართალდამცავი უწყებისთვის. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დაზარალებული გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც თავის მიდამოში დაბეჟილობების მონიტორინგისთვის გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), გაუკერეს ტუჩი, სამედიცინო პერსონალმა კი პაციენტის კლინიკაში დილამდე დაყოვნება გადაწყვიტა.

სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ დაზარალებული პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა. საქმის დეტალების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. დანაშაულის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ამოღებულ იქნა ქუჩის კამერების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა. დაზარალებულმა ამოიცნო პოლიციის მიერ დაკავებული ორივე პირი. 

სასამართლო საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. 

თუ თქვენც გახდებით დისკრიმინაციისა და ძალადობისა მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, „თანასწორობის მოძრაოაბა” მზად არის გაგიწიოთ უფასო იურიდიული მომსახურება.