ლგბტ უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა – ამას ამბობს საერთაშორისო ქსელის, ილგა ევროპის, (ILGA-Europe) მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში და რუკა, რომელშიც ქვეყნები ქულების მიხედვითაა რანჟირებული.
2025 წლის მონაცემებით თანახმად, საქართველოს 12%-იანი მაჩვენებელი აქვს და 49 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა. საქართველოსთვის აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიული მინიმუმია ცისარტყელას რუკის (Rainbow Map) არსებობის ისტორიაში. საქართველოს პოზიცია შვიდი ადგილით გაუარესდა წინა წელთან შედარებით, რაც ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღებას უკავშირდება, რომელიც ლგბტქი თემის წევრების რეპრეზენტაციას კრძალავს.
ანგარიშის რეკომენდაციების თანახმად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ლგბტქი უფლებადამცველების უსაფრთხოება, მათ შორის ისეთი კანონების გაუქმებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას ზღუდავს.
რეკომენდაციის თანახმად, ასევე უნდა გაუქმდეს ანტი-ლგბტ კანონი, გენდერული თანასწორობისა და ლგბტი უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყონ, მათ შორის, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებით, რომლის გამოც ტერმინი „გენდერი“ არსებული დოკუმენტებიდან ამოღებულია.
კიდევ ერთი რეკომენდაციის თანახმად, ლგბტქი ორგანიზაციებს კანონმა ხელი არ უნდა შეუშალოს დაფინანსების მიღებაში, ფარას მსგავსი კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს, ისევე როგორც გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად მთავრობის თანხმობას საჭიროებს.
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.