ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან


ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, 22 იანვარს ,,თანასწორობის მოძრაობის”, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის”, ,,თბილისი პრაიდისა” და ,,თემიდას” და “ქვიარ ინიციატივის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კომისარმა შეშფოთება გამოხატა ანტი-ლგბტ, ე.წ. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის 2 დეკემბერს ამოქმედდა:

,,მართალია, კანონის აღსრულება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მისი გავლენა ადგილზე უკვე იგრძნობა, რაც ლგბტი ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობით ვლინდება, ამასთან ერთად, გაზრდილია შიში, რომ ისინი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები გახდებიან”.

კომისრის შეფასებით, კანონი შეუთავსებელია ადამიანის უფლებების დაცვის არსებულ სტანდარტთან და ადრეც აღუნიშნავს, რომ კანონი დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელია.

კანონი კრძალავს ლგბტი ადამიანების პოზიტიურ რეპრეზენტაციას ლიტერატურაში, კინოში და მედიაში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საჯარო შეკრებების დროს. კანონი ასევე კრძალავს გენდერის სამართლებრივ აღიარებას და გენდერის მარკერების შეცვლას სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში, მათ შორის, იმ დოკუმენტებში, რომლებიც საჭიროა პირის იდენტიფიცირებისთვის.

კანონი ასევე ითვალისწინებს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის, თუ ისინი ტრანზიციასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას გაწევენ.

კომისარმა შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შეზღუდვის გამოც, რომელიც მათ წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით და სტიგმის გამაძლიერებელი კანონმდებლობით ხორციელდება.