სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით


ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საჯაროდ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვანი ჩართულობის ფორმატი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ყველა ეტაპზე გამოხატავდნენ/გამოხატავენ მზაობას (დეტალურად იხ. ბმულზე), წვლილი შეიტანონ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ეს დასტურდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან 2023 წლის 28 თებერვლისა და 19 მარტის წერილობითი კომუნიკაციით. თუმცა, გვჯერა, რომ აღნიშნული ჩართულობა უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის თანმხლები პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მტრული პროცესების ინიცირების/წახალისების პარალელურად, ნებისმიერი ჩართულობა ფიქციური, მოჩვენებითია. ნიშანდობლივია, ასევე, ის, რომ თავად სტრატეგია დაინტერესებულ მხარეებთან ჯეროვანი განხილვის გარეშე დამტკიცდა.

ჩვენ გვჯერა, რომ ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი შექმნის უკეთეს სამოქმედო გეგმას, რომელიც სარგებელს მოუტანს თითოეულ ადამიანს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ზოგიერთი განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფი, მათ შორის ლგბტქი ადამიანები, და მათი საჭიროებები საერთოდ არ არის სტრატეგიაში ნახსენები.

ამასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისრის 2023 წლის 22 ივნისის ზეპირ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და განახორციელოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 31 ივლისს გამოვაქვეყნებთ მოსაზრებებს, რომელთა გათვალისწინებაც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

– შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემავიწროებელი პრაქტიკა და არ დაუპირისპირდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ ღირებულებათა წესრიგს;

– უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვანი ჩართულობის ფორმატი.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

2. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო

3. უფლებები საქართველო

4. ადამიანის უფლებათა ცენტრი

5. ღია სივრცე კავკასია (COS)

6. კანონის უზენაესობის ცენტრი

7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

8. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი

9. თანასწორობის მოძრაობა

10. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

11. თანასწორობა 17

12. ქვიარ ასოციაცია – თემიდა

13. ასოციაცია ანიკა

14. ასოციაცია ,,დეა””

15. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია

16. თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის

17. ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი

18. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია

19. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

20. სოლიდარობის თემი

21. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)

22. ა/ო „ვიმეგობროთ“

23. მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება საქართველო“