„ქართული ოცნება“ აგრძელებს სასამართლო კლანის ინტერესების დაცვას – კოალიციის განცხადება


 

საპარლამენტო უმრავლესობამ შეგნებულად უკვე ორჯერ შეუშალა ხელი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა. 18 აპრილის სესიისთვის 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. ხმათა ეს რაოდენობა საკმარისი იყო კომისიის შექმნისთვის. თუმცა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დეპუტატებმა კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს და შესაბამისად, კვორუმი (76 დეპუტატი) არ შედგა. იგივე მოხდა 19 აპრილის სხდომაზეც. უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ეს მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად” შეაფასა.

ე.წ. „სოლიდარობის აქტი” სინამდვილეში სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის – კლანის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. 5 აპრილს მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე და მათი ოჯახის წევრები დაასანქცირა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება”, სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.