პროკურატურამ მუქარის განმახორციელებელ “ალტ-ინფოს” წევრს ბრალდება წაუყენა


2022 წლის 5 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თანასწორობის მოძრაობას“ მომართა საქართველოს ანგლიკანური ეკლესიის პასტორალურმა ლიდერმა, რომელიც აცხადებდა, რომ მას ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ 2022 წლის 5 აგვისტოს ეპისკოპალური ეკლესიის პასტორალურმა ლიდერმა ანგლიკანური ეკლესიის ფეისბუქ გვერდზე განათავსა პოსტი, რომ მათ ეკლესიაში პირველად მოხდა ერთნაირ სქესიან წყვილთა შორის ქორწინება.  პოსტის განთავსებიდან რამდენიმე წუთში მას ტელეფონზე დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, აღნიშნული პიროვნება პოსტის კომენტარებშიც აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებსა და იმუქრებოდა როგორც ეკლესიის ასევე,  მრევლის სიცოცლის მოსპობით. გამომდინარე იქიდან, რომ მუქარის განმახორციელებელი არც ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დადგა, 2022 აგვისტოდან დღემდე ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი საცხოვრებელ სახლში აღავლენდა ღვთისმსახურებას.

2022 წლის აგვისტოდან დღემდე „თანასწორობის მოძრაობა“ აქტიურად იყო ჩართული გამოძიების პროცესში, უამრავი განცხადებისა და საჩივრის გაგზავნის შემდეგ 2023 წლის 14 მარტს მოხდა ანგლიკანური ეკლესიის პასტორალური ლიდერის დაზარალებულად ცნობა, ხოლო ერთი პირს (ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ წევრს) წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მუქარას გულისხმობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე მიმართვას აპირებს.