ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია მიიღო


ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის ქვეთავში, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ეხება, ევროპარლამენტი გმობს ლგბტქი ადამიანების მიმართ განგრძობად დისკრიმინაციას, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში; აგრეთვე, ულტრა-ნაციონალისტური სიძულვილის ჯგუფების მიერ ლგბტქი ადამიანების დევნას.

ევროპარლამენტი გმობს 2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას; აგრეთვე, ძალადობის ორგანიზატორების მიმართ არაეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.
ევროპარლამენტი საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებს:
– უზრუნველყოს ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების და ეთნიკური უმცირესობების, უფლებების დაცვა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტირება და ადამიანის უფლებების დარღვევებზე რეაგირება;
– მიიღოს 2021-2030 წლების ადამიანის უფლებების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლს დემოკრატიულ ზედამხედველობაში და მოუწოდებს ევროკომისიას, წევრს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს მათი შესაძლებლობები და ექსპერტიზა.
რეზოლუციის ტექსტს 608 რეგისტრირებული ევროპარლამენტარიდან მხარი 430-მა დაუჭირა.
რეზოლუციის ტექსტი ხელმისაწვდომია: hppt://bit.ly/3hqyJbU