სტრასბურგმა ტრანსგენდერი კაცების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო


2022 წლის 1 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა (WISG) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოებული სამი ტრანსგენდერი კაცის (ა.დ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ა.კ საქართველოს წინააღმდეგ და ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული სქესის/გენდერის აღმნიშვნელი ჩანაწერის შეცვლის სამართლებრივი პროცედურა ბუნდოვანია. კერძოდ, შიდა კანონმდებლობაში („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი) არსებული ნორმის მიუხედავად, სქესის/გენდერის აღმნიშვნელი ჩანაწერის შესაცვლელად აუცილებელი წინაპირობები განსაზღვრული არ არის. დამატებით, “შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა არ იძლევა რაიმე ზუსტ მითითებას სამედიცინო პროცედურების შესახებ“. შესაბამისად, „მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს უტოვებს, რაც გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადების განხილვისას თვითნებური გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს ქმნის“.

სასამართლო სახელმწიფოს მოუწოდებს უზრუნველყოს გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა.

დეტალური გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია:

https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-221237%22]}