დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა


2022 წლის 6 ნოემბერს 17 წლის არასრულწლოვანს ლ.ა-ს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცნობი პირი თავს დაესხა. თავდამსხმელმა ლ.ა-ს ჩაცმულობის გამო სიტყვიერი, ხოლო შემდგომში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა (არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით. 2022 წლის 9 ნოემბერს პოლიციამ ბრალდებული დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლ.ა-ს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, საქმეში გამოიკვეთა ჰომოფობიური შეუწყნარებლობის მოტივი. “თანასწორობის მოძრაობა” ლ.ა-ს სამართლებრივ ინტერესებს სამართალწარმოების ყველა ეტაპზე იცავს.

თუ საკუთარი გენდერული იდენტობისა ან/და სექსუალური ორიენტაციის გამო გახდით ძალადობის, დისკრიმინაციის მსხვერპლი ნებისმიერ სივრცეში (ქუჩაში, სამუშაო ადგილას, ოჯახში და სხვ.), თუ თქვენს მიმართაც მიმდინარეობს შანტაჟი, მუქარა, თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, უკანონოდ ილახება თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ასევე, სხვა შემთხვევაშიც, თქვენი, როგორც ლგბტ პირთა უფლებების რეალიზება უკანონოდ იზღუდება, ორგანიზაცია მზად არის გაგიწიოთ უფასო იურიდიული დახმარება, რაც გულისხმობს კონსულტაციების გაწევას, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებისა და ყველა ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე.

“თანასწორობის მოძრაობის” მისამართი: უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19, თბილისი.