ქამინგ-აუთის 6 ეტაპი


ქამინგ-აუთი მიღების, გაგების და საკუთარი ორიენტაციის/ იდენტობის დაფასების პროცესია. ის ორ ასპექტს მოიცავს: საკუთარი იდენტობის შეცნობას და მის გაზიარებას სხვებთან. ეს პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან პირიქით, ძალიან მოულოდნელი. მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ, ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში.

სექსუალობის სამეცნიერო კვლევის საზოგადოების და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი დოქტორ ვივიენ კასი კლინიკური ფსიქოლოგი და სექსუალური თერაპევტია. ის ამ სფეროში 30 წელზე მეტია მუშაობს. სწორედ ამ პერიოდში კასმა შეიმუშავა 6-ეტაპიანი პროცესის ამსახველი მოდელი, რომელსაც ინდივიდები გადიან, იქამდე, სანამ საკუთარ თავს დააიდენტიფიცირებენ ლესბოსელ, გეი ან ბისექსუალ ადამიანებად.

ეტაპი 1 – დაბნეულობა იდენტობაში
თქვენ იწყებთ ფიქრს, შეიძლება თუ არა რომ იყოთ ლესბოსელი, გეი ან ბისექსუალი. ამ ფიქრებსა და ემოციებს შორის, თქვენ ასევე შეიძლება განიცდიდეთ უარყოფას ან დაბნეულობას.
ეტაპი 2 – იდენტობის შედარება
ამ დროს ადამიანი უშვებს შესაძლებლობას, რომ შეიძლება იყოს გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალი და ფართოდ იკვლევს სავარაუდო შედეგებს, გარკვეულ წილად უშვებს შესაძლებლობას, რომ მას ეს შეიძლება არ ეხებოდეს. საკუთარ თავთან გაუცხოება ხშირად გადადის იზოლაციაში. ამ ეტაპის ამოცანაა გაუმკლავდე სოციალურ გაუცხოებას.
ეტაპი 3 -იდენტობისადმი ტოლერანტობა
მიმღებლობა და ტოლერანტულობა საკუთარი იდენტობის მიმართ იწყება და ნელ-ნელა იზრდება. დაბნეულობასა და სტრესი თქვენს სექსუალურ ორიენტაციასთან მიმართებაში მცირდება, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს იზოლაცია და გაუცხოება საზოგადოების მოლოდინების და თქვენი წარმოდგენის შეუსაბამობის გამო. ამ ეტაპზე, როგორც წესი, ხდება კომუნიკაციის დაწყება სხვა ლგბ თემის წევრებთან.
ეტაპი 4 – იდენტობის მიღება
ამ ეტაპზე ადამიანი იღებს საკუთარ თავს და უკვე დადებით კონოტაციას ანიჭებს მის იდენტობას და მის გარშემო კითხვების უმეტესობაზე პასუხი უკვე ნაპოვნი აქვს, ასევე ლგბ თემთან და კულტურასთან კომუნიკაცია იზრდება.

ეტაპი 5 – იდენტობით სიამაყე
ამ ეტაპზე უკვე გრძნობ სიამაყის გრძნობას, რომ ლგბ თემის ნაწილი ხარ და მოიაზრებ საკუთარ თავს ლგბ კულტურის ნაწილად. ამასთან ერთად, ნაკლები კონტაქტი გაქვს ჰეტეროსექსუალ საზოგადოებასთან. ზოგჯერ შეიძლება მათ მიმართ ბრაზს ან უარყოფასაც გრძნობდე.

ეტაპი 6 – იდენტობების სინთეზი
ადამიანი ინტეგრირებას ახდენს საკუთარ სექსუალურ იდენტობას მისი პიროვნების სხვა ასპექტებთან და სექსუალური იდენტობა მხოლოდ ერთი ასპექტი ხდება.

აქვე, გაითვალისწინეთ, რომ ქამინგ-აუთი საკუთარ თავთან თუ სხვებთან ძალიან მნიშვნელოვანი პირადი გადაწყვეტილებაა და არ არსებობს კარგი ან ცუდი გზა ამის გასაკეთებლად. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და იმ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე, ვისაც გსურთ გაუზიაროთ. ვისაც გსურთ ქამინგ-აუთი, მნიშვნელოვანია შეაფასოთ ვინ გიჭერთ მხარს და გამხნევებთ ცხოვრებაში, რომ ნაკლებად იგრძნოთ თავი მარტო, რაც სრულიად განსხვავებული გამოცდილება იქნება. გაზიარებას თუ გეგმავთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
• დაგეგმოთ წინასწარ – მნიშვნელოვანია წინასწარ წარმოიდგინოთ, რისი თქმა გსურთ და წარმოიდგინოთ რა რეაქცია ექნებათ მათ ამაზე. შესაძლოა ნიადაგი წინასწარ მოსინჯოთ და დაუსვათ კითხვები : მაგალითად, რას ფიქრობენ რომელიმე ლგბტქი+ ცნობილ ადამიანზე.
• შეაფასოთ გარემოება – ქამინგ- აუთისთვის არ არსებობს სწორი დრო და ლოკაცია, თუმცა ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია ორივე შეარჩიოთ ისე, რომელიც თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება.
• მიიღოთ მხარდაჭერა – მნიშვნელოვანია იფიქროთ, იმ ადამიანებზე, რომელიც მუდამ თქვენთან იქნებიან და მხარს დაგიჭერენ ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, კურსელები ან სხვა თემის წევრები. მნიშვნელოვანია, რომ მათი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

მალასა მომზადებულია თანასწორობის მოძრაობის მიერ შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

სტატია: ფიქრობთ ქამინგ აუთს?, ვაშინგტონის უნივერსიტეტი
https://www.washington.edu/counseling/thinking-of-coming-out/
ჰენდბუქი: ქამინგ-აუთი, ჰენდბუქი ახალგაზრდა ლგბტქი ადამიანებისთვის.
https://www.thetrevorproject.org/wp-content/uploads/2019/10/Coming-Out-Handbook.pdf