“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის მიმართ ძალადობის საქმეზე


“თანასწორობის მოძრაობა” ეხმიანება 2022 წლის 24 იანვარს გავრცელებულ კადრებს, რომელიც პოლიციის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე ძალადობას ასახავს. 

საგანგაშოდ მიგვაჩნია, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მოქალაქეებზე ძალადობის პრაქტიკა. უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები არა ინდივიდუალურ გადაცდომაზე, არამედ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს. სამწუხაროდ, სამართალდამცავი სისტემის ჩაკეტილობის, ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და პრევენციის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობის გამო, ძალადობის შემთხვევები უმეტესად უხილავი რჩება. საჯაროდ გავრცელებულ შემთხვევებს კი მხოლოდ კონკრეტული პირების ფორმალური პასუხისმგებლობა მოჰყვება

არსებული პრაქტიკა ნათლად მიუთითებს სამართალდამცავ უწყებებში რეალური რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე. სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო ზრუნვის, სოლიდარობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება. ნაცვლად ამისა, ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად თავად ახალისებს ძალადობას, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე. საპოლიციო რეჟიმი პოლიტიკური ძალის ერთადერთ დასაყრდენად იქცა, რომელიც ძალაუფლებას რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებით ინარჩუნებს. სამართალდამცავი უწყებების მზარდი ძალაუფლება ხშირად მოქალაქეების კონტროლის, დაშინებისა და მიყურადების ინსტრუმენტად გამოიყენება. 2022 წლის 25 იანვარს მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს რეალური ცვლილებების გატარების პოლიტიკური ნების არარსებობაზე.

ამ ვითარებაში შემაშფოთებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება. რეფორმის დაჩქარებულად, გაუმჭვირვალედ, ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობის გარეშე განხორციელება ემსახურება არა სამსახურის კომპეტენციების ინსტიტუციურ გამიჯვნას და გაძლიერებას, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების შესუსტებას. რეფორმა აჩენს რეალურ ეჭვებს, რომ მომავალში სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები ფორმალური რეაგირების გარეშე დარჩება. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, 2022 წლის 24 იანვარს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროულ, ეფექტიან, გამჭვირვალე გამოძიებას. აუცილებლად მიგვაჩნია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას მუდმივად მიაწოდონ განახლებული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და გატარებული ზომების შესახებ.  

გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ უწყებებში რეალური ინსტიტუციური რეფორმის გატარება, რომელიც სისტემის ანგარიშვალდებულებას და სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტების პრევენციას უზრუნველყოფს.