ავტორი: გურამ მაცხონაშვილი
გ რ ე ხ ი — უპატიებელი საქციელი, სასირცხვო საქციელი. ცოდვა. ძირითადად გამოიყენება რაიმე სათაკილოს აღსაწერად
ერთმა დანიელმა ბალეტმეისტერმა მოგვიყვა (კარგი და ბავშვმრავალი სასწავლებელი აქვთ იქ), კანონდარღვევით, 9-10 წლის ასაკში აგვყავს ბავშვები საბალეტო სკოლაში (კანონით 11 წელია განსაზღვრული) იმიტომ რომ, ამ ასაკში ბიჭები ჯერ კიდევ უჯერებენ მშობლებს, მერე უკვე ფეხბურთი ურჩევნიათ და დაგვიანებული იქნებაო.
***
ამ ვერსიაში, რომელიც არ არსებობს და რომელიც არ მომხდარა, ვახტანგ ჭაბუკიანი მოცეკვავე არ არის. ამ ვერსიაში, რომელიც არ მომხდარა, ვახტანგ ჭაბუკიანი ფეხბურთელია.
და სართოდ, ამ ვერსიაში ჭაბუკიანი მაგარი კაცია. სანქტ-პეტერბურგში კი არა, მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობს. “ჟიზელში” კი არა, გერმანელი მწვრთნელის ტაქტიკურ მონახაზებში მოძრაობს. ნახევარმცველების წინ და თავდამსხმელების უკან, ათ ნომერზე.
ერთი, რაც ამ ვერსიაშიც, რომელიც არ მომხდარა და იმ ვერსიაშიც, რომელიც მოხდა, საერთოა, არის ის, რომ ჭაბუკიანი აქაც და იქაც ფლეიმეიქერია. ეგეთი იყო. თამაში მის გარშემო ეწყობოდა. სხვანაირად არ გამოდიოდა. ნამდვილი ათიანი. ნამდვილი ვარსკვლავი.
ჭაბუკიანი ამ ვერსიაშიც ჯანმრთელია. ჯანმრთელია ჭაბუკიანის:
გული
კუჭი
ღვიძლი
თირკმელი
ელენთა
ფილტვები
ძვლები
ხერხემალი არის ლარივით სწორი. ძაან. ძაან სწორი.
ჭაბუკიანს არც ამ ვერსიაში არ აქვს:
გულის იშემიური დაავადება
ჰიპერტენზია
კუჭის წყლული
ღვიძლის დისტროფია
სქოლიოზი.
ის არის ჯანმრთელი. ბრგე. “კაცი მშვენიერად მაღალი. ტანოვანი. კაცი მიუწვდომელი”
“და დავინახეთ, როგორ აფრინდა მაღლა, ცაში – მისი სხეულის რკალი ღამის ცის ფონზე სულ ზევით და ზევით და ზევით.”
ამ ვერსიაში ჭაბიკიანმა ქართველი მაყურებლისგან კიდევ უფრო მეტი ტაში მიიღო. მაგარი ტაში. ძაან. ძაააააან. ძაააააააააააააააან. ძაან მაგარი ტაში.
ამ ვერსიაში ჭაბუკიანი უფრო კაცური კაცია. ძაან კაცური. ძაან. ძაააან. ძააააააან. ძაააააააააააააააან. ძაან მაგარი კაცური.
ჭაბუკიანი მაგარი კაცია. “რაღაცნაირად მყარად დგას ფეხზე. ფესვებს არ კარგავს.”
მაგრად თამაშობს ფეხბურთს. მაგრად უყვართ სამშობლოში. ძაან. ისე თამაშობს, გასულელება შეიძლება.
ამ ვერსიაში, სადაც ჭაბუკიანი ბალეტის ნაცვლად ფეხბურთზე შეიყვანეს, ის გეი არ არის. იმიტომ რომ საბალეტო ჩუსტების ნაცვლად ფეხზე ბუცები აცვია, იმიტომ რომ, ოტელო არ იცეკვა, იმიტომ რომ, საერთოდ არ იცეკვა. იმიტომ რომ, პარტნიორობას ვერა წიგნაძე კი არა, მიხეილ მესხი უწევს.
ამ ვერსიაში, რომელიც არ მომხდარა, ჭაბუკიანის გარშემო აღარ ისმოდა სიტყვები:
სვერკა
პარიადაკი
პადძერჟკა
ვრაშენიები
ლევშა
ბალეტკები
ტაჩილკა.
ამ ვერსიაში, რომელიც არ მომხდარა, ჭაბუკიანის გარშემო ისმოდა სიტყვები:
უგლავოი
ნავესი
უდარი
ზამენა
ასტავნოი
სუდია.
***
საქართველოში დრამატულად იკლო ბიჭების რაოდენობამ, რომლებიც მშობლებმა ბალეტზე შეიყვანეს. ახლა “ორმოც გოგოზე საშუალოდ ერთი ვახო” მოდის და ეს ასეა დაახლოებით იმ პერიოდიდან, როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი და პალაჟენია კანონიერმა ქურდებმა დაალაგეს. ქართველი ბიჭი ბალეტზე – აქ რაღაც ისე ვერაა. ეს უკვე კულტურული ავარიაა. ეს უკვე ტეხავს. ძაან. ძაააან. ძააააააან. ძააააააააააააან. მართლა მაგრად ტეხავს.