“თანასწორობის მოძრაობა” ეხმიანება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წევრების, აქტივისტების, ჟურნალისტების, მაღალი სასულიერო იერარქებისა და მოქალაქეების შესაძლო ფარულ თვალთვალს უკავშირდება.
მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასაჯაროვებული დოკუმენტები შეიცავს ცნობებს პირადი ცხოვრების, საქმიანობის, გადაადგილების, სხვადასხვა პირთან საქმიანი თუ პირადი კომუნიკაციის შესახებ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გავრცელებული მასალა მოიცავს დეტალურ პირად ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას იდენტობის, საცხოვრებელი ადგილის, პირადი/ტელეფონის ნომრის თაობაზე. ჩანაწერები წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების გასაჯაროების და იძულებითი ქამინგ-ააუთის შემთხვევას.
ბოლო წლებში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თუ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისა და გასაჯაროების პრაქტიკა ადამიანების ტოტალური კონტროლის, დაშინების, შანტაჟისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მექანიზმად გამოიყენება. სამწუხაროდ, სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთ შემთხვევაზე არ მოუხდენიათ სათანადო რეაგირება, რაც სრულიად არყევს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასეთი გამოცდილების გათვალისწინებით, შეუძლებელია საზოგადოებას ეფექტიანი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების მოლოდინი ჰქონდეს.
მიგვაჩნია, რომ 13 სექტემბერს გავრცელებული მასალები წარმოადგენს არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის უხეშ შემთხვევას, არამედ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მასალებში ხსენებული ადამიანების საქმიანობას და ფიზიკურ უსაფრთხოებას.
ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:
მედიასაშუალებებს:
- საკითხის გაშუქებისას იხელმძღვანელოს მაღალი ეთიკური სტანდარტებით;
- პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯარობებისას მოერიდოს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოყენებას.
საქართველოს პარლამენტს:
- დაუყოვნებლივ გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის მექანიზმი.