“შემოქმედება თანასწორობისთვის” – თანასწორობის მოძრაობის პროექტი ლგბტქი თემის გასაძლიერებლად


“თანასწორობის მოძრაობა”  ახორციელებს პროექტს “შემოქმედება თანასწორობისთვის”, რომლის მიზანია გააძლიეროს ლგბტქი თემი და დაამსხვრიოს ქვიარ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპები ხელოვნების დახმარებით. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია, რომ გააძლიეროს ლგბტქი და ლგბტქი თემისადმი მხარდამჭერი ხელოვანები ან შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ლგბტქი თემის მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შექმნისთვის შეიტანენ წვლილს.

პროექტის მიზანია, რომ ყურადღება გამახვილდეს ინდივიდუალურ ისტორიებზე; როგორ დაიძლევა წინაღობები, რომელსაც ლგბტქი თემი აწყდება. პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს ლგბტქი თემის ხილვადობა, რათა აამაღლოს ცნობიერება, განათლების დონე.

პროექტის ფარგლებში გაიცემა ოთხი სასტიპენდიო გრანტი არტისტებისთვის, რომლებიც შექმნიან ლგბტქი თემატიკაზე შემოქმედებით ნამუშევრებს.

  1. We are who we are

We are who we are ნათელა გრიგალაშვილისა (ფოტოგრაფი) და მირა გრიგალაშვილის (პროექტის მენეჯერი) ფოტო პროექტია, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდებით 15 ტრანსგენდერის პირად ამბებს მოგვითხრობს. ესაა მცდელობა, ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს ამ ადამიანთა სიხარული, მწუხარება, შიში, იმედები – ყველაფერი ის, რაც ხშირად, სტერეოტიპებისა და მცდარი შეხედულებების წყალობით, იგნორირებული და უგულებელყოფილია. საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

გენდერული იდენტობისა და ორიენტაციის გამჟღავნება, როგორც ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, ასევე, ზოგადად ლგბტ თემის სხვა წარმომადგენელთათვისაც, ხშირად მარტოობას, ოჯახისგან გარიყვას, საზოგადოებისგან მუდმივ ძალადობასა და დისკრიმინაციას ნიშნავს. გარდა მუდმივი ეკონომიკური პრობლემებისა, გენდერული იდენტობა მარგინალიზაციის მუდმივ საფუძველს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თემსა და საზოგადოებას შორის არსებულ უფსკრულს, რის პარალელურადაც, სისტემის მიერ უგულვებელყოფა და ხშირად ბარიერების შექმნა ტრანს* თემს კიდევ უფრო ჩაკეტილს და იზოლირებულს ხდის.

პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის გაცნობა, შესწავლა და მათ შესახებ ისტორიების მოყოლა ფოტოსა და ტექსტის საშუალებით.

2. რადიოპიესა

დრამატურგი ლაშა შანიძე შექმნის მცირე ზომის, 40-45 წთ ქრონომეტრაჟის მქონე მხატვრულ ტექსტს, რომელიც ინსპირირებული იქნება თემის წევრების რეალური ამბებით, ხშირად სასტიკი და დაუჯერებელი მოცემულობებითა და ისტორიებით.

ტექსტს ექნება მონოპიესის სახე და აიგება ერთი პერსონაჟის ირგვლივ. პიესას, თავისი კლასიკური გაგებით, პიესად რომ იქცეს და არ დარჩეს უბრალოდ ჩანახატად ფურცელზე ან მოთხრობად, ჭირდება მსახიობი და მაყურებელი. პანდემიური მოცემულობა გვკარნახობს რომ მაყურებელი მსახიობს შეხვდეს ონლაინ არხების მეშვეობით და არაპირდაპირ. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ გარემოებებით ნაკარნახევი გამოსავალი არაა და სრულად მოდის თანხვედრაში ჩანაფიქრთან, გადაწყვეტასთან და ფორმასთან. თემის წევრები ხშირად უჩინარები არიან დანარჩენი საზოგადოებისთვის და თუ ისინი სადმე ახერხებენ არსებობას და საკუთარ თავად ყოფნას, ეს ონლაინ სივრცეა. ამიტომ ახლაც პიესის პერფორმატიული ნაწილი მთლიანად დაეყრდნობა ხმას და კიდევ ერთხელ შეახსენებს მაყურებელს, რომ იმ სამყაროში რომელზე პასუხისმგებლობის რაღაც წილი მათაც აქვთ, ვიღაცები ნახევრად არსებობენ და უჩინარები არიან. 

“ესაა ერთგვარი ცნობიერების ნაკადი, რომელიც აბსოლუტური გულწრფელობით გადმოსცემს ყველა იმ შიშს, სისუსტეს, გარემო პირობებისგან გამოწვეულ მენტალურ არამდგრადობას, წნეხს, სიცარიელეს და ბუნდოვან მომავალს, რაც ერთ კონკრეტულ ქვიარ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ იქნება პიესა, რომელსაც მსახიობი სცენაზე ითამაშებს. ამ შემთხვევაში ჩემი სურვილია, რომ საკონტაქტო მედიუმი პერსონაჟსა და პირობით აუდიენციას შორის იყოს მხოლოდ ხმა. შესაბამისად, იდეის განხორციელების შემთხვევაში პროდუქტი იქნება რადიოსპექტაკლი”, – მოგვითხრობს ლაშა შანიძე. 

3. 7 ისტორია

პროექტის კიდევ ერთი მედიაპროდუქტი არის 2 წუთისა და 30 წამის ხანგრძლივობის ვიდეოები 7 ისტორიაზე. იდეას განახორციელებენ გიორგი ურუშაძე (არტ დირექტორი), ხატია მაღლაკელიძე (ვიდეოგრაფი), ზაქარია ჭელიძე (ფოტოგრაფი). 

ლგბტქი დროშის 7 ფერი და 7 განსხვავებული ისტორია, სადაც აქცენტი კეთდება ადამიანზე, არა იმიტომ რომ ის თემის წარმომადგენელია, არამედ იმიტომ რომ ის შედგა და მას სათქმელი აქვს. მას უნდა ისაუბროს საკუთარ წარმატებებზე, პრობლემებსა და პერსონაზე. ეს იქნება, ერთგვარი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთობლიობა. 

4. ქუჩის ხელოვნება – ლგბტქი თემის გამოწვევები

პროექტის ფარგლებში, არტისტი David Kelber შექმნის ლგბტქი თემისათვის საქართველოში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ამსახველ კომპოზიციებს.  პროექტის ფარგლებში, ყველა ილუსტრაციას ნაცრისფერი ხელები აერთიანებს, რაც სიმბოლურად ჰომოფობიურ გარემოს გამოხატავს. ილუსტრაციები გავრცელდება როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე მათი საბოლოო ფორმა აისახება ლგბტქ+ თემის მხარდაჭერი ფრესკით თბილისის ერთ-ერთ ან რამდენიმე ქუჩაზე.