თანასწორობის მოძრაობამ ახალი გამგეობა აირჩია. უპირველესად, მადლობას ვუხდით თითოეულ აქტივისტს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენთვის ნაცნობია დღეს საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების პრობლემები და საჭიროებები. ასეთ რთულ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა თანასწორობისთვის ბრძოლა.
საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, დღეს არაორდინალური გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ და თანმხლებმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა ერთი მხრივ სოციალური უთანასწორობა, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაციის და დაყოფის ხანგრძლივი პროცესი. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელთა მიზანი სწორედ საზოგადოების გახლეჩვის გზით მის სხეულზე სრული კონტროლის მოპოვებაა.
ამ უთანასწორობასა და პოლარიზაციას, რომელიც დამანგრევლად მოქმედებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და ქვეყნის განვითარებაზე, ღრმა კულტურული და ეკონომიკური საფუძვლები აქვს. მის დასაძლევად კი წარსულში დაშვებული შეცდომების გააზრება მნიშვნელოვანია.
ჩვენი პერიოდული სიჩუმის მიუხედავად, ქვიარ აქტივისტებს გვახსოვს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ყველანი დემოკრატიული, თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობის რთულ პროცესში ჩავერთეთ. უამრავი დაბრკოლების, ძალადობის, დარბევისა და რეპრესიების მიუხედავად, ამ გზისთვის არასდროს გადაგვიხვევია და არ დაგვიკარგავს იმედი, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით შევძლებთ ისეთ საზოგადოებად ჩამოყალიბებას, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების ფუნდამენტური უფლება დაცული და გარანტირებული იქნება.
დღევანდელი სოციალური და დემოკრატიის კრიზისის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ და ვთხოვთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომ არ დავკარგოთ ეს იმედი, არ დავთმოთ სამართლიან და თანასწორ გარემოში ცხოვრების მიზანი ნიჰილიზმის სასარგებლოდ.
გვესმის, რომ უთანასწორობამ, სიღარიბემ და უმუშევრობამ, ძალადობამ და რეპრესიებმა საზოგადოების დიდ ნაწილს ამ მიზნისკენ მამოძრავებელი ძალა და იმედი წაართვა. ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის გადარჩენის გზად ქვეყნიდან ემიგრაცია იქცა, აქ დარჩენილები კი რეპრესიული კულტურის ნაწილი გავხდით. ჯაჭვი, სადაც დამნაშავე მხოლოდ მოქალაქეა, ხოლო მსაჯული – ძალაუფლების მქონე, არ სცნობს საზოგადო პრობლემებს და მათი მოგვარების ჰუმანურ გზებს. ამ სადამსჯელო მექანიზმს, სადაც კეთილდღეობა მმართველთა მცირე ჯგუფის ექსკლუზივია, არსებობისთვის სწორედ მოქალაქეთა დაყოფა, საზოგადოების ფრაგმენტაცია სჭირდება.
გვჯერა, რომ კრიზისის დაძლევა მხოლოდ ჩვენი ძალებისა და ცოდნის გაერთიანებითაა შესაძლებელი. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გონივრული ორგანიზება და პირდაპირი მოქმედება, რათა ხანგრძლივი ბრძოლით, შრომითა და თანამშრომლობით, შეთანხმებითა და ურთიერთპატივისცემით შევძლოთ თავისუფალ, თანასწორ, სოლიდარულ და დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბება.
პატივისცემითა და იმედით,
თანასწორობის მოძრაობის გამგეობა
გამგეობის წევრები:
- ალექსანდრე წერეთელი
- გიორგი კიკონიშვილი
- ლიკა ჯალაღანია
- ნაჯა ორაშვილი
- ნატა ტალიკიშვილი
- ნინიკო რობაქიძე