ორშაბათიდან, 25 ოქტომბრიდან, PrEP/არვ მომხმარებლებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასო იქნება.
გრიპის გამომწვევი ვირუსის 4 სახეობა არსებობს: A, B, C და D. ადამიანის გრიპის ვირუსის A და B შტამები. სწორედ ზემოაღნიშნული 4 შტამიანი აცრის გაკეთება უკვე შესაძლებელია პირებისთვის, ვინც ჩართული არიან პრე-ექსპოზიციურ პროფილაქტიკაში ან/და არვ მკურნალობაში.
რა ვაქცინით მიმდინარეობს აცრა?
ვაქცინა ოთხვალენტიანია ანუ მოიცავს A გრიპის ორ ტიპსა და B გრიპის ორ ტიპს. ინფლუვაკის შემადგენლობა უშუალოდ 2019-2020 წლების სეზონური გრიპისთვის არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
გვერდითი ეფექტები
სეზონური გრიპის აცრის შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს უმნიშვნელო თავის ტკივილი, ოფლიანობის მომატება, ცხელება, ზოგადი სისუსტე, დაღლილობის განცდა — თითოეული შესაძლო გვერდითი ეფექტი მაქსიმუმ ორ დღეში გაივლის ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე. ასევე შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია: ნანემსრის ირგვლივ სიწითლე, ტკივილი, შესიება. უმრავლეს შემთხვევაში ინფლუვაკს გავლენა არ აქვს ავტომობილის მართვისას მძღოლის რეაქციაზე. ძალზე იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია რეაქციის უმნიშვნელო შენელება.
როდის არ შეიძლება გრიპის აცრის გაკეთება?
გრიპის აცრა არ კეთდება იმ შეთხვევაში, თუ მის შემადგენელ კომპონენტებზე ადამიანს ალერგიული რეაქცია აქვს. ვაქცინაცია არ კეთდება მწვავე ინფექციური დაავადებებისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის არსებობის პირობებში
უსაფრთხოა თუ არა აცრის გაკეთება?
გრიპის აცრა სრულიად უსაფრთხოა! მის მიერ მოტანილი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის შესაძლო გვერდით ეფექტებს.
სად შეიძლება აცრის გაკეთება?
თუკი უკვე ჩართული ხართ პროგრამაში, ეწვიეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს. თუკი ჯერ კიდევ არ ხართ ჩართული პროგრამაში, გვეწვიეთ ოფისში : უ. ჩხეიძის ქუჩა #19 ან ჩაეწერეთ ვიზიტზე: https://calendly.com/prepge/1?month=2020-10