უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ, საკომიტეტო მოსმენისას, განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალისა და კაცის კავშირად განმარტება, არ იყო აუცილებელი.
“მე ვფიქრობ, ადამიანის უფლებების ნაწილში, პირადად ჩემი შეხედულებით, ადრე როგორც ქორწინების დეფინიციას… კონსტიტუციით ამ სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტის ამ ხარისხში აყვანა არ იყო აუცილებელი. იმიტომ რომ არათუ განვსაზღვრავთ პირებს ვისთან ურთიერთობაც შეგვიძლია, სამოქალაქო სამართლის ყველა პრინციპის გამტარებელი ინსტიტუტია, არამედ შეგვიძლია ხელშეკრულებაც დავდოთ ხომ ამ ადამიანებთან. მე როგორც ცივილისტი ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა კონსტიტუციაში ჩაწერისა არ იყო”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნული პარლამენტარ სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განმარტა.
“თქვენი აზრით, ამ [ახალ] კონსტიტუციაში რა შეიცვალა უარესობისკენ, თქვენი როგორც იურისტის შეფასება, ან რა შეიძლება ყოფილიყო უკეთ, მაგრამ ასე არ იქნა ასახული”, – ჰკითხა სერგი კაპანაძემ.
ალექსანდრე წულაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. იგი პროფესიით იურისტია, ეწევა საადვოკატო საქმიანობას, არის ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე.