პოლიციის ცნობით, 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ. ყ.-ს. მუქარა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უ.ყ.-ს ქვიარ თემთან დაკავშირებულ ერთერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნული მუხლის დარღვევა შეიძლება დაისაჯოს ქვევით ჩამოთვლილთაგან ერთერთი სანქციით:
- ჯარიმით;
- ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე;
- ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე;
- ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
შსს-ს ცნობით, საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხეს ინციდენტის შემსწრე ყველა პირი, ხოლო საქმეზე გრძელდება გამოძიება.