რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) 2019 წლის 5 მარტს გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა (CRI(2019)4) [1] საქართველოს მიმართ 2016 წლის 1 მარტის ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, სადაც კომისია სახელმწიფოს მხრიდან ორი ფუნდამენტური მნიშვნელობის რეკომენდაციის იმპლემენტაციას აფასებს.
კომისია პირველ რიგში ეხმიანება მის მიერ მონიტორინგის მეხუთე ციკლის[2] ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციას, სადაც ის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას შეექმნა სპეციალიზებული უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეშ, რომელიც იმუშავებდა რასობრივ და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე. კომისიის რეკომენდაციით, აღნიშნული უწყების შექმნა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სახალხო დამცველის, რელევანტური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. კომისიის მიხედვით, აღნიშნული რეკომენდაცია სახელმწიფომ ნაწილობრივ შეასრულა.
რეკომენდაციის შესრულებასთან მიმართებით, ევროპული კომისია დადებითად აფასებს 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას, რომელიც მონიტორინგს უწევს სხვა დანაშაულებთან ერთად, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას, ახდენს ხარვეზების იდენტიფიცირებასა და სთავაზობს გამოსწორების გზებს. თუმცა, კომისია აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება ამ ეტაპისთვის ადრეა. ამასთანავე, კომისიის მიხედვით, შექმნილი დეპარტამენტი არ წარმოადგენს სპეციალიზებული საგამოძიებო უწყების შემცვლელს პოლიციის სისტემაში, როგორც ამას ECRI-ს რეკომენდაცია უთითებდა, რადგანაც ახალი დეპარტამენტი შეიქმნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საზედამხედველოდ და არა მის საწარმოებლად. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს სამართალდამცავ დონეზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების გაძლიერებისთვის მიზანმიმართულ ძალისხმევას. თუმცა, ECRI შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე სპეციფიკურად 40 პოლიციის მუშაკის გადამზადებას დადებითად მიიჩნევს და სახელმწიფოს მოუწოდებს ამ მიდგომის გაგრძელებისა და გაძლიერებისკენ.
რასიზმისა და შემწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დასკვნა ეხმიანება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვასა და კრიტიკას სპეციალიზებული უწყების შესახებ. ახალი დეპარტამენტის შექმნა და დისკრიმინაციულ დანაშაულებთან ბრძოლის ინსტიტუციონალიზება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, იმის გამო, რომ შსს-ს სისტემაში მიკრო საპოლიციო დონეზე რეაგირების და გამოძიების სპეციალიზებული სამსახურები არ არსებობს, კონკრეტულ საქმეებში ეფექტიანი გამოძიებისა და მსხვერპლის დაცვაზე ორიენტირებული საპოლიციო სერვისის მიღება კვლავ გამოწვევად რჩება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შსს-ს და ზოგადად მთავრობას დისკრიმინაციულ დანაშაულებთან ბრძოლაში შესამუშავებელი აქვს სისტემური პრევენციული პოლიტიკები, რომელიც ერთის მხრივ, მსგავსი ტიპის დანაშაულების სტრუქტურული მიზეზების შესწავლასა და გარდაქმნაზე იქნება ორიენტირებული და მეორეს მხრივ, მსხვერპლების ყოვლისმომცველ სოციალურ და სამართლებრივ დაცვაზე.[3]
ამასთან, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა დიდ ნაწილში (რელიგიური, რასობრივი, ჰომო/ტრანსფობიური, გენდერული და სხვ.) კვლავ პრობლემად რჩება მოტივის სათანადო გამოკვეთა და მისი ადეკვატური ასახვა საპროცესო დოკუმენტებში, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და მსხვერპლზე ორიენტირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელება. აღნიშნულს ხელს უწყობს, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მსხვერპლთა მიმართვიანობის მწირი მაჩვენებელი, რაც დაკავშირებულია სამართალდამცავი სისტემის მიმართ არსებულ დაბალ ნდობასთან და მეორადი ვიქტიმიზაციის რეალურ რისკებთან.
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სათანადო რეაგირებას ასევე უშლის ხელს დანაშაულთა და ინციდენტთა არასახვა ან/და არასათანადო ასახვა სახელმწიფოს ოფიციალურ სტატისტიკაში, დღეს არსებული მდგომარეობით, შსს, პროკურატურა და სასამართლოები დამოუკიდებელ სტატისტიკას აწარმოებენ, რომლებიც არ არიან ერთმანეთთან ინსტიტუციურ თანხვედრაში, რაც ხელს უშლის არსებული რეალობის სიმწვავის ჩვენებას, რაც თავის მხრივ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან განგრძობადი ბრძოლისა და სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის დაგეგმვისათვის არსებით ბარიერს წარმოადგენს.
ECRI-ს შუალედური შეფასებების გათვალისწინებით, მიიჩნევთ, რომ დისკრიმინაციულ დანაშაულებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეფორმები და მისი შედეგები სათანადო ანალიზს და კვლევის საფუძველზე პოლიციის მუშაობის უკეთესი ორგანიზების და ინსტიტუციონალიზების სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
[1]იხ:https://rm.coe.int/ecri-conclusions-on-the-implementation-of-the-recommendations-in-respe/1680934a7e?fbclid=IwAR3LpX9rD6dS9J8MZwZ-ZGq_eS0LDaRrVYO8kxFPR6gnTKU7D04r_czH3yA
[2]იხ: https://rm.coe.int/fourth-report-on-georgia/16808b5773
[3]დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://emc.org.ge/uploads/products/pdf/4_1530610413.pdf