ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ წარმოებული წმენდის თაობაზე პროკურატურაში სარჩელის შეტანის გამო, რუსეთის ლგბტ აქტივისტები მუქარის შემცველ წერილებს იღებენ. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელითაც კონკრეტულ აქტივისტს ემუქრებიან.
“რუსეთის ლგბტ ქსელმა” ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარა, რომელიც ჩეჩნეთის მოქალაქისგან, ალი ბასხანოვისგან მიიღო. მუქარის ადრესატი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იგორ კოჩეტკოვია.
ვიდეოში ბასხანოვი კოჩეტკოვს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება და ამბობს, რომ “ჩეჩნეთში საერთოდ არ არიან ჰომოსექსუალები”. “ნოვაია გაზეტას” ცნობით, ბასხანოვი ორგანიზაცია “ნოეს კიდობნის” წევრია. მის ვიდეოს მომხმარებლები ფართოდ ავრცელებენ სოციალურ ქსელში.
“შენ უკვე გაბედე აქ ჩამოსვლა. შე ეშმაკის შვილო. არ გადმოდგა ფეხი მატარებლიდან. თუ კი გაბედავ, ეს იქნება შენი ბოლო გაჩერება. დატოვე ჩეჩნეთი და ჩეჩენი ხალხი. გაუჩინარდი! წადი იქ, საიდანაც ჩამოსულხარ”, – ამბობს ის ვიდეოში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი მას შემდეგაა გაკეთებული, რაც “რუსეთის ლგბტ ქსელმა” საგამოძიებო კომიტეტს მიმართა, რომ გამოიძიონ ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების მიმართ წმენდის ახალი ტალღის დაწყება.
განმცხადებლების ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 14 ადამიანის უკანონო დაკავებაზე, წამებასა და მკვლელობაზე.
რუსი უფლებადამცველების ინფორმაციით, ჩეჩნეთში არის საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ლგბტ ადამიანებს აპატიმრებენ, აწამებენ და ხოცავენ კიდეც. ერთერთი ასეთი გაუჩინარებული ადამიანია ბექხან იუსუპოვი. მას საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს ჩეჩნეთში ჩასვლის შემდეგ, გროზნოს პოლიციის განყოფილებაში დაკავებულია.
ამავდროულად, ამერიკელი აქტივისტები აკრიტიკებენ აშშ-ს მთავრობას ბრალდებით, რომ პრეზიდენტ დონალ ტრამპს პრეზიდენტობისას, გახმაურებული წმენდის მიუხედავად, არც ერთი ლგბტ ადამიანისთვის ჩეჩნეთიდან თავშესფარი არ მიუციათ.
ამერიკული მედიის ცნობით, გასულ კვირას აშშ-ს ქვიარ ჯგუფმა Voice4-მა, რუსეთის საკონსულოს წინ მშვიდობიანი აქცია გამართა. ისინი აპროტესტებენ ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების გატაცებასა და წამებას. აქციაზე საკონსულოს წინ აღმართეს ლგბტ დროშა და წარწერები “ჩვენ გვახსოვხართ”, “ნებისმიერ ადგილას მყოფი ქვიარ ადამიანები პასუხისმგებლობას იღებენ ნებისმიერ ადგილას მყოფ ქვიარ ადამიანებზე.”
ეს სიმბოლოები საკონსულოს ერთერთმა თანამშრომელმა ჩამოხსნა. გავრცელებული ინფორმაციით ადგილზე მივიდა ნიუ იორკის პოლიცია და აქციის მონაწილეები მოაშორა საკონსულოს შენობას, მოტივით: “ეს არ არის ჩვენი მიწა”, ხაზი გაუსვა იმას, რომ საკონსულოს ტერიტორიაზე რუსული სამართალი მოქმედებს.