შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბარ საქსესში 19 დეკემბერს მომხდარ ჰომოფობიურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს.
პოლიციის ცნობით, დაკავებული, რომელსაც ბრალად ედება ორი პირის მიმართ ძალადობა, 1997 წელსაა დაბადებული. გამოძიების ინფორმაციით, გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
პოლიცია აცხადებს, რომ გ.ჯ-მ, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს: ბარის მენეჯერსა და ბარის თანამშრომელს.
პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის მუხლით (საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
თავდასხმა საქსესში
19 დეკემბერს, 01:30 საათზე თბილისში ქვიარ ბარს საქსესს თავს დაესხნენ. დაზარალებულია ბარის ორი თანამშრომელი და დაზიანებულია ინვენტარი.
როგორც საქსესში განგვიცხადეს, ბარში ორი უცნობი ადამიანი შევიდა, ერთერთმა ითხოვა, რომ საპირფარეშოში შესულიყო, ამის შემდეგ მათ სცადეს ბარში მოწევა, რაზეც მიიღეს გაფრთხილება, რომ შენობაში არ ეწეოდნენ. მას შემდეგ, რაც ამ პირებმა გაიგეს, რომ საქსესი ქვიარ ბარია, აგრესიული გახდნენ.
ბარის დაცვის თანამშრომელმა ისინი გარეთ გაიყვანა და კარი დაკეტა. ამ ორი პიროვნებიდან ერთერთი ცდილობდა კარის გაღებას, ურტყამდა ფეხს, რა დროსაც კარი დაზიანდა. ამ დაპირისპირების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის თანამშრომელს, იგი ექსპერტიზაზეც გადაიყვანეს, ფიზიკური დაზიანება მიიღო ბარის მენეჯერმაც.
დაპირისპირების დროს თავდამსხმელი იგინებოდა, იყენებდნენ ჰომოფობიურ სიტყვებს და იმუქრებოდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ.
ბარის მენეჯერის თქმით, მან პოლიციას გამოუძახა, რომელიც მას შემდეგ მოვიდა, რაც თავდამსხმელები გაიქცნენ. როდესაც, ბარის თანამშრომლებმა პოლიციას სთხოვეს, დადევნებოდნენ, პოლიციამ განუცხადა, რომ მათ დადევნების უფლება არ ჰქონდათ.