ანასტასია პირველი, ტრანსგენდერი ქალი, რომელიც “საქართველოს ვარსკვლავში” მონაწილეობდა და ჟიურის “ოქროს ბილეთი” მიიღო, პროექტის მეორე ტურში ვერ გადავიდა.
ანასტასია პირველმა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მეორე ტურში ვერ გადავიდა ტელევიზიიდან შეიტყო. ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა პროდუსერს, რომელმაც უთხრა, რომ დაავიწყდათ მას დაკავშირებოდნენ.
“სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ მე მომიწია იმის მოძიება, რა მოხდა ჩემთან დაკავშირებით. მე დავავიწყდი პროექტს, თუნდაც, იმისთვის რომ მცოდნოდა გადავედი თუ არა მეორე ტურში, არ არის სწორი ჩემი გადმოსახედიდან. დავავიწყდი და მიზეზი ჯერ კიდევ არ ვიცი”, – ამბობს ანასტასია.
ანასტასია პირველი ამბობს, რომ “საქართველოს ვარსკვლავში” მონაწილეობა პროექტის ორგანიზატორებმა შესთავაზეს და იყო დაპირება, რომ მისი გამოსვლა არ იქნებოდა “რეკლამის სახით”.
“შევხვდი პროდიუსერს და იყო დაპირება, რომ მხოლოდამხოლოდ რეკლამის სახით არ ვიქნებოდი. ამიტომაც დავთანხმდი და დავთანხმდი ფორმატსაც, რომ მე მათი შერჩეული სიმღერა მემღერა, ეს ყოფილიყო საშუალო ნამღერი, იმიტომ რომ მეორე ტურისთვის ჩემი ვოკალური, უფრო ძლიერი მონაცემებით ვოკალურად გამართული სიმღერა მემღერა”, – ამბობს ანასტასია.
ანასტასია ამბობს, რომ როცა ჟიურისგან ოქროს ბილეთი მიიღო და დაპირება, რომ მეორე ტურში გადავიდოდა, დაიწყო ფიქრი და მომზადება მეორე ტურზე, თუმცა “მეორე ტურისთვის ყველა ოცნება მათივე შემოთავაზებული და დაგეგმილი, გაურკვეველი მიზეზის გამო” არ განხორციელდა.
ანასტასია მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც სითბო გამოხატა მის მიმართ. “საქართველოს ვარსკვლავის” ფეისბუკზე ატვირთულ ვიდეოს კომენტარების სახით არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ანასტასიას გამოჩენას.
“ეს იყო ჩემი მესამე დაბადება, ასე ვიტყოდი. დიდი მადლობა ამ ემოციისთვის”, – ამბობს ანასტასია.
„ლიბერალის” ცნობით, „საქართველოს ვარსკვლავის” ჟიურის წევრსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს დაუკავშირდა. მან შეკითხვებზე პასუხის გამცემაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ გვიან საღამოს დაუკავშირდნენ.
“საქართველოს ვარსკვლავის” ფეისბუკის გვერდზე დაწერეს, რომ პირველ ეტაპზე ჟიური იმდენ ოქროს ბილეთს გასცემს, რამდენიც სურთ, თუმცა, მეორე ტურში მხოლოდ 22 კონკურსანტი გადავა.
“პროექტის ფორმატის მიხედვით, კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეების მოსმენისას, ჟიური აფიქსირებს დადებით ან უარყოფით შეფასებას. დადებითი შეფასება გამოიხატება „ოქროს ბილეთით“. პირველ ეტაპზე, ჟიურის არ აქვს შეზღუდვა – მას შეუძლია გასცეს იმდენი „ოქროს ბილეთი“, რამდენი კონკურსანტიც მოეწონება. წესების შესაბამისად, „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგის პირველ ეტაპზე ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო 48 კონკურსანტმა. კასტინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ ხდება „ოქროს ბილეთის“ მფლობელი კონკურსანტების კიდევ ერთხელ შეფასება, რომელიც ეთერში გადის ე.წ. „განხილვის“ სახით. ფორმატით გათვალისწინებული ოფიციალური წესების მიხედვით და მონაწილეების მუსიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჟიური არჩევს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს”, – წერია საქართველოს ვარსკვლავის ფეისბუკის გვერდზე.
პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიმ 48 ოქროს ბილეთის მფლობელს შორის 22 კონკურსანტი შეარჩია, რომელთაც კასტინგის მეორე ეტაპზე მოუსმინა და მათგან „საქართველოს ვარსკვლავის“ საბოლოო, ფინალური ათეული შეადგინა.