ჰომოფობიური თავდასხმა Success Bar-ში


success bar ფოტო: on.ge

დღეს, 19 დეკემბერს, 01:30 საათზე თბილისში ქვიარ ბარს საქსესს თავს დაესხნენ. დაზარალებულია ბარის ორი თანამშრომელი და დაზიანებულია ინვენტარი.

როგორც საქსესში განგვიცხადეს, ბარში ორი უცნობი ადამიანი შევიდა, ერთერთმა ითხოვა, რომ საპირფარეშოში შესულიყო, ამის შემდეგ მათ სცადეს ბარში მოწევა, რაზეც მიიღეს გაფრთხილება, რომ შენობაში არ ეწეოდნენ. მას შემდეგ, რაც ამ პირებმა გაიგეს, რომ საქსესი ქვიარ ბარია, აგრესიული გახდნენ.

ბარის დაცვის თანამშრომელმა ისინი გარეთ გაიყვანა და კარი დაკეტა. ამ ორი პიროვნებიდან ერთერთი ცდილობდა კარის გაღებას, ურტყამდა ფეხს, რა დროსაც კარი დაზიანდა. ამ დაპირისპირების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის თანამშრომელს, იგი ექსპერტიზაზეც გადაიყვანეს, ფიზიკური დაზიანება მიიღო ბარის მენეჯერმაც.

დაპირისპირების დროს თავდამსხმელი იგინებოდა, იყენებდნენ ჰომოფობიურ სიტყვებს და იმუქრებოდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ.

ბარის მენეჯერის თქმით, მან პოლიციას გამოუძახა, რომელიც მას შემდეგ მოვიდა, რაც თავდამსხმელები გაიქცნენ. როდესაც, ბარის თანამშრომლებმა პოლიციას სთხოვეს, დადევნებოდნენ, პოლიციამ განუცხადა, რომ მათ დადევნების უფლება არ ჰქონდათ.

მედიასაშუალებების გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შსს საქსესზე თავდასხმის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.