გაერთიანებული ოპოზიციისთვის თელავში მიმავალი გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების მორიგი შეზღუდვაა


პოლიციამ ოპოზიციას ჩუმლაყთან გზა ჩაუკეტა. ფოტო: ნეტგაზეთი

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში მანიფესტაციის ჩატარების  ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 16 დეკემბერს დაანონსებული პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიასთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა განიზრახეს თელავში მშვიდობიანი აქციის გამართვა,  თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს რამდენიმე ადგილას, გომბორის უღელტეხილთან და გურჯაანში ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნეს. საბოლოოდ, ოპოზიციამ დაგეგმილი  აქციის ჩატარება თელავში ვერ მოახერხა.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულია პირთა უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ, როგორც ჭერქვეშ, ასევე გარეთ. კონსტიტუციით გარანტირებულია ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. აღნიშნული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის, იგი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა შეზღუდვას უნდა გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს აუცილებელი და პროპორციული ამ მიზნის მისაღწევად. ამდენად უფლებაში ჩარევისას სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების მოტივით.

განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადაჭარბებას და პირთა გადაადგილების თავისუფლების, ისევე როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას – გაერთიანებულ ოპოზიციას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აუკრძალეს არათუ პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩატარება, არამედ ქალაქ თელავში შესვლაც კი. ის ფაქტი, რომ  სახელმწიფო ორგანოებმა მანიფესტანტებს შესთავაზეს გადაადგილების ალტერნატიული საშუალება გრძელი შემოვლითი გზის სახით, სახელმწიფოს ქმედებას არ ხდის მართლზომიერს. ოპოზიციის აქცია შეეხებოდა საინაუგურაციო ცერემონიას და ამდენად, მიზანმიმართულმა შეფერხებამ მთლიანობაში შინაარსი გამოაცალა მის ჩატარებას. ამავდროულად, შემაშფოთებელია აღნიშნულის საპასუხოდ ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გუშინ დეპუტატების მანქანაზე განხორციელებული თავდასხმა.

აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ ეს არ არის პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი აქციის ხელშეშლის პირველი შემთხვევა და ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, ამ მხრივ ცუდი ტენდენცია შეინიშნება (ე.წ. შვილმოკლული მამების აქციისას კარვების დადგმის აკრძალვა, ბასიანის სპეცოპერაცია და მის შემდგომ გამართული აქცია და ა.შ.).

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ქმედება და მანიფესტანტების უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს,  საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ვითარებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო არა რიგითი საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება, არამედ  სახელმწიფოს ინსტიტუციონალური ნაბიჯი – ოპოზიციის წარმომადგენელთათვის ქ. თელავში შესვლის აკრძალვით, არამართლზომიერად შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება და ამდენად არ მიეცათ მათთვის აქციის გამართვის საშუალება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ზიანს აყენებს პოლიციის რეპუტაციას, რაც თავის მხრივ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების საკითხი. ასევე შეისწავლოს ძალადობის ფაქტები, რომელიც მიმართული იყო ერთი მხრივ აქციის მონაწილეების, მეორე მხრივ კი ინაუგურაციაზე მისული პირების, მათ შორის დეპუტატების წინააღმდეგ. ამავდროულად მნიშვნელოვანია მან ამცნოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

თანასწორობის მოძრაობა

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საფარი

ტოლერანტობისა და მრაფალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)