ფეხბურთში ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ ბევრია გასაკეთებელი – ოლივიე ჟირუ


ოლივიე ჟირუ ფოტო: ფეისბუკის ოფიციალური გვერდიდან

ჩელსის თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ფეხბურთში ჰომოფობიის დასაძლევად კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან “შეუძლებელია” ჰომოსექსუალად ყოფნა ფეხბურთში. ამ საკითხზე ჟირუმ ფრანგულ გამოცემა “ლე ფიგაროსთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

“2014 წელს, როდესაც ვნახე გერმანელი ფეხბურთელის თომას ჰიცლშპერგერის ქამინგ აუთი, ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისთვის, რომ ფეხბურთელად ყოფნის დროს თავის ჰომოსექსუალობაზე ესაუბრა”, – ამბობს ოლივიე ჟირუ.

თომას ჰიცლშპერგერმა იმის შესახებ, რომ გეია, 2014 წელს განაცხადა. ამ დროს მას უკვე დატოვებული ჰქონდა ფეხბურთელის კარიერა. იგი დღესდღეობით ყველაზე მაღალი რანგის ფეხბურთელად რჩება, რომელმაც სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა.

ოლივიე ჟირუს აზრით, საერთო სივრცეები, გამოსაცვლელი ოთახი, საერთო საშხაპეები, პრობლემურია ფეხბურთელებისთვის, მაშინ როცა ეს სივრცეებში “ძალიან ბევრი ტესტოსტერონია”.

“კარგად მესმის ტკივილისა და სირთულეების, რომელიც თან ახლავს ქამინგ აუთს. ეს ნამდვილი ტესტია, რომლისთვისაც მომზადებას წლები სჭირდება. ჰომოსექსუალობის მიმართ ულტრა-ტოლერანტული ვარ. მონპელიეში თამაშის დროს ჩავერთე ჰომოფობიასთან ბრძოლაში და ჟურნალ “ტეტუს” გარეკანზე დავიბეჭდე. არსენალში ყოფნის დროს, როდესაც მთხოვეს თემის მხარდასაჭერად ლგბტ სამკლაური გამეკეთებინა, გავიკეთე. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი საფეხბურთო სამყაროში ამ კუთხით”, – განაცხადა ოლივიე ჟირუმ.