ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების საწინააღმდეგო რეფერენდუმი რუმინეთში ჩავარდა


რუმინელი მღვდელი მონაწილეობს მარშში, რომელიც ითხოვს, რომ ქორწინება განსაზღვრონ როგორც ქალისა და კაცის კავშირი. ფოტო: Andreea Alexandru/Associated Press

რეფერენდუმი რუმინეთში, რომელიც მიზნად ისახავდა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების კონსტიტუციაში აკრძალვას, მოქალაქეთა დაბალი აქტიურობის გამო, ჩაიშალა.

რეფერენდუმის კითხვა ასე იყო ფორმულირებული: უნდოდათ თუ არა რუმინეთის მოქალაქეებს, რომ კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრულიყო, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირი.

Romania-Insider-ის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ რეფერენდუმი ორი დღე, 6 და 7 ოქტომბერს მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა 20.4%-მა მიიღო, რაც 3 730 000 ადამიანია. რუმინეთში საარჩევნო ხმის უფლება 18 280 000 ადამიანს აქვს. იმისთვის, რომ რეფერენდუმი შემდგარიყო არჩევნებზე უნდა მისულიყო ამომრჩეველთა 30%.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმზე 91%-მა ხმა მისცა ქორწინების კონსტიტუციაში განსაზღვრებას, ხოლო 6% წინააღმდეგ წავიდა.

BBC-ის ცნობით, რეფერენდუმამდე 2 დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კონსტიტუციაში ამგვარ ჩანაწერს გამოკითხულთა 90% უჭერდა მხარს. კონსტიტუციაში შესწორების შეტანის მომხრე “კოალიცია ოჯახისთვის” პრეზიდენტმა მიხაი გეორგიუმ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დონეზე უნდა დაეცვათ ოჯახი, როგორც ქალისა და კაცის კავშირი.

კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილების მოწინააღმდეგე კოალიციის “არა” სტრატეგია წარმატებული გამოდგა იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს რეფერენდუმს, არ მივიდნენ იმ იმედით, რომ რეფერენდუმი ჩავარდებოდა.

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარს უჭერდა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომლის მრევლად სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, მოსახლეობის 81% მიიჩნევს თავს [2011 წლის მონაცემები]. კამპანიას აწარმოებდა. პატრიარქმა დანიელმა 29 სექტემბრის ქადაგებისას აღნიშნა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა “პატრიოტული, ეროვნული და დემოკრატიული აქტია” და გააკრიტიკა ისინი, ვინც რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა.

კამპანიაში ჩართული იყვნენ მღვდლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მედიის ცნობით, კონსტანცელი მღვდელი გაბრაზდა იმის გამო, რადგან საკვირაო ქადაგების დროს ეკლესია დატოვა მრევლის ნაწილმა, როდესაც მოუწოდებდა მათ მისულიყვნენ რეფერენდუმზე და კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრისთვის მხარი დაეჭირათ.

საკონსტიტუციო ცვლილების მოწინააღმდეგე მთავარი ოპოზიციური კოალიციის გადავარჩინოთ რუმინეთის ლიდერი დან ბარნა მთავრობის გადადგომას მოითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ევრო დახარჯა “ფანტაზიაში”.

რეფერენდუმის ჩავარდნის მიუხედავად, რუმინეთში ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა ერთი და იმავე წყვილებისთვის არაა ნებადართული.