რატომ დავტოვე საქართველო


სტუდენტი ვიყავი, როცა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია საბოლოოდ გავიაზრე. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკვე ყველა პასუხი მქონდა, სექსუალურ, კულტურულ თუ რელიგიურ ჭრილში. ამიტომ წამითაც არ გამჭირვებია საკუთარი თავის მიღება. არ გამჭირვებია, რადგან არცერთი წამით არ მგონებია ჩემი თავი ავადმყოფი, ან ცოდვილი. რაც ყველაზე მთავარია, არ მიფიქრია რომ უნდა დამემალა საკუთარი თავი და საკუთარი სექსუალური იდენტობა. მაგრამ სხვებმა ვერ მიმიღეს, გარშემომყოფებმა, ბავშვობის მეგობრებმა და  უახლოესმა ნაცნობებმა…ეტაპობრივად, ყველა მათგანი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და დავრჩი სრულიად მარტო (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მეგობარს), გაავებული ადამიანების წინაშე, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ, რომ ვერ მიტანდნენ, რომ სურდათ მოვმკვდარიყავი. ვცხოვრობდი, ვმგზავრობდი და ვსწავლობდი ამ ადამიანებს შორის, ვუყურებდი მათ აგრესიულ, ზიზღიან, საუკეთესო შემთხვევაში კი დამცინავ სახეებს და თავს საშინლად ვგრძნობდი. შეუძლებელია მშვიდად ცხოვრება იმ საზოგადოებაში, რომელიც შენდამი ამხელა სიძულვილს ატარებს. მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობისგან განსხვავებულად გამოხატავ საკუთარ თავს, განსხვავებული სტილი გაქვს და განსხვავებულად გიყვარს.

“კეთილის მსურველებმა” გადაწყვიტეს, რომ სექსუალური ორიენტაცია მხოლოდ სექსი და ლოგინია, ამიტომ ხან აგრესიულად, ხან კი დაყვავებით, ჩემს გაჩუმებას ცდილობდნენ. მე კი არ გავჩუმდი. არ გავჩუმდი, რადგან მართალი ვიყავი და დავზარალდი კიდეც. თუმცა სახელმწიფომ დაზარალებულად არ მცნო. მეტიც, 2018 წლის 17 მაისს, სახალხოდ ნაცემი, ამ ქვეყნის უმრავლესობამ, მაინც მე მცნო დამნაშავედ. მლანძღავდნენ და მაგინებდნენ, მაგდებდნენ საჯარო ტრანსპორტიდან, მიწყობდნენ სკანდალებს ქუჩაში, მემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ვერ დავდიოდი უნივერსიტეტში, ვერ ვცხოვრობდი მშვიდად ბინაში, ავიწროვებდნენ ჩემ ოჯახის წევრებს, მამა სამსახურში ვერ დადიოდა, დედამ რამდენიმე დღეში ხუთი კილო დაიკლო. გარდა იმ კანალიზაციისა, რასაც ჩემ გვერდზე კითხულობდა, პირად მიმოწერაში იმასაც კი სწერდნენ, როგორ უნდა მოეკლა თავი. ბებო ვერ მელაპარაკებოდა, რადგან ტირილს ვერ იკავებდა. ამას ემატებოდა ჩემი უფროსი და მცირეწლოვანი ძმების ბულინგი… საბოლოოდ, იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა.

ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც ჰომოსექსუალებს წლიდან წლამდე, 17 მაისს თუ დაინახავენ, ან შოუებსა და ქალაქურ სკანდალებში, ვერაფრით გავაგებინე რომ მიუღებლობა, დამცირება, დაცინვა, ფიზიკური შეხება და განადგურება 17 მაისის თანმდევი კი არა, ლგბტ ადამიანების ყოველდღიურობაა. უბრალოდ, აქციაზე მომხდარი სხვანაირი სიმწვავით საჯაროვდება, თორემ ჩემ მეგობრებს ისიც მოეხსენებათ, ამ აქციამდე კარგა ხნით ადრე როგორ დამხვდა სამი ბიჭი სამედიცინოს მეტროს ამოსასვლელთან და როგორ მცემეს, რადგან ჩემი საყურეების საფუძველზე “პიდარასტის დიაგნოზი” დამისვეს. კიბეზე ათამდე ადამიანი ადი-ჩამოდიოდა, მაგრამ არათუ არ ჩარეულა არცერთი მათგანი, იმათი გაქცევის შემდეგაც არ მოვუკითხივარ არავის, ისე ვეგდე ჩაკეცილი რამდენიმე წუთი.

ზოგჯერ, როცა ძალიანზე ძალიან მიჭირს ამ უცხო ქვეყანაში ყოფნა, ვფიქრობ, რა მოხდებოდა, საჯარო ქამინგაუთი რომ არ გამეკეთებინა, მით უფრო, რომ არაერთხელ მომისმენია სხვებისგან, ირიბად თუ პირდაპირ ნათქვამი, (თუმცა კი უთქმელადაც ბევრჯერ მიგვრძნია), რომ ეს პროცესები მე გამოვიწვიე, რადგან “ვინც ჩუმად და თავისთვის არიან, მშვენივრად ცხოვრობენ”.  ამაზე სულ პირველკურსელი ნიქოქო მახსენდება, რომელსაც სრულიად შეეცვალა წარმოდგენები სამყაროზე, უარი თქვა რელიგიურობაზე, დაემსხვრა იდეალები, რაღაც სიახლე სჭირდებოდა და პეკინზე გაქანდა წარბზე პირსინგის გასაკეთებლად. იმავე დღეს, ავტობუსით უნივერსიტეტში რომ მიდიოდა, ვარაზისხევის ასახვევში, სამმა თანამგზავრმა ბიჭმა, როგორც კი შეამჩნია მისი პირსინგი, კარებზე ბრახუნი ატეხეს, “გააღეთ, ამ პიდარასტთან ერთად არ ვიმგზავრებთო!” (მაშინ ისიც კი არ მქონდა ბოლომდე გათვიცნობიერებული, რომ გეი ვიყავი). მთელი ავტობუსი მე მიყურებდა, მიწა მინდოდა გამსკდომოდა. შემდეგ, ვაგზლის მეტროთი სახლში მიმავალს, ვაგონიდანვე აეკიდა ვიღაც ბიჭი, რომელმაც მიწისქვეშამდე სდია და ყელზე დანა მიაბჯინა, “ახლავე მოიხსენი ეგ პიდარასტობა, თორემ ძვლებში დაგამტვრევ, შენი დედამოვტყანო”. ნიქოქომ შიგ ცხვირპირში გადაუხარხარა, უთხრა, რომ ძალიან სასაცილო იყო, მოტრიალდა და გზა განაგრძო. ყოველთის ასეთი იყო ნიქოქო, – ყველაზე რთულ მომენტებში, ძალიან მამაცი. უკან მიყვებოდა დანიანი ბიჭი, ნიქოქომ მობილური მოიმარჯვა ხელში და სასწრაფო დახმარების ნომრის გახსენება სცადა, (ნერვიულობისას, ასეთი მარტივი რაღაცებიც ავიწყდება ადამიანს), ზურგში რომ დანა დამარტყას, მოვასწრო გამოძახებაო. შემდეგ, ოქროს უბნის (სადაც ვცხოვრობდი) ნაცვლად, სხვა გზით წავიდა, არ უნდოდა ბინის მისამართი გაეგო დანიან ბიჭს და ფლეთმეითი ბიჭები შარში გაეხვია.
….
ხანდახან ისე ძალიან მინდა რომ ეს საშინელი წარსული ერთიანად წავშალო, ძილის წინ არ გამახსენდეს, არასოდეს მომაგონდეს… ამიტომაც ვწერ. მგონია გავთავისუფლდები, მაგრამ არა და არ ილევა.
ვიღაცები იმაზეც მიმითითებენ, რომ საკმარისია ამდენი დრამატიზება. ჭკუას მასწავლიან, დროის განაწილებაზე ზრუნავენ, მომავალს მიგეგმავენ, საკუთარი თავის პოვნაში მეხმარებიან, უსაქმურ და გზააბნეულ პიდარასტს 🙂 არა, მეგობრებო, ეს ზღვაში წვეთია. კიდევ ბევრს დავწერ და ვილაპარაკებ, თქვენ თქვენი გეწვით, გასაგებია. უნდა აგეწვათ კიდეც, უფრო ძალიან, ძალიანზე ძალიან, მხოლოდ საკუთარ ტრაკსა და კომფორტზე რომ აღარ იფიქროთ, ცვლილებების სურვილი რომ გაგიჩნდეთ.

თქვენ კი, ქვიარებო, არასდროს დაიდანაშაულოთ და შეიძულოთ საკუთარი თავი, თუნდაც მთელმა ქვეყანამ მოგიძულოთ. ისტორიისთვის ათწლეულები არაფერი დრო არ არის. მოვა დრო და მწარედ ინანებენ ამ უგვანო, არაჰუმანურ და უღმერთო პოზიციას. მანამდე კი, ნუ შეგეშინდებათ სიყვარულის, გეშინოდეთ მათი, ვინც ღმერთის სახელით ადამიანების სიძულვილს ქადაგებენ,  გიყვარდეთ გიჟურად, გიყვარდეთ იმაზე მეტად, ვიდრე შეგიძლიათ და თუ გეტყვიან, რომ ეს ცოდვაა, შეიყვარეთ თქვენი ცოდვა და უცოდველი გახდებით.
სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!

ნიქო გორგილაძე