ნუ დადგები ძალადობის მხარეს, თუთა ჩხეიძე


“დისკრიმინაციის დამტკიცება რთულია. მით უფრო, როდესაც დისკრიმინაციის საფუძველი სექსუალური ორიენტაციაა. 2016 წლის დეკემბერში ჰომოსექსუალი ბიჭი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახლა მისი საქმე სასამართლოშია და ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ კაფეს მენეჯერმა სამსახურიდან ჰომოფობიურ ნიადაგზე გაათავისუფლა. ერთი შეხედვით რთულია, წარმოიდგინო ყოველდღიურობა, როდესაც დადიხარ ჩამწერით და გარშემომყოფების განწყობების ასახვას ცდილობ. მაგალითად, ისეთის, როგორიც მზარეულის თითქოს შემთხვევით წამოსროლილი სიტყვა “პიდარასტია”, ან როდესაც პიცერიაში მიმტანი გაურკვეველი მიზეზით არ გემსახურება, ან როდესაც იძახებ ტაქსის და მძღოლი მას შემდეგ აცხადებს უარს, წაგიყვანოს სადმე, როდესაც შენთან ერთად შენი ტრანსგენდერი მეგობარი ჯდება. ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობა თქვენთვის უხილავი ზიზღით არის სავსე. სიძულვილი ბადებს აგრესიას, აგრესია ძალადობას, ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, – თუთა ჩხეიძე, ჟურნალისტი.