ქამინგ აუთი – 5 მეთოდი სტრესის შესამცირებლად


მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის იმის თქმა, რომ ხარ გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ან ინტერსექსი ადამიანი, ქართულ რეალობაში, ხშირად, სტრესის მომტანია.

საკუთარი სექსუალობისა თუ იდენტობის გასაცნობიერებლად გჭირდება დრო, რათა მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. როდესაც ქამინგაუთდები მეგობრებთან თუ ნათესავებთან, მათაც იმავეს სთხოვ, ეს კი გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ დროს მიღებულმა ნებისმიერმა უარყოფითმა უკუკავშირმა თუ გამოცდილებამ, შესაძლოა შეაფერხოს საკუთარი თავის მიმღებლობა და თავდაჯერებულობა. ამიტომ არის საჭირო, ეს პროცესი წინასწარ დაგეგმოთ.

ქამინგ აუთი ბევრად უფრო რთულია ქართულ რეალობაში, ვიდრე ეს უცხოურ ფილმებში გვინახავს. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შესაძლოა ძალიან ინერვიულონ, გაბრაზდნენ, დაიბნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეეგუებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ქამინგ აუთი მარტივი პროცესი არ არის, უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს, რომ მეგობრებთან და ოჯახთან საკუთარი სექსუალობისა თუ იდენტობის გაცხადების შემდეგ, ბევრად უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე მანამდე.

ქვემოთ მინდა შემოგთავაზო რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარება შფოთვის შემცირებაში და შენი ქამინგ აუთის პროცესს ნაკლებად სტრესულს გახდის. ამასთანავე დაგეხმარება შეინარჩუნო თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის მიმღებლობა იმ ნეგატიური უკუკავშირის საპასუხოდ, რაც შესაძლოა მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან მიიღო.

1. გააკეთე ქამინგ აუთი მაშინ, როდესაც მშვიდად ხარ

ზოგჯერ შესაძლოა ძლიერ ემოციურ ფონზე წამოიყვირო „მე გეი ვარ“, ეს სრულიად ნორმალურია. თუმცა, თუ სიტუაციის კონტროლს შეძლებ, ახლობლებთან შენი სექსუალობის ან იდენტობის თაობაზე საუბარი ნაკლებ სტრესული იქნება. გახსოვდეს, რომ არასამართლიანია სიმშვიდისა და თმენის ტვირთი მხოლოდ შენ გაწვებოდეს, მაშინ, როდესაც ძალიან გინდა რაღაცის თქმა. თუ შეძლებ ამის თქმას ისე, როგორც მორიგ ახალ ამბავზე საუბრობ, შესაძლოა შენმა ოჯახმა და მეგობრებმა იმაზე ადვილად მიიღონ, ვიდრე მოელოდი.

2. იქონიე სათადარიგო გეგმა

სამწუხაროდ, ყველაზე მიმღები და მოსიყვარულე ოჯახიც კი შესაძლოა უარყოფითად განეწყოს საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ. მიუხედავად ამისა, ლგბტქი თემის წევრი ბევრი საბოლოოდ ალაგებს ურთიერთობას ოჯახთან და ახლობლებთან, მაგრამ ამას როგორც წესი სჭირდება გარკვეული დრო.

თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობ, წინასწარ დაგეგმე, სად შეძლებ დარჩენას, თუ ისინი ძალიან გაბრაზდებიან ან/და დამწუხრდებიან, შენ კი ცოტა ხნით გვერდით გადგომას და დამშვიდებისა და სიტუაციის უკეთესად გააზრებისთვის დროის მიცემას ამჯობინებ. ეს შეიძლება იყოს საუკეთესო მეგობრის ან ნათესავის სახლი. თუ შეძლებ, რომ წინასწარ რაღაც თანხა დაზოგო, ესეც ძალიან კარგი იქნება.

3. მოამზადე ნიადაგი სიახლისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მშობლის თქმით, ქამინგ აუთამდე დიდი ხნით ადრე იცოდნენ შვილების სექსუალობისა თუ იდენტობის შესახებ, ძალიან ბევრ მშობელს წარმოდგენაც კი არ აქვს ამაზე. ერთერთი გზა ნიადაგის მომზადებისა და მათი რეაქციების მოსინჯვისთვის სახლში საუბრების დაწყებაა ლგბტქი საკითხებზე. ახსენე ინიციატივა ან კანონი, რომელიც გავლენას ახდენს ლგბტქი ადამიანებზე, ისაუბრე იმ ცნობილ ლგბტქი ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ იმ ფილმში, ბოლოს რომ უყურე, ისაუბრე წიგნზე, რომლის ავტორი ლგბტქი თემის წევრია და სხვ. ან დატოვე ლგბტ საკითხებზე არსებული საგანმანათლებლო წიგნი ან ბროშურა სამზარეულოში, ამ მისაღებ ოთახში.

შესაძლოა შესთავაზო, რომელიმე ფილმი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გაიგონ მეტი ლგბტქი საკითხებზე, ქამინგ აუთისას ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და მსგავს საკითხებზე. ქართულ რეალობაში მსგავს ფილმად შეგიძლიათ გამოიყენო ფილმი „ლოცვა ბობისთვის“. მსგავსი ფაქტები შენს ოჯახს მისცემს საშუალებას შეექმნას წარმოდგენა თუ  რაზე ფიქრობთ / რა გაწუხებთ. აღნიშნული კი შენს ქამინგ აუთს ნაკლებად გასაკვირს გახდის.

4. გახსოვდეს, რომ მათი პირველი რეაქცია არაა სამუდამო 

ძალიან ბევრი მშობელი შვილის ლგბტქი თემისადმი მიკუთვნებულობას შოკითა და გაკვირვებით ხვდება, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შეეგუონ შენს სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას. მათ შესაძლოა მანამდე არც კი უფიქრიათ, რომ ეს შესაძლოა მათ ოჯახსაც შეეხებოდა. ისინი გეგმავდნენ შენს ცხოვრებას მას შემდეგ, რაც დაიბადე. შესაბამისად, იმის გაცნობიერებას, რომ შენი ქორწილი და ოჯახი შესაძლოა არ ჰგავდეს იმას, როგორც მათ ხშირად წარმოედგინათ ხოლმე, შესაძლოა რაღაც დრო დასჭირდეს.

მოემზადე უამრავი სულელური შეკითხვისთვის, მათ შორის: „რატომ აირჩიე ცხოვრების ასეთი წესი?“, „ყოფილხარ თუ არა შენივე სქესის ადამიანთან ამ დრომდე?“, „თუ არ ყოფილხარ, მაშინ საიდან იცი რომ გეი ხარ?“ და ა.შ ასეთ მომენტებში, ძალიან კარგია თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებ და მსგავს კითხვებზე პასუხს წინასწარ მოამზადებ.

შენი მოსაზრების განმტკიცება იმით შეგიძლია, რომ სექსუალური ორიენტაცია ან/და გენდერული იდენტობა არ არის არჩევანი, არამედ ის მდგრადი ბუნებრივი და ბიოლოგიური მოცემულობაა. მანდვე დაამატე, რომ სისგენდერ და ჰეტეროსექსუალ ადამიანებს არავინ ეკითხება არიან თუ არა დარწმუნებული საკუთარ იდენტობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგიძლია უთხრა ისაა, რომ თანამედროვე სამყარო აცნობიერებს და ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ლგბტქი პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის, მაგალითად კანონი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ, ქორწინების თანასწორობა, შვილად აყვანის შესაძლებლობა ლგბტქი პირთათვის, სუროგაცია ან/და სპერმის დონაცია და სხვა, რომელთა წყალობითაც ლგბტქი პირებს უკვე შეუძლიათ საკუთარი მომავლის ისე დაგეგმვა, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს.

მართალია, მსგავსი შესაძლებლობებისგან ქართული რეალობა ჯერ შორსაა, თუმცა ერთ დღეს აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ლგბტქი პირებისთვის ისევე იქნება ბედნიერება ხელმისაწვდომი, როგორც ჰეტეროსექსუალებისთვის.

5. გახსოვდეთ, რომ ქამინგ აუთი უწყვეტი პროცესია.

გახსოვდეს, რომ ერთი ქამინგ აუთით ეს პროცესი არ სრულდება. შეიძლება იმავეს გამეორება მოგიწიოს მუდმივად ახალ მეგობრებთან, კურსელებთან, თანამშრომლებთან, დამსაქმებლებთან და ა.შ თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა უნარ-ჩვევა, ესეც უფრო და უფრო ადვილი ხდება.

აქვე აუცილებლად გახსოვდეს, რომ თუ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობ, შეგიძლია არ დაქამინგაუთდე. თუ საფრთხეში იგდებ თავს შენს შესახებ ინფორმაციის გაცხადებით, მხოლოდ შენ შეგიძლია გადაწყვიტო რისი გაკეთება გსურს. არასოდეს არავის არ აქვს იმის უფლება, რომ შენს მაგივრად გაანდოს ეს ინფორმაცია სხვა ადამიანებს.

და ბოლოს, თუ შენ ან შენს საყვარელ/მნიშვნელოვან ადამიანებს გიჭირს ქამინგ აუთის შემდგომი რეაქციების მართვა, შეგიძლია მოგვწერო ნებისმიერ დროს. ჩვენ შენს გვერდით ვართ!

მოამზადა “თანასწორობის მოძრაობის” სოციალურმა მუშაკმა თამაზ სოზაშვილმა www.psychologytoday.com-ზე დაყრდნობით.