2017 წლის დეკემბრში „თანასწორობის მოძრაობას” მოგვმართა გეი წყვილმა. ისინი ცხოვრობდნენ ერთ-ერთი პარტნიორის დედის ბინაში, მისივე თანხმობით. ამავე ბინაში ცხოვრობდნენ სხვა ნათესავები, რომლებმაც დაიწყეს გეი წყვილის შევიწროვება სხვადასხვა უკანონო ხერხით, რათა მათ დაეტოვებინათ საცხოვრებელი. ისინი მათ ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობითა და დაზიანებით, წერდნენ შეურაცხმყოფელ წერილებს და ფიზიკურად ედევნებოდნენ სახლამდე და სამსახურამდე. წყვილი იძულებული გახდა, შეეცვალა საცხოვრებელი და გაეცდინა სამსახური. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ბიჭის დედა შვილს გამოესარჩლა, იგი ნათესავების მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია მისთვის დამცავი ორდერის გამოცემა. გამოძიება მიმდინარეობს გეი წყვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც.