მოგმართავთ „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების სახელით. შეშფოთებულები ვართ ერევანში ტრანსგენდერ ქალზე საკუთარ სახლში სასტიკი თავდასხმის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ სცემა მსვერპლს და მის სახლს ცეცხლი წაუკიდა. საბედნიეროდ, მსხვერპლმა ცეცხლიდან გაღწევა მოახერხა და იგი ჰოსპიტალიზირებული იქნა მძიმე დაზიანებებით.
სომხეთის ადამიანის უფლებების აქტივისტების თანახმად, ეს არ არის ტრანსგენდერ ადამიანზე ძალადობის პირველი შემთხვევა. საზოგადოების ტრანსგენდერ წევრებს ყოველდღიურად უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურად. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ძალადობრივი გარემოს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა.
სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა არ ადგენს საყოველთაო და საპროცედურო რეგულაციებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის, გამოძიებისა და ვალდებულებების შესახებ. სომხეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ განსაზღვრავს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს, მაგალითად იმას, თუ რა ითვლება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად, რა მახასიათებლები აქვს მას, სხვა სპეციფიკაციებს და ასეთი დანაშაულების პასუხისგებისა და სასჯელის საკითხებს.
ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, „თანასწორობის მოძრაობა“ სთხოვს სომხეთის რესპუბლიკას, რომ:
· უზრუნველყოს აღნიშნული საქმის სამართლიანი და დაუყოვნებლივი გამოძიება;
· გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს სომხეთის კანონმდებლობაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს სომხეთის მიერ საერთაშორისო მოვალეობების შესრულებას;
· განახორციელოს სისტემური და ეფექტური პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, რომელიც ინსტიტუციონალურ დონეზე მოითხოვს სტრატეგიული გეგმის, სპეციალიზებული პოლიციის მომსახურების შექმნასა და დამოუკიდებელი შიდა სამეთვალყურეო მექანიზმების ამოქმედებას;
· იმუშაოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, რათა აღმოფხვრას ჰომო/ბი/ტრანსფობიით მოტივირებლი ძალადობა და მხარი დაუჭიროს თანასწორობას.