შემოქმედება თანასწორობისთვის – პროექტის შეჯამება


“თანასწორობის მოძრაობამ” განახორციელა პროექტი “Making Art For Empowerement – შემოქმედება თანასწორობისთვის”, რომლის მიზანია გააძლიეროს ლგბტქი თემი და დაამსხვრიოს ქვიარ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპები ხელოვნების დახმარებით.

პროექტი განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია, გააძლიეროს ლგბტქი თემის წევრი და მხარდამჭერი ხელოვანები და შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ლგბტქი თემის მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შექმნისთვის შეიტანენ წვლილს.

პროექტის მიზანია, რომ ყურადღება გამახვილდეს ინდივიდუალურ ისტორიებზე; როგორ დაიძლევა წინაღობები, რომელსაც ლგბტქი თემი აწყდება. პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს ლგბტქი თემის ხილვადობა და აამაღლოს ცნობიერება აღნიშნულ საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში გაიცა ოთხი სასტიპენდიო გრანტი არტისტებისთვის, რომლებმაც შექმნეს ლგბტქი თემატიკაზე შემოქმედებით ნამუშევრები.

WE Are Who We Are

We are who we are ნათელა და მირა გრიგალაშვილების ფოტოპროექტია, რომელიც ტრანსგენდერი ქალების პირად ამბებს მოგვითხრობს.

ესაა მცდელობა, ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს ამ ადამიანთა სიხარული, მწუხარება, შიში, იმედები – ყველაფერი ის, რაც ხშირად, სტერეოტიპებისა და მცდარი შეხედულებების წყალობით, იგნორირებული და უგულებელყოფილია. საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გენდერული იდენტობისა და ორიენტაციის გამჟღავნება, როგორც ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, ასევე, ზოგადად ლგბტქი+ თემის სხვა წარმომადგენელთათვისაც, ხშირად მარტოობას, ოჯახისგან გარიყვას, საზოგადოებისგან მუდმივ ძალადობასა და დისკრიმინაციას ნიშნავს.

გარდა მუდმივი ეკონომიკური პრობლემებისა, გენდერული იდენტობა მარგინალიზაციის მუდმივ საფუძველს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თემსა და საზოგადოებას შორის არსებულ უფსკრულს, რის პარალელურადაც, სისტემის მიერ უგულვებელყოფა და ხშირად ბარიერების შექმნა ტრანს* თემს კიდევ უფრო ჩაკეტილსა და იზოლირებულს ხდის.

პროექტი წარმოადგენს ტრანს* თემის ისტორიების გადმოცემის მცდელობას ფოტოსა და ტექსტის საშუალებით.

OBSESSION- შენთან ერთად, სიკვდილამდე

დრამატურგმა ლაშა შანიძე შექმნა აუდიოდრამა, რომელიც ინსპირირებული იყო თემის წევრების რეალური ამბებით, ხშირად სასტიკი და დაუჯერებელი მოცემულობებითა და ისტორიებით.

“ბავშვობა ხშირად მაშინ მთავრდება, როდესაც ამისთვის მზად არ ხარ და ზიხარ ოთახში, სადაც ის აღარაა… აუდიოდრამა მიჯაჭვულობაზე, ძალადობასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე – იქ სადაც ამის არანაირი პირობა არ არის.”

აუდიოდრამა მხოლოდ ხმით ამყარებს კონტაქტს მსმენელთან და არ არის კლასიკური გაგებით პერფორმატიული დადგმა. ტექსტი არის ლგბტქ+ თემი წევრზე, ვისაც ძალადობრივად უწევს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, მაშინ როდესაც ამისთვის მზად არაა. ფორმა – აუდიოდრამა ეხმიანება იმ რეალობასაც, სადაც ცხოვრებაც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს უწევს. ისინი მთლიანად გამქრალი არიან საჯარო სივრციდან და მათი ხმა ძალიან ბუნდოვნად ისმის. ტექსტი პირდაპირ ირეკლავს და ერთგვარი ვერბატიმიცაა იმის შესახებ, თუ რამდენად მოკლებულია ლგბტქ+ ადამიანები საბაზისო სერვისებს სახელმწიფოსგან. არ არსებობს საბინაო პოლიტიკა და სპეციალიზებული თავშესაფრები სექსუალობის ნიშნით ჩაგრული ადამიანებისთვის.

აუდიოდრამა აგებულია ერთი პერსონაჟის ირგვლივ. პიესას, თავისი კლასიკური გაგებით, პიესად რომ იქცეს და არ დარჩეს უბრალოდ ჩანახატად ფურცელზე ან მოთხრობად, სჭირდება მსახიობი და მაყურებელი. პანდემიური მოცემულობა გვკარნახობს რომ მაყურებელი მსახიობს შეხვდეს ონლაინ არხების მეშვეობით და არაპირდაპირ. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ გარემოებებით ნაკარნახევი გამოსავალი არაა და სრულად მოდის თანხვედრაში ჩანაფიქრთან, გადაწყვეტასთან და ფორმასთან. თემის წევრები ხშირად უჩინარი არიან დანარჩენი საზოგადოებისთვის და თუ ისინი სადმე ახერხებენ არსებობას და საკუთარ თავად ყოფნას, ეს ონლაინ სივრცეა. ამიტომ, ახლაც, პიესის პერფორმატიული ნაწილი მთლიანად დაეყრდნო ხმას და კიდევ ერთხელ შეახსენებს მაყურებელს, რომ იმ სამყაროში რომელზე პასუხისმგებლობის რაღაც წილი მათაც აქვთ, ვიღაცები ნახევრად არსებობენ და უჩინარები არიან.

“ესაა ერთგვარი ცნობიერების ნაკადი, რომელიც აბსოლუტური გულწრფელობით გადმოსცემს ყველა იმ შიშს, სისუსტეს, გარემო პირობებისგან გამოწვეულ მენტალურ არამდგრადობას, წნეხს, სიცარიელეს და ბუნდოვან მომავალს, რაც ერთ კონკრეტულ ქვიარ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ იქნება პიესა, რომელსაც მსახიობი სცენაზე ითამაშებს. ამ შემთხვევაში ჩემი სურვილია, რომ საკონტაქტო მედიუმი პერსონაჟსა და პირობით აუდიენციას შორის იყოს მხოლოდ ხმა“, – მოგვითხრობს ლაშა შანიძე.

ლგბტქი თემის გამოწვევების ამსახველი ილუსტრაციები

David Kelber შექმნა ლგბტქი თემისათვის საქართველოში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ამსახველი კომპოზიციები.  პროექტის ფარგლებში, ყველა ილუსტრაციას ნაცრისფერი ხელები აერთიანებს, რაც სიმბოლურად ჰომო-ტრანსფბოიურ და წინაღობებით სავსე გარემოს გამოხატავს.

ცისარტყელა – 6 ისტორია

“ჩვენი მიზანი იყო, ქუჩებში გამოსვულიყავით, გავმხდარიყავით ხილულები, გვეცხოვრა სიმართლეში და არა ტყუილში”

ჩვენ გვინდა ვთქვათ: “აი, ვინ ვარ მე!” 

სიამაყის/ლგბტქ დროშის შემქმნელის, ბეიკერის აზრით, ცისარტყელა ბუნების დროშაა, რომლის თითოეულ ზოლს თავისი დანიშნულება აქვს.

ვიდეო შეიქმნა ამ ფერების შთაგონებით, სადაც თეთრ, გარემოში არსებული წინააღმდეგობებისგან თავისუფალ და სტერილურ სივრცეში, იდენტობების მიღმა ადამიანები გამოხატავენ საკუთარ სულისკვეთებას.