კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა


დღეს, 13 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციამ “თანასწორობის მოძრაობა” წარადგინა კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ შედეგები.

კვლევა ჩატარდა 2019 წელს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს სამაგიდო კვლევა, ჩატარდა ჩარღმავებული ინტერვიუები, რომლითაც გამოიკითხა 7 მიგრანტი და დარგის 5 ექსპერტი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 შემთხვევის შესწავლა (Case Study), რომელიც აივ/შიდსის სერვისებზე მიგრანტის ხელმიუწვდომლობის გამო ლეტალურად დასრულდა. 

კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ დარგის სპეციალისტები და საკითხით დაინტერესებული პირები. კვლევის ელექტრონული ვერსია “თანასწორობის მოძრაობის” ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კვლევის მიგნებები:

  • სამართლებრივი ბარიერების არსებობა, რომელიც მკურნალობის სერვისის გარეშე ტოვებს საქართველოში მცხოვრები ლგბტქი მიგრანტების არც ისე მცირე ჯგუფს. აივ/შიდსის მკურნალობის მინიმალური სერვისის მიღმა რჩებიან ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც არ არიან საქართველოში სტატუსის მქონე პირები, ან არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული ფაქტი, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულ იმიგრანტთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 
  • აივ/შიდსის მკურნალობის სერვისებზე შეზღუდული წვდომა აქვთ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებსაც, რომელთაც, პროგრამის ფარგლებში მხოლოდ არვ პრეპარატების უფასოდ მიღების შესაძლებლობა აქვთ (აივ მედიკამენტების გაცემის კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე). კვლევის ფარგლებში (მიგრანტებთან და ექსპერტებთან ინტერვიუ), სერვისზე შეზღუდული ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო, არვ-თერაპიის შეწყვეტის ფაქტები არ გამოვლენილა. თუმცა, აღინიშნა (ექსპერტებთან ინტერვიუ) მკურნალობის კურსის დაწყების გადავადების შემთხვევები (ფინანსების მოძიებისთვის ან/და კომისიის გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დრო). შეწყვეტილი/დაგვიანებული მკურნალობა აპროვოცირებს ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას, რაც სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობას, ასევე პოპულაციის დონეზე განაპირობებს წამლის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას. შესაბამისად, ხელს უწყობს (როგორც ინდივიდის, ასევე პოპულაციის დონეზე) მკურნალობის ეფექტურობის შესუსტებას.
  • იმიგრანტთა ჯანმრთელობის უფლების დაცვა საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის პრიორიტეტების მიღმაა დარჩენილი. შესაბამისად, არ არის გაწერილი აღნიშნული უფლების განხორციელების კონკრეტული გზები. მით უფრო, არაფერია ნათქვამი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, მათ შორის ლგბტქი თემის ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მათი დაკმაყოფილების კონკრეტულ საშუალებებზე. UNAIDS-ის რეკომენდაციის თანახმად, აღნიშნული ფაქტი ხელს უშლის აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და აივ-ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის უფლების დაცვას. 
  • მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისების ხელმისაწვდომობაზე უარყოფითად აისახება აივ სტატუსით განპირობებული ე.წ. „მოგზაურობის შეზღუდვები“. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არ არსებობს აივ-ის სავალდებულო ტესტირება და ამით განპირობებული ქვეყანაში შემოსვლის ნებართვაზე უარი, თუმცა არსებობს აივ/შიდსის სტატუსთან ასოცირებული ბინადრობის უფლების მინიჭების შეზღუდვა, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ბინადრობის ნებართვაზე შესაძლოა უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ „იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ჯანდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ნოემბრის 300/ნ ბრძანებით განსაზღვრულია, რომ ტუბერკულოზისა და კეთრის დაავადების გარკვეულ ფორმებთან ერთად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ავადმყოფობაც (B20-B24), რომელიც საკუთარ თავში არ გულისხმობს აივ ინფექციის უსიმპტომო სტატუსს შესაძლოა გახდეს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის საფუძველი. 
  • ლგბტქი მიგრანტებისთვის აივ/შიდსის სერვისებში (სამკურნალო და პრევენციული), როგორც ჩართვის, ასევე სერვისებზე დამყოლობის ძირითადი ბარიერი სოციალური მხარდაჭერის დეფიციტით არის განპირობებული. სოციალური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად არ არის შეთავაზებული, ხოლო სათემო ორგანიზაციების რესურსი ამ მიმართულებით არასაკმარისია და ლგბტქი მიგრანტთა გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერის საშუალებას არ იძლევა. 
  • აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ლგბტქი პირთა მიერ თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრით სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევა. კერძოდ, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ტრანს* მიგრანტებმა არამეგობრული და საფრთხის შემცველი გარემოს არსებობის გამო, სურვილის მიუხედავად, უარი განაცხადეს ცენტრის სერვისის მიღებაზე.
  • გამოვლინდა აივ/შიდსთან ასოცირებული დისკრიმინაციული ფაქტის არსებობა ქართულ კანონმდებლობაში. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე და აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლების საფუძველზე, ქვეყანაში კრიმინალიზებულია აივ/შიდსის (სხვა სგგი-სგან განსხვავებით) სხვა ადამიანისთვის გადადება. ამასთან, კვლევის ფარგლებში შემთხვევის განხილვამ აჩვენა, რომ კანონი ნაკლებად მუშაობს პრაქტიკაში და მისი არსებობა, ძირითადად სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს.
  • ქვეყანაში ძლიერია სტიგმა და ხშირია დისკრიმინაცია, როგორც ლგბტქი და აივ/შიდსთან დაკავშირებით, ასევე მიგრანტებთან მიმართებაში. სტიგმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები აღინიშნა სამედიცინო დაწესებულებაშიც. გარდა ამისა, გამოიკვეთა კონფიდენციალობის დარღვევის ცალკეული ფაქტებიც.
  • სერვისებზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ მთავარ ბარიერად, სწორედ ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა გამოვლინდა. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო სტრუქტურები სოციალური და ჯანდაცვის სერვისების შესახებ მიგრანტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ/ვერ აწვდიან, რის გამოც იზღუდება მათი ინფორმირება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 
  • კვლევამ აჩვენა, რომ მიგრანტთა უმრავლესობისთვის, სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ძირითად წყაროს მეგობრები, ახლობლები და სათემო ორგანიზაციები წარმოადგენენ. მოწოდებული ინფორმაციის არხებიდან, ყველაზე უფრო პოპულარული და ეფექტური ონლაინ აპლიკაციები (ე.წ. გაცნობის საიტებიდან მიღებული ინფორმაცია) და ქვიარ ღონისძიებებზე გავრცელებული ინფორმაციაა.
  • კვლევის ფარგლებში, შემთხვევათა ანალიზის დროს გამოიკვეთა გარემობა, რომელიც შიდსის კლინიკური ნიშნების შესახებ ექიმების ნაკლებ ინფორმირებულობაზე მიუთითებს (ვიწრო სპეციალიზაციის მქონე ექიმის გარდა). ამის გამო, დაფიქსირდა დაავადების ტერმინალურ სტადიაზე დიაგნოსტირების ფაქტი და შემთხვევის ლეტალური გამოსავალი.

გაეროს შიდსის პროგრამის 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მონაცემებით, მსოფლიოში 37.9 მილიონი ადამიანია აივ-ით ინფიცირებული, რომელთაგან 1.7 მილიონი – ბავშვია (15 წელს ქვემოთ). 2016 წელს ევროპის რეგიონში აივ-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა, 160 000-ზე მეტი შემთხვევა, დაფიქსირდა. ამათგან, 80% – აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, 17% – დასავლეთ ევროპაში, ხოლო 4% ევროპის ცენტრალურ ნაწილში იყო რეგისტრირებული. აღმოსავლეთ ევროპაში აივ-ის ეპიდემიის უდიდეს წილს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციაში ახალ შემთხვევათა რაოდენობის სწრაფი ზრდა განაპირობებს. 

აივ/შიდსისადმი მოწყვლადი სეგმენტია მიგრანტი პოპულაციაც, რომელიც გლობალიზაციის პროცესების პარალელურად, თანამედროვე მსოფლიოს, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. აივ-ის გავრცელება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა პრობლემას წარმოადგენს ევროპის რეგიონში მცხოვრები მიგრანტებისთვისაც. 2015 წელს EU/EEA რეგიონში რეგისტრირებული აივ-ის ახალი შემთხვევების 35%-ს მიგრანტი პოპულაცია წარმოადგენდა (ECDC and WHO Europe, 2016). 

ჯანმოს მონაცემებით, დღეისათვის, მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება (მიგრირებს), ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს 7 მილიარდი მოსახლეობიდან, დაახლოებით 1 მილიარდი მიგრანტია, რომელთაგან 250 მილიონი – საერთაშორისო, ხოლო 763 მილიონი შიდა მიგრანტია. მსოფლიოს შიდა და საერთაშორისო მიგრანტებიდან 65 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.