უკანასკნელ წლებში კანონმდებლობაში გადადგმული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და დოკუმენტირებული შემთხვევები ამტკიცებს, რომ ჰომო- და ტრანს*ფობიური დისკრიმინაცია, აგრეთვე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
პრაქტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი აჩვენებს, რომ გეი კაცებს, სხვა მსმ-ებსა და ტრანს* ადამიანებს სხვათა თანასწორად არ შეუძლიათ საერთაშორისო სამართლით, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განმტკიცებული უფლებებით, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობა. ოფიციალური სტატისტიკის
არარსებობის პირობებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ლგბტ+ ადამიანები განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ბულინგს, ოჯახში ძალადობას.
ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად ლგბტ+ ადამიანები იძულებულნი ხდებიან ქვეყანა დატოვონ და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გადავიდნენ. წინამდებარე ანგარიშში განხილულია გეი კაცების, სხვა მსმ-ებისა და ტრანს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში. დოკუმენტში წარმოდგენილია კანონმდებლობის ანალიზი და ინფორმაცია ლგბტ+ ადამიანების უფლებების დარღვევის დოკუმენტურ შემთხვევზე. ანგარიშის დასკვნით ნაწილში კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით შემოთავაზებულია ცალკეული რეკომენდაციები.
კვლევა ეფუძნება თვისებრივი კვლევის მეთოდს. ანგარიშის მომზადებისას ძირითად წყაროს წარმოადგენდა საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი. ამდენად, სამაგიდო კვლევის ფარგლებში შეფასებული იქნა არსებული კანონმდებლობა და მის საფუძველზე განვითარებული პრაქტიკა.
კვლევაში გამოყენებულია პასუხისმგებელი უწყებებიდან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა) გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. დამატებით წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, კვლევები, შეფასებები, დოკუმენტირებული შემთხვევები. აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის სრულყოფილი შეფასებისთვის
ანგარიშის სრულად სანახავად, გთხოვთ, იხილეთ ბმულზე.