ირლანდიის პრემიერმინისტრი მაიკ პენსს პარტნიორთან ერთად შეხვდა


ირლანდიის პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარი  აშშ-ს ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრაზე თავის პარტნიორთან ერთად მივიდა. მაიკ პენსი ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევა.

ლეო ვარადკარი აშშ-ში, რომელსაც ირლანდიასთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, მიმდინარე კვირაში იყო ჩასული. წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე, რომელიც ვიცე პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, ვარადკარი პარტნიორ მატ ბენეტთან ერთად მივიდა.

ვარადკარმა დატვიტა, რომ პენსების ოჯახმა ისინი “თბილად მიიღო”, თუმცა, პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გადატანა ხშირად მოუხდა.

“მე ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც თუ შევეცდებოდი ის ვყოფილიყავი ვინც ვარ, კანონის საწინააღმდეგო იქნებოდა. დღეს ყველაფერი შეიცალა, მე აქ ვდგავარ, ჩემი ქვეყნის მეთაური, ჩემი ადამიანური სისუსტეებით, განკიცხული ჩემი პოლიტიკური ქმედებებით და არა ჩემი სექსუალური ორიენტაციის, კანის, გენდერის თუ რელიგიური შეხედულებების გამო”, – განაცხადა ვარადკარმა.

მაიკ პენსის ჰომოფობიური განწყობები საყოველთაოდ ცნობილია.  თავის დამოკიდებულებებს არც მაშინ მალავდა, როდესაც კონგრესმენი იყო, შემდეგ კი ინდიანის შტატის გუბერნატორი.

ლგბტქი საკითხებზე ერთერთი დისკუსიის დროს დონალდ ტრამპმა მაიკ პენსზე მითითებით ასეთი რეპლიკა ისროლა, “არ კითხოთ ამ ბიჭს მოსაზრება [მაიკ პენსს], მას უნდა რომ ყველა მათგანი ჩამოახრჩოს”.

მაიკ პენსი ასევე მხარს უჭერდა ქვიარ ადამიანების “განკურნების თერაპიას”, რომლის ერთვარი ლიცენზია პენსის მიერ ხელმოწერილი “რელიგიური თავისუფლების კანონი” გახდა. ბოლოს კი ისიც გახდა ცნობილი, რომ მისი ცოლი კარენ პენსი ასწავლიდა სკოლაში, სადაც აკრძალული იყო ლგბტქი მოსწავლეების მიღება.

გასულ წელს პენსისა და ვარადკარის პირველი შეხვედრის შემდეგ, ვარადკარმა თქვა, რომ პენსების ოჯახი კარგად იყო მომზადებული და გულთბილი შეხვედრა მოაწყვეს და შემდეგ ჯერზეც მიიპატიჟეს. პენსმა ვარადკარი და მისი პარტნიორი დედამისს გააცნო, რომელიც წარმოშობით ირლანდიიდანაა.

წყარო: The Guardian