პროლოგის მაგიერ
ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ, სამწუხაროდ, არაფრადაც არ გადაქცეულიყო. იწვა საწოლში და იწვა როგორც თვითონ, როგორც საკუთარი თავი.
სურათი პირველი, სადაც გადავწყვიტე, რომ დრო იყო
ამბობენ, რომ თეატრის ყველა რეჟისორს უნდა “ჰამლეტის” დადგმა და ზოგი აკეთებს ამას, ზოგი — ჯერ არა. მე არ მგონია, რომ ყველას უნდა, მაგრამ 2018 წლის ზაფხულში მე ნამდვილად აღმოვჩნდი მათ შორის, ვისაც უნდოდა.
სურათი მეორე, სადაც 10 წამი მაქვს
დიღომში, კინოსტუდიის პავილიონის ეზოში ვდგავარ. დაახლოებით 30 მეტრში დგას გოგო. ეს გოგო მსახიობია. ეს გოგო წინა წელს გავიცანი. მისკენ მივდივარ. მასთან მისასვლელად ყველაზე ბევრი 10 წამი დამჭირდეს. მივდივარ იმიტომ, რომ იმ წამს გაჩენილი იდეა მომენტალურად ვაქციო რაღაც უფრო ხელშესახებად, ვიდრე იდეაა. სანამ მისკენ წავიდოდი, მივხვდი, რომ მასთან ერთად მუშაობა მინდოდა. როცა მისკენ დავიძარი, უკვე ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა. როცა ამ 30 მეტრს და 10 წამს ვფარავ, ვუახლოვდები და ვეუბნები:
– იქნები ჰამლეტი?
ის ამბობს:
– რა? მართლა? მართლა? ვიქნები.
მსახიობი გოგო ამბობს, რომ, კი, იქნება ჰამლეტი.
მე შემიძლია დავიფიცო, რომ სანამ მისკენ მივდიოდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა როლს შევთავაზებდი. მოკლედ, ასე: დავდგამ “ჰამლეტს”. ჩემს ვერსიაში ჰამლეტი ტრანსი იქნება.
სურათი მესამე, სადაც ვცეკვავ
პარასკევია. ან შაბათი. კლუბში ვარ. “მტკვარზე”. პირველად ვარ. ისევ ის ზაფხულია, მსახიობი გოგოსკენ რომ წავედი და ვკითხე: “იქნები?” ამ პერიოდში თეატრს ვეძებ, სადაც “ჰამლეტს” დავდგამ. მერე კლუბის დარაბებიანი ფანჯრიდან ვიხედები. დარაბებს იქეთ მდინარე ჩანს. მდინარე კლუბის განათებას ირეკლავს და რაღაც ეგეთს ვფიქრობ:
– კი. ესაა. აი, ამ მდინარეს უნდა ჩამოქონდეს ოფელიას გვამი. არ მინდა თეატრი. ეს მინდა. კლუბი მინდა. არ მინდა დეკორაცია. ეს მდინარეა დეკორაცია.
მეორე დღეა. თუ ის პარასკევი იყო, ესე იგი, შაბათი და თუ ის შაბათი იყო, მაშინ — კვირა. მოკლედ, მეორე დღეა და კლუბის მეპატრონეს ვწერ. მერე კლუბის მეპატრონე მწერს:
– ვააააახ უუუმაგრესი ამბავია!
ზუსტად ასე. ხუთი “ა” და სამი “უ”. მოკლედ, თანხმობა.
სურათი მეოთხე, სადაც რაღაც დრო გავიდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის
მთელი შემოდგომა ვმუშაობთ. მთელი ზამთარი ვმუშაობთ. ჯერ მე და ის მსახიობი გოგო, მერე მე, ის მსახიობი გოგო და სხვა მსახიობი გოგოები და მსახიობი ბიჭები. უმეტესად ვმუშაობთ. ხანდახან ვჩხუბობთ. მერე ისეც ხდება, რომ უმეტესად ვჩხუბობთ და ხანდახან ვმუშაობთ. მალე უკვე მზად ვართ. ხალხი დაბნეულია. მოდიან, მაგრამ ზოგმა ვერ გაიგო კლუბში მოდის თუ თეატრში. – მანდ ტრანსპორტი დადის?
– ღამის 11 საათი რა ამბავია, თეატრია თუ ის?
– მაგ ადგილზე ეხლა კლუბია? მაგარი თევზის რესტორანი იყო ადრე. ძაან მაგარი. ძაან. ძააააან. ესე იგი, კლუბი.
– გაასწორა.
– მაგარი იყო.
– ეს “ჰამლეტი” არ იყო!!!
– კარგად ვერ ვხედავდი.
– მაგარი იყო, ძაან. ძააააან.
ამ მდინარემ მართლა ჩამოატარა სპექტაკლში ოფელიას გვამი. ამაში გვეხმარება 112 და სპეციალური კატერი, რომელსაც ასევე 112 აწერია. გვეხმარებიან მაშველები. ხალხი კლუბის აივანზე გადის და მოაჯირზე ეკიდება. ზოგი კარგად ხედავს. ზოგი — ისე–რა. ზოგი სულ ვერ ხედავს და თითის წვერებზე დგას. ეს მდინარე მტკვარია. მტკვარს ბევრი გვამი უნახავს. ამჯერად გვამი ნამდვილი არაა. ეს გოგო ნამდვილია, მაგრამ ეს გვამი ნამდვილი არაა. ეს გოგო მსახიობია. მტკვარს კიდევ ბევრი გვამი უნახავს. ძაან ბევრი გვამი. ძააან. ძაააააააან. ეს მდინარე არქივია. პოლიეთილენის პარკების და გვამების არქივი. ეს მდინარე ამ ქალაქის მეხსიერებაა. ფრაგმენტული და დაბინძურებული:
“წყალზედ სამოსი გარდაშლია, არ ჩაუძირავს,
და სირინოზის მზგავსად იგი ძველსა სიმღერებს,
თვის ბედშაობის უგრძნობელი, ამბობდა თურმე;
იგი ჰგავდაო წყალში აღზრდილს მდინარის შვილსა.
მაგრამ როდესაც გაჟღენთია ტანთ–სამკაული,
საცოდავს უცბად შესწყვეტია ტკბილი გალობა
და შლამიანს ფსკერს მიუზიდავს უსულო გვამი.”
ეს მდინარე მტკვარია. და ამ მდინარეს პერიოდულად ჩამოაქვს:
ქვიარის
სისგენდერი კაცის
სისგენდერი ქალის
ბისექსუალის
პანსექსუალის
ასექსუალის
ინტერსექსის
ჰეტეროსექსუალის
ლესბოსელის
გეის
ტრანსგენდერის სხეული
ბევრი ტრანსგენდერის სხეული. ბევრი ჰეტეროსექსუალის სხეული. ბევრი. ძაან. ძაააან. ძაააააააააააააან.
სურათი მეხუთე, სადაც რაღაცებს გვეუბნებიან
სპექტაკლს ბევრი მაყურებელი ჰყავს. ძაან. ძაააააან. რაღაცებს გვეუბნებიან. უმეტესად კარგს. იშვიათად — ცუდს. ვიღაც გვიკომენტარებს:
მოგიტყანთ თეატრი!
ეპილოგი
ახლა აღარც 2018 წელია და აღარც ზაფხული. მაგრამ აქ რაღაცები არ იცვლება. ტრანსგენდერს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ზუსტად ისეთივე სამართლიანად და გულწრფელად შეუძლია დაიჩივლოს დღესაც, როგორც “ჰამლეტი” ჩივის II სურათში:
“მე სამსახურში კარგ ადგილს არ მაძლევენ.”