ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – ომბუდსმენის ანგარიში


ენ არბორის პრაიდი 2017 წელს. credit:flicrk/rosefirerising

დღეს, 2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა “საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ” 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა საქართველოში არ გაუმჯობესებულა. გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ლგბტქ თემის უფლებების შესახებაა საუბარი.


ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობასა და დისკრიმინაციას. ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა.

2019 წელს ლგბტ+ თემის, ლგბტ უფლებადამცველებისა და თემის მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ღიად არ აღინიშნა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ამ დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას.

დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმას“ (2018-2020) დაემატა ქვეთავი, რომელიც მიმართულია თანასწორობის პოლიტიკისდამკვიდრებისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ

ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობა

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილი საქმეების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები. ქვეყანაში არ შეცვლილა ჰომოფობიური განწყობები და ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობა ხშირად საზოგადოების მხრიდან გამართლებული და წახალისებულია.

ლგბტ+ თემის წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვისას ხშირად უთითებენ, რომ როდესაც მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე პოლიციას მიმართავენ, დამამცირებელი მოპყრობის, ჰომოფობიური დამოკიდებულების, სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და გულგრილობის მსხვერპლი ხდებიან.

აღნიშნული ხშირად განპირობებულია სამართალდამცავ უწყებაში ლგბტ+ პირების მიმართ არსებული არასენსიტიური დამოკიდებულებით, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით, რომელიც არ არის მორგებული ლგბტ+ პირთა საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს გამოკითხვისას კონფიდენციალობის დაცვას.

შედეგად, ხშირ შემთხვევაში, თემის წევრები კონკრეტული ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციას არ ატყობინებენ, ან მოგვიანებით აღარ თანამშრომლობენ მათთან, რაც ძალადობის შემთხვევების აღურიცხაობას და რეაგირების მიღმა დატოვებას უწყობს ხელს.

საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეების მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ პირების მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომის შემთხვევების გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია არ აწარმოებს სტატისტიკას ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ საქმეებზე შესულ საჩივრებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მიმართვიანობის და რეაგირების ტენდენციის დანახვას.

ლგბტ+ პირების მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმები, რაც ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებში გამოიყენება, არ არის საკმარისი ოჯახსა და ოჯახს გარეთ ძალადობის მსხვერპლ ლგბტ+ პირებისთვის ადეკვატური სერვისის მისაწოდებლად. პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის შემთხვევაში, გეი/ბისექსუალ კაცებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ ადეკვატური დაცვისა და დახმარების სერვისები.

კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა. ეს იმით არის განპირობებული, რომ კანონმდებლობა ჰეტერონორმატიული ხედვით არის შექმნილი. ამასთან, თავად თემის შიგნით არსებული სტიგმის, შესაძლო იძულებითი „ქამინგ აუთის“ და სამართალდამცავთა მიმართ უნდობლობის გამო, ლგბტ+ პირები, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, თავს იკავებენ სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვისგან.

ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

საქართველოში ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მიმართულებით ვითარება არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (შემდგომში გაიდლაინი და პროტოკოლი), რითაც ტრანსგენდერ ადამიანთა ტრანზიციისთვის საჭირო დიაგნოსტირებისა და შემდგომში გასატარებელ სამედიცინო ღონისძიებათა ნუსხა გაიწერებოდა. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ხარისხის კონტროლი.

ტრანსსპეციფიკური სამედიცინო მომსახურების გაიდლაინებისა და პროტოკოლების არარსებობა იმ გარემოებასთან კავშირში უნდა განიხილებოდეს, რომ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობაა.

აღნიშნული პრაქტიკით, რომელიც თავისთავად არის ადამიანის უფლების შემლახავი, მათი გენდერის  სამართლებრივი აღიარების სანაცვლოდ, სახელმწიფო ტრანს ადამიანებს აიძულებს, სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები ისე ჩაიტარონ, რომ არ განსაზღვრავს აღნიშნული პროცედურების სტანდარტებსა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმს.

საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებისა და რეკომენდაციების სრულად სანახავად გადადით ბმულზე.