მსმ და ტრანს მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში


“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “მსმ და ტრანს მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში”, რომლის მიზანია შეისწავლოს ბარიერები, რომლებსაც საქართველოში მიგრირებული მსმ და ტრანს ადამიანები აწყდებიან.

დოკუმენტის ჩამოსაწერად გადადით ბმულზე.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა აივ/შიდსის  პრევენციისა და მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა განაპირობა. შესაბამისად, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამკურნალო და პრევენციულ პროგრამებზე უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება ხელი, უფრო ადრე ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება და შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა შემცირებულია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიღწეული პროგრესი ყველაზე მეტად მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს შეეხო. წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლევები აჩვენებს, რომ აივ/შიდსის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა რთულად განხორციელებადია რიგი ქვეყნებისთვის, რაც რესურსების ნაკლებობასთან ერთად კომპლექსური მიდგომის სიმწირითა და აივ/შიდსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სტიგმითა და დისკრიმინაციითაა განპირობებული. სწორედ ამიტომ, საკითხი ჯერ კიდევ რჩება თანამედროვე მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უფლებაზე დაფუძნებული ჯანმრთელობის სერვისების განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

გაეროს შიდსის პროგრამის 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მონაცემებით, მსოფლიოში 37.9 მილიონი ადამიანია აივ-ით ინფიცირებული, რომელთაგან 1.7 მილიონი – ბავშვია (15 წელს ქვემოთ). აღსანიშნავია, რომ ინფექციის არსებობის განმავლობაში, სულ, 75 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით, ხოლო 32 მილიონი – გარდაიცვალა (UNAIDS, 2019). აივ/შიდსის გავრცელება და ამით გამოწვეული ჯანმრთელობის გამოსავლები ჯერ კიდევ წარმოადგენს ევროპის რეგიონის, განსაკუთრებით კი მისი აღმოსავლეთი ნაწილის (ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისი), ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. 2016 წელს რეგიონში აივ-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა, 160 000-ზე მეტი შემთხვევა, დაფიქსირდა. ამათგან, 80% – აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, 17% – დასავლეთ ევროპაში, ხოლო 4% ევროპის ცენტრალურ ნაწილში იყო რეგისტრირებული. აღმოსავლეთ ევროპაში აივ-ის ეპიდემიის უდიდეს წილს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციაში ახალ შემთხვევათა რაოდენობის სწრაფი ზრდა განაპირობებს. ორივე ქვეყანაში იდენტიფიცირებული შემთხვევები მთლიანი რეგიონის – 73%-ს, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილის 92%-ს შეადგენს (World Health Organization, European Centre for Disease Prevention and Control., 2017).

ცნობილია, რომ აივ დადებითი ადამიანების უდიდესი ნაწილი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც ნაკლებია ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, რთულია მათი სამედიცინო პროგრამებით უზრუნველყოფა. საჭიროებებზე მორგებული სერვისების ნაკლებობა, ინფორმაციის დეფიციტი და გარკვეული ჯგუფებისადმი საზოგადოებაში არსებული სტიგმა განაპირობებს იმას, რომ ზოგად პოპულაციაში ინფექციის გავრცელების შენელებული ტემპის მიუხედავად, ჯერ კიდევ მზარდია შემთხვევები შემდეგ ჯგუფებში: მსმ, ნიმ, კსმ, ტრანსგენდერი* ადამიანები და პატიმრები. გარდა აღნიშნულისა, აივ/შიდსისადმი მოწყვლადი სეგმენტია მიგრანტი პოპულაციაც, რომელიც გლობალიზაციის პროცესების პარალელურად, თანამედროვე მსოფლიოს, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. აივ-ის გავრცელება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა პრობლემას წარმოადგენს ევროპის რეგიონში მცხოვრები მიგრანტებისთვისაც. 2015 წელს EU/EEA რეგიონში რეგისტრირებული აივ-ის ახალი შემთხვევების 35%-ს მიგრანტი პოპულაცია წარმოადგენდა (ECDC and WHO Europe, 2016). დაავადების გვიანი დიაგნოსტიკა აივ-ის ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია მიგრანტებში; ევროპის რეგიონის ანგარიშები ცხადჰყოფს რომ, არამიგრანტებთან შედარებით, აივ-ის გვიან სტადიაზე დიაგნოსტირება მიგრანტთა გარკვეულ ჯგუფებში ორჯერ უფრო გავრცელებული პრაქტიკაა (Hernando, et al., 2015).

ჯანმოს მონაცემებით, დღეისათვის, მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება (მიგრირებს), ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს 7 მილიარდი მოსახლეობიდან, დაახლოებით 1 მილიარდი მიგრანტია, რომელთაგან 250 მილიონი – საერთაშორისო, ხოლო 763 მილიონი შიდა მიგრანტია. მსოფლიოს შიდა და საერთაშორისო მიგრანტებიდან 65 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ განვითარებადი ქვეყნები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის 85%-ს მასპინძლობენ. ბოლო დროის მოსახლეობის ფართომასშტაბიანმა გადაადგილებამ გამოავლინა ეპიდემიოლოგიური და ჯანმრთელობის სისტემის ახალი გამოწვევები, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა მოერგოს. ამისთვის, მიმდინარე პროცესების მიმართ საჭიროა ჯანდაცვის სექტორის ადეკვატური და დროული რეაგირება (WHO, 2019).

მიგრანტთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხი, ორ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უფლებრივ, ჭრილში შეიძლება იქნას განხილული. ის, ერთი მხრივ, უკავშირდება ინფექციების გავრცელების მომატებულ რისკს; მეორე მხრივ – სხვადასხვა დაავადებისადმი მიგრანტთა მოწყვლადობასა და ჯანმრთელობის სერვისებზე მათ შეზღუდულ ხელმისაწვდომობას. არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც მიგრანტების ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას აფასებს და ამბობს, რომ უამრავი ფაქტორის გამო, მიგრანტი და მობილური პოპულაცია არაერთ დაბრკოლებას აწყდება იმისთვის, რომ ჯანდაცვის ბაზისური სერვისებით ისარგებლოს (Jonathan Ross, 2018). სტიგმა, დისკრიმინაცია, არალეგალური იმიგრაციის სტატუსი, ენის ბარიერი, მიგრანტზე მორგებული ჯანდაცვის პოლიტიკის და სერვისების არარსებობა, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, ხელს უწყობს, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური დაავადებების გავრცელებას მიგრანტებში (F., 2016). ცნობილია, რომ გარკვეულ ჯგუფებში მიგრაციის შემდგომი აივ ინფიცირების შემთხვევები 62%-ს აღწევს, რაც სწორედ კონკრეტულად მიგრანტთა ჯგუფებისთვის დამახასიათებელი სოციალური და ჯანმრთელობის დეტერმინანებითაა განპირობებული (მაგ.: დაბალი შემოსავალი, უმუშევრობა, არადამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები). აღნიშნული ფაქტორები, ხშირად, დაავადების გავრცელებასთან ერთად განაპირობებს მის დაგვიანებულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას; ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში კი, მკურნალობის დამყოლობასთან დაკავშირებულ სიძნელეებს. წამლის მიმართ რეზისტენტობის განვითარებისა და უშედეგო მკურნალობის თავიდან ასაცილებლად, არვ თერაპია რეჟიმის ზედმიწევნით დაცვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში საჭიროებს, რაც ამ ჯგუფის შემთხვევაში, ხშირად შეუძლებელია. მკურნალობის დამყოლობის ბარიერები შეიძლება დაკავშირებული იყოს ქვეყნის კანონმდებლობასთან და ბიუროკრატიულ პროცედურებთან, რომელიც ზღუდავს უცხოელი მოქალაქის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ამ და ზემოთ აღნიშნულ სხვა ბარიერებთან ერთად, მიგრანტებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობას აბრკოლებს პროვაიდერებში დისკრიმინაცია და პროტოკოლების არარსებობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არვ თერაპიის უწყვეტი განხორციელება.

მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მიგრანტთა განსაკუთრებულ საჭიროებებზე, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების დარღვევასა და აივ ინფექციისადმი მათ მოწყვლადობაზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიგრანტი პოპულაციის ის სეგმენტი, რომლის წევრებიც ორმაგი დისკრიმინაციისა და სოციალური იზოლაციის მსხვერპლი არიან. ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნებიან კომერციული სექსმუშაკები, ლგბტქი ადამიანები და ტრეფიკინგის ან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი. უკიდურესი მარგინალიზაცია და ზოგიერთ ქვეყანაში მათი საქმიანობის კრიმინალიზაცია განაპირობებს იმას, რომ ამ ადამიანებს, ხშირად, საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი აივ/შიდსის სერვისებზე. ECDC ანგარიში აჩვენებს, რომ ევროპის რეგიონში აივ ინფექციის კონტროლი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მიუწვდებათ ხელი მიგრანტებს სათანადო აივ ტესტირებაზე, ანტირეტროვირუსულ მკურნალობასა და ჯანდაცვის სხვა არსებულ სერვისებზე. გამომდინარე იქიდან, რომ მიგრანტი პოპულაცია მკვეთრი ჰეტეროგენობით ხასიათდება, პოლიტიკის შემქმნელებისა და აივ-პრევენციის სპეციალისტებისთვის რთულია ისეთი სერვისების შემუშავება, რომელიც მიგრანტთა ქვეჯგუფებისთვის იქნება მორგებული. ხშირად, კვლევები მიგრანტთა ჰომოლოგიურ ჯგუფებს იკვლევს, მაშინ როდესაც აივ-ის გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია მიგრანტთა ჰეტეროგენული ჯგუფების კვლევაც, მათი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, ქცევითი, სტრუქტურული და ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საჭიროებების გათვალისწინება პოლიტიკის შემუშავებისა და სერვისის მიწოდების პროცესში, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს მთავრობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხმევას, თანასწორ-განმანათლებელთა ინსტიტუტის გაძლიერებას, თავდაცვის საშუალებების დარიგებას, ნებაყოფლობით კონსულტაციასა და ტესტირებას, არვ თერაპიაში ჩართვას და მათთვის სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისის შეთავაზებას (International Labour Office – Geneva: ILO, 2016).

მსოფლიოს სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყანას, კონცენტრირებული ეპიდემიით მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სექსუალური კავშირი მამაკაცებთან (მსმ), ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა და კომერციულ სექსმუშაკებში. ამასთან, უკანასკნელი წლების სტატისტიკის ზრდის ტენდენციის თანახმად, ინფექციის გავრცელების სისწრაფე განსაკუთრებით მაღალია მსმ პოპულაციაში, სადაც აივ პრევალენტობა ბოლო წლების განმავლობაში 3.7%-იდან (2007) 20.7%-მდე (2015) გაიზარდა.

2019 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 7 949 შემთხვევა, მათ შორის არის 5 961 კაცი, ხოლო 1 988 – ქალი. აღსანიშნავია, რომ ინფექცია, ძირითადად, 29-40 ასაკის პირებშია კონცენტრირებული. აღსანიშნავია, რომ გაეროს შიდსის პროგრამის მიერ განახლებული პროგრამა SPECTRUM-ის მიხედვით აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა 10 500 შემთხვევით (ნაწილმა მათგანმა არ იცის ინფიცირების შესახებ). ეპიდემიის დაწყებიდან ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება აივ-ის გავრცელების წამყვანი გზა იყო. თუმცა, უკანასკნელი წლების განმავლობაში გადაცემის ჰეტეროსექსუალურმა გზამ პრიორიტეტული ხასიათი მიიღო, რომელიც ახლად რეგისტრირებულ შემთხვევებში 2012 წელს 44,8%-ს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს ეს პროცენტი 51.2%-მდე გაიზარდა.

სადღეისოდ არ არსებობს კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებულებები მიგრანტი მსმ პოპულაციის საჭიროებების შესახებ. თუმცაღა, თემისა და სერვის-პროვაიდერების წარმომადგენლები აღნიშნავენ მიგრანტი მსმ-ების, ვინც პრევენციულ და სამკურნალო დაწესებულებებს მიმართავენ, რაოდენობის ზრდას. ზოგ შემთხვევაში მათ არ აქვთ წვდომა მკურნალობაზე, განსაკუთრებით მათ ვისაც არ აქვს საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი მათგანი კომერციულ სექსშია ჩართული და/ან ჰყავს მრავლობითი სექსუალური პარტნიორი, მნიშვნელოვანია მათთვის პრევენციასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.