ემოციური შანტაჟის პირისპირ | ამანდა მახმუდოვი


ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ განსხვავებული ვიყავი. მიყვარდა კაბები, დედაჩემის პარფიუმერია, მაკიაჟის კეთება. მშობლები რომ მიდიოდნენ სხვაგან და სახლში არ იყვნენ, ზეიმი მქონდა. მივდიოდი, გამოვალაგებდი გარდერობიდან დედაჩემის ქუსლებს, ვაპაკუნებდი, პომადით ვითხაპნებოდი ხოლმე. გრძელი კულულები მქონდა. ლამაზი ბავშვი ვიყავი. დედებს, რომლებსაც გოგო უნდათ და ბიჭი გაუჩნდებათ, მათამამებდნენ, არ მიშლიდნენ, მაგრამ მამაჩემი რომ ხედავდა, მეჩხუბებოდა ხოლმე. მაგრამ მაინც, ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ ძლიერი ვიყავი, მამაჩემი რომ მეუბნებოდა ბიჭი ხარ, ნუ შვები, მე ვპასუხობდი, არა გოგო ვარ-მეთქი.

ბავშვობიდან გოგოდ მივიჩნევდი თავს. ადრე, როცა ამაზე ვფიქრობდი, ყოველთვის მეგონა, რომ მარტო ვიყავი, საკუთარ თავს “ბუნების შეცდომად” მივიჩნევდი. გარდატეხის პერიოდში გავაკეთე საკუთარ თავთან ქამინგ აუთი, რომ მე ვარ ბიჭის სხეულში დაბადებული გოგო. აქედან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. 14 წლამდე ნიღბით ცხოვრება მიწევდა. მეგონა, რომ მარტო მე ვარ ასეთი, ჩემს გარშემო არავინ არ არის ასეთი, 19 წლის წინ ჭირდა კომუნიკაცია, არ იყო სმარტფონი, არ იყო იმდენად განვითარებული სამყარო როგორც ახლაა. ახლა ძალიან ბევრი საიტია, რომლითაც ვინმეს გაიცნობ, იცი რომ არსებობენ სხვა გეები და ტრანსგენდერები. თავიდან, სანამ გავიგებდი რას ნიშნავდა ტრანსგენდერის ცნება, ქალად კი ვგრძნობდი თავს, მაგრამ მცდარი წარმოდგენა მქონდა. მეგონა გეი ვიყავი, თუმცა ვიყავი ტრანსგენდერი ქალი. გვიან გავაცნობიერე ჩემი გენდერული იდენტობა. სოციალური ქსელების, ჩემზე ნასწავლ ადამიანებთან საუბრის გზით გავაცნობიერე, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. ერთეულები მეგონა რომ ვიყავით. რას ვიფიქრებდი, რომ ცხოვრება ისეთ სიურპრიზს მომიწყობდა, იმდენს გავიცნობდი ჩემს მსგავს, რამაც უზომოდ ბედნიერი გამხადა, მაფიქრებინა, რომ ბედნიერების ზღვარი აღარ არსებობდა ჩემთვის.

13 წლის ასაკში გავიცანი პირველად ტრანსგენდერი ქალი ზიზი შეყელაძე, ჩემი მეგობარი, რომელიც ახლა ცოცხალი აღარ არის. “პლეხანოვზე” მივდიოდი ცირკის გავლით, ღამის საათებში. იქ შევხვდი ზიზის შემთხვევით. საუბრისას მკითხა, რამდენი წლის ხარო. ცამეტის – ვუპასუხე. ამაზე კი მომიგო, აქ რა გინდა 13 წლის ბავშვს ამ დროსო. ამ კითხვამ შემაშინა, თანაც აგრესიულად მელაპარაკებოდა.

“რა იყო, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ და ღამე სად ვივლი და სად არ ვივლი ვინმე გკითხავ მეთქი?”, – ვუპასუხე.  “ქალოო”, – დამიძახა. გაოცებული ვუყურებდი და გულის სიღრმეში გამიხარდა ასე რო მომმართა და თან თავმოყვარეობის განგაში ჩაერთო, რას ჰქვია ვიღაცამ ქალო დამიძახა-თქო. კაი რას შეიშმუშნე მეც ეგეთი ვარო. ამ წინადადების შემდეგ, იმ წუთიდან დავმეგობრდით.

დედაჩემი ხვდებოდა, მაგრამ რომელ დედას უნდა გული ატკინოს შვილს?! მამაჩემი მთვრალი რომ მოდიოდა სახლში, დედა ჩემს ოთახში შეკეტვას და დაძინებას მთხოვდა, რადგან იცოდა, რომ მამაჩემს ძალიან ცუდი რეაქცია ექნებოდა. მამა ხშირად მცემდა ქამრით. დაახლოებით 14 წლის ასაკში, როცა მეცხრე კლასი დავამთავრე, დედაჩემი დავსვი და გავაკეთე ქამინგ აუთი. მეორე ადამიანი იყო დედა, ვისთანაც ვისაუბრე ჩემი გენდერულ იდენტობის შესახებ. პირველი ოჯახის წევრი ჩემი და იყო, ვისაც ბავშვობიდან ყველაფერს ვუყვებოდი, ჩემი მესაიდუმლე იყო. დღესაც, ყველაზე კარგი ურთიერთობა დასთან მაქვს. დედაჩემს ეს რომ მოვუყევი, დაიწყო ტირილი და მითხრა, მამაშენი რომ გაიგებს ამას, ხომ იცი, მოგკლავსო, არ უთხრა მამაშენს, შენს სიცოცხლეს გეფიცები ფანჯარას გავაღებ და გადავხტებიო (მაშინ მეათე სართულზე ვცხოვრობდით). 10 წელი დამჭირდა, რომ დედაჩემის შანტაჟი დამეძლია. 10 წელი ვმალავდი მაინც, იმიტომ რომ დედაჩემის სიყვარული უფრო ძლიერი იყო. საკუთარ მე-ზე მაღლა დავაყენე დედა.

10 წლის შემდეგ მამაჩემს რომ ვუთხარი ჩემი გენდერული იდენტობის შესახებ, მაგრად ვიჩხუბეთ. სახლიდან წამოსვლა მომიწია. დედაჩემს ვუთხარი, რომ თავს არ მოიკლავ. თუ მოიკლავ არც შენს შენს პანაშვიდზე და სასაფლაოზე არც ერთხელ არ მოვალ-მეთქი. უკვე მე შევუტრიალე შანტაჟი. ძალიან დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრით.

პირველი ნაბიჯი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს გადავდგი, როდესაც მე და ზიზიმ თავისუფლების მეტროდან ორგანიზაცია „იდენტობასთან“ ერთად მსვლელობა მოვაწყვეთ რუსთაველის მეტრომდე. მსვლელობა შოთა რუთაველის ძეგლთან დავასრულეთ და ბუშტები ავუშვით ჰაერში. ლურჯი კაბა მეცვა, თმა გაშლილი მქონდა, მაღალი ქუსლებით გოგოები გიჟებივით დავქროდით. დიდი აგრესია მოჰყვა ამ მსვლელობას, რომ ორი ტრანსგენდერი ქალი ქალაქის ცენტრში დადისო. გადაგვიღეს სურათები, რომლებიც მთელს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ისინი მამაჩემამდეც მივიდა. მეუბნებოდა, მინდა მითხრა, მსახიობობდი და ამის გამო ხარ ამ ფორმაშიო. მე კი მივუგე, რომ ტრანსგენდერი ვარ, ბავშვობიდან ეს ვარ. ის არ მითქვამს, დედამ რომ იცოდა და უმალავდა. ორივეს ანვუცხადე, რომ მე ვარ ქალი და ჩემი ცხოვრება მაქვს-მეთქი. შენს ცხოვრებას გაჩვენებო და ქამარი მოიძრო მამაჩემმა. ამ დროს დედაჩემი გადაეღობა, მამაჩემმა ხელი ჰკრა და წაიქცა. მე გავგიჟდი, ქამარი წავართვი, როგორ ბედავ, დედაჩემს ხელს როგორ ურტყამ – მეთქი. მამაჩემი ელოდა რომ დავარტყამდი, მითხრა კიდეც მიდი დამარტყი ეგღა დამრჩა, თავი მომჭერიო. რა თქმა უნდა, ქამარი არ დამირტყამს მის დონეზე არ დავეშვებოდი, თუმცა სამზარეულოში შევარდა თითქოს დანა უნდა აეღო, ამ დროს დედაჩემმა მითხრა დროზე წადი სახლიდან, თავს უშველეო. ზუსტად ორი წლის განმავლობაში არავითარი კონტაქტი არ მქონია დედასთან და მამასთან. ჩემს დას ვეკონტაქტებოდი მხოლოდ, იმის გასაგებად, თუ როგორ იყვნენ და გული მოულბა თუ არა მამაჩემს.

მე და მამა შევრიგდით მაშინ, როდესაც მიკრო ინფარქტი დაემართა. ეგონა, კვდებოდა და პატიება მთხოვა. ვაპატიე ყველაფერი, რა თქმა უნდა. 12 დღის განმავლობაში მამაჩემი კომაში იყო. ვიბრძოდით, რომ არ მომკვდარიყო, ყველაფერი რაც საჭირო იყო გავაკეთეთ. მიწის ნაკვეთი მქონდა, გავყიდე. აპარატზე იყო შეერთებული. იმედები რომ ამოგვეწურა და აპარატის გათიშვას ვაპირებდით ამ დროს დაიწყო სუნთქვა დამოუკიდებლად. როცა გონს მოვიდა და კომიდან გამოვიდა პირველად მოუთხოვია ჩემი თავი. საუბრისას მითხრა, ვერ შევეგუები იმ აზრს, რომ ბიჭი არ ხარ, მაინც ჩემი ვაჟიშვილი იქნები, მაგრამ, შენ როგორც გინდა ისე იცხოვრე, მთავარია, არც შენ დაზარალდე და არც ჩვენ დაგვაზარალოო. დავდივარ ხოლმე მშობლებთან, ვინახულებ, მაგრამ დავდივარ კაცის ფორმაში და არა ჩვეულებრივ ქალის ფორმით, ჩემი იდენტობის შესაბამისად.

ქამინგ აუთით უფრო ძლიერი გავხდი. უკვე არაფრის და არავისი მეშინია. ადრე ნიღბით რომ ვცხოვრობდი, მიწევდა ჩრდილში ყოფნა, ვერ ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა. ქამინგ აუთს რაც უფრო ადრე გავაკეთებდი, მით უფრო მალე განვვითარდებოდი, ჩამოვყალიბდებოდი იმ პიროვნებად, ვინც ახლა ვარ. ის 10 წელი რომ არ დამჭირვებოდა, მე ვიქნებოდი ჩამოყალიბებული ტრანსსექსუალი ქალი, მექნებოდა ქირურგიული ჩარევები გაკეთებული, მკერდი. ამიტომ, რჩევას მივცემ ყველა იმ დამწყებ ადამიანებს, რომლებმაც ახლა აღმოაჩინეს თავიანთი იდენტობა, რომ არასდროს არაფრის გამო საკუთარი მეობა არ დათმონ. მით უმეტეს, რომ მე ისეთ პერიოდში მომიწია ქამინგ აუთი, რომ არ არსებობდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, შემცირებული აგრესია არ იყო მაშინ, ყველა მხრიდან სიძულვილი მოდიოდა. დღეს მეტნაკლებად შეგუებული არიან, რომ შეიძლება მეზობელი, შვილი, მამიდაშვილი, კლასელი, ან ვიღაცა იყოს განსხვავებული ორიენტაციის ან იდენტობის ადამიანი. ამიტომ, უკან არასდროს არანაირი მიზეზით არ დაიხიონ. დრო არის ყველაფრის მკურნალი. შეიძლება დღეს მშობლებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა ქამინგ აუთის გამო, მაგრამ გავა დრო და ოჯახი მაინც მიგიღებს, სხვა გზა აღარ ექნება. მთავარია, საკუთარ მიზნებსა და მომავალზე უარი არ ვთქვათ და უკან არ დავიხიოთ.

დღეს ყველა ნათესავთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ჩემს ბიძაშვილებთან რომ მივდივარ ხელგაშლილები მხვდებიან, დაო მოხვედიო, მეუბნებიან. რაღაცებს მჩუქნიან კიდეც.  მაგალითად, კაბებს, რომლებიც არ ერგებათ. ჩემს სიძესთან მქონდა ცოტა დაძაბული ურთიერთობა, როცა გაიგო, რომ ტრანსი ვარ. ჩემს დას უთხრა, შენი ძმა აღარ მოვიდეს ჩვენთანო. ჩემმა დამ უპასუხა, რომ შენ შეგცვლი, შენნაირს მილიონს ვნახავ და გავთხოვდები, ის ჩემი სისხლი და ხორცია და იმას ვერ შევცვლიო, ერთი წამითაც არ დავფიქრდები შენსა და მას შორის არჩევანი რომ დამჭირდეს, მას ავირჩევო. მოვა კიდეც და დარჩენაც რომ მოინდომოს დარჩება და ვერ ვეტყვი რომ არ მოვიდესო. ეს იყო ჩემთვის ძლიერი სტიმული, რომ მთელმა სამყარომ ზურგი რომ შემაქციოს და მყავს, მამალი და, რომელიც კბილებით დამიცავს.

ავტორი: ამანდა მახმუდოვი