მე ადამიანი ვარ, ბუნებით. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ზუსტად აქედან გამომდინარე სიამაყით ვამბობ, რომ ადამიანობაა წლების მერე მოპოვებული იდენტობა. ყველა ჰომოსაპიენსი, ვისაც ვიცნობ, გაურბის ამ იდენტობას, არ იაზრებს სრულად მის მნიშვნელობას. თითქოს ჰაერში აბურთავებს ამ სიტყვებს: „ადამიანი ვარ“, „ადამიანი ხარ“, „ადამიანები ვართ“. თუმცა ვინ არის ეს „ადამიანი“? რატომ არ იღებენ „ადამიანობას“ ყველაზე მნიშვნელოვან და ძირითად იდენტობად?
ამას დღეს ვაცმობიერებ და ვქამინგაუთდები როგორც ადამიანი, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებითა და ქცევებით. თუმცა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი ქამინგ აუთები, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ადამიანზე მიბმულ დამატებებს, არსებით სახელებს, ზმნებსა და ზედსართავებს უკავშირდებოდა. მინდა ვთქვა, უმტკივნეულო არც ერთი არ ყოფილა. ყველა ქამინგაუთს მოჰყვებოდა პაკეტში თავისი ლურსმნები, ფიცრები და სისხლი.
თუ ვიტყვი, რომ ქამინგ აუთი ძალიან კარგია, ნამდვილად მოგატყუებთ. თუმცა, თუ ვიტყვი რომ ცუდია, მაშინ? მაშინაც გარკვეულწილად მტყუანი ვიქნები. რაც ნამდვილად კარგი მომიტანა ქამინგ აუთმა – პატრიარქალური, ჰეტერო და სის ნორმატიულობისგან განსხვავებულობის გაცნობიერებამ – ეს თავისუფლებაა, ჩარჩოების მიღმა გასვლა და არაჩვეულებრივი, ახალი მეგობრების შეძენა. ალბათ, ამით შემოვიფარგლები დადებით მხარეებზე. სამწუხაროდ, ბევრი ცუდი მაქვს მოსაყოლი. დიახ! ცუდი, საშინელი, სტრესული, დამაზიანებელი, გამანადგურებელი! არა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არ არსებობს მიღწევები მსხვერპლის გარეშე, თუმცა ამხელა საფასურის გადახდაც საკმაოდ ძვირია თავისუფლებისთვის. აქ უფრო დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაც უფრო მაღლა ძვრები, მით უფრო მტკივნეულია ჩამოვარდნა. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამ მეორეული იდენტობების ძიებისა და მოპოვების ოლიმპისკენ მივიწევდი, ერთ კარგსა და მშვენიერ დღეს კი დავბრუნდი უკან – იქ, სადაც მივხვდი, რომ უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტობაა „ადამიანი“.
რა მოჰყვებოდა მეორეული იდენტობების ქამინგ აუთებს? ტკივილი!!! როცა გავიხსენი როგორც არაჰეტერონორმატიული ადამიანი, დავკარგე მეგობრები და გავიჩინე მტრები. როცა ვაღიარე, რომ არაკაცი ვარ, დავკარგე ბოიფრენდი და სამსახური – ვიპოვე მარტოობა და სიღარიბე. შემდეგ, როცა გავამხილე ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო და დავქამინგაუთდი როგორც სექსმუშაკი, დავკარგე ეგრედ წოდებული „ღირსება“ და „სახელი“, მერგო განსჯა და დაცინვა. ხშირად, ქამინგ აუთების მერე, ხელში მრჩებოდა „ულამაზესი“ თაიგული, ჰომოფობიითა და ტრანსფობიით სავსე. ამას მოჰყვებოდა ქრონიკული დეპრესია, სუიციდის მცდელობები, პანიკური შეტევები, ფობიები, არასრულფასოვნების კომპლექსები, გარიყულობა, მტრები, დევნა და თავდასხმები. თითოეული ამ თაიგულის ყვავილი, პირობითად, ლამაზი იყო და ბრჭყვიალა ფოლგა ჰქონდა შემოხვეული, ზედ კიდევ – ბრჭყვიალები მოყრილი. თუმცა, მაინც ყარდა! მე კიდევ ვიხრჩობოდი ამ სიმყრალეში. ხანდახან ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი გადავიტანე და მავიწყდება, თუმცა – არა; ყოველდღე ჩემდაუნებურად მახსენდება და თვალწინ მიდგება დამცირება, ბულინგი, ძალადობა, „მეგობრების“ ზურგები, მოძალადეების ქმედებები, კიბერბულინგი, ჩემი და ჩემი ოჯახის ცრემლები, თავზე სანთებელით გადამწვარი თმა, სამსახურიდან ყვირილით გაგდება, მეზობლების ფურთხება და შეურაცხმყოფელი წარწერები სადარბაზოში. მტკივა, ძალიან მტკივა.
ჩემი ეგრედ წოდებული პირველი ოფიციალური ქამინგ აუთი, როგორც ლგბტ თემის წევრის, ჩემდაუნებურად მოხდა 2013 წლის ნოემბერში. მარტივად რომ ვთქვათ, იძულებითი ქამინგ აუთი იყო. 2013 წლის 17 მაისის შემდგომ აგორებული საშინელი აგრესიის ტალღა ჯერ კიდევ არ ჩამცხრალიყო. ქვიარ ადამიანების დევნა, დისკრიმინაცია და მათზე ძალადობა კვლავ ხშირი იყო. ლგბტ თემის ადამიანებისთვის ყველანაირად ცდილობდნენ ზიანის, ფიზიკური ან/და ემოციური ტკივილის მიყენებას. დევნის ერთ-ერთი ფორმა იყო კიბერბულინგი ფეისბუკზე. შექმნილი იყო ჰომოფობიური ჯგუფი, სახელწოდებით „ქართველი სლეები“, სადაც იდებოდა თემის წევრების ფოტოსურათები სახელებითა და გვარებით, პირადი გვერდების ლინკებით; მოწოდებებით სურათებზე ასახული „მსხვერპლთა“ მიმართ, რომ ყველას ეგინებინა და გაენადგურებინათ ისინი ერთადერთი მიზეზით – ლგბტ თემისადმი მიკუთვნებულობის გამო. ზუსტად ამ სიძულვილის ერთ-ერთი „გმირი“ გავხვდი მეც. დღევანდელი დღესავით მახსოვს 2013 წლის ნოემბერი, როცა ბაკურიანში სეზონურ მივლინებაში მყოფი, უცებ ზედიზედ მივიღე, გინებითა და შეურაცხყოფით სავსე, ასობით შეტყობინება. პირველი რეაქცია იყო გაკვირვება. რა ხდება? რატომ? მერე პანიკამ და უსუსურობის განცდამ შემომიტია. ამ ყველაფრის აპოგეა დედაჩემის ზარი გახდა. პანიკაში მყოფმა, არ ვიცოდი რა მექნა, მეპასუხა თუ არა. კანკალით დავაჭირე მწვანე ღილაკს და ჩუმად ვთქვი „ალო“, ყურმილის მეორე მხარეს კი მომესმა დედაჩემის ატირებული ხმა. ოჰ, ჩემი საოცარი მეზობლები როგორ გაუშვებდნენ ხელიდან ასეთ არაჩვეულებრივ შანსს?! პოსტის დადებიდან 30 წუთში მიუტანეს დედაჩემს ცხელ-ცხელი ამბავი: „ქალო, შენი შვილი პიდარასტია!“ ჩემი ყურადღებიანი მეზობლების ამგვარმა ზრუნვამ მეც დამაწყებინა ტირილი, გული მეკუმშებოდა. თუმცა, ზუსტად იმ მომენტში, ჩემში გაიღვიძა ძალამ და გამბედაობამ და გადავდგი ჩემს ცხოვრებაში რევოლუციური ნაბიჯი, რომელსაც არასდროს არ ვინანებ. მოვიკრიბე ძალები და ვთქვი: „დიახ, დე! მე იმნაირი ვარ. ამით რამე იცვლება? მე აღარ ვარ შენი შვილი?“ ამ სიტყვების მერე ხაზზე ჩამოვარდა წუთიერი სიჩუმე, რომლის მერე ასევე ძალებმოკრებილმა დედაჩემმა დაწყნარებული ხმით მითხრა: „არა! ამით არაფერი არ იცვლება, შვილო!“, თუმცა დაამატა: „მე ამას კი ვხდებოდი, მაგრამ გავურბოდი, ახლა კი უნდა შევეგუო ახალ რეალობას“. იმ დღის მერე, გარდა იმისა რომ ჩემი მშობელია, დედაჩემი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. გაქრა შიში – „ვაი და დედამ არაფერი გაიგოს“, რადგან უკვე გაიგო. იმ დღის მერე, ბევრი რამე გადავლახეთ ერთად, ბევრ რამეს შევეწინააღმდეგეთ ერთად. აღარ ვთამაშობ, არ ვარ ყალბი და დედას თვალებში ვუყურებ. მეზობლებისთვის, ალბათ, მადლობა მაქვს სათქმელი: ცუდი უნდოდათ და პირიქით მოხდა. მადლობა, ჩემო მზრუნველებო! იმის მერე აღარ მეშინია ვიყო ის, ვინც ვარ სინამდვილეში – ვიყო ადამიანი, რომელიც „განსხვავებულია“.
იცით, სიამოვნებით ვუყურებ ქამინგ აუთების ვიდეოებს იუთუბზე, ვკითხულობ სტატიებს ამ თემაზე სოციალურ ქსელებში და ვიღიმი! გულს მითბობს ეს რომანტიკული და ზეპოზიტიური ისტორიები, თუმცა გულის სიღრმეში ვხვდები, და ვიცი კიდევაც, რა ჯოჯოხეთი დგას თითოეული ისტორიის უკან. ვარ თუ არა გმირი? შეიძლება ვარ კიდევაც. არაჩვეულებრივი მაგალითი ვარ იმათთვის, ვისთვისაც ჯერ არ დაუგლეჯიათ მუხლები და სახე არ გაუძრიათ დაქამინგაუთების ასფალტზე. არა, არავის არ მოვუწოდებ, იატაკქვეშეთში ისხდნენ. არა, სისულელეა. ეგ უფრო საშინელებაა. თვითგანადგურების მექანიზმის შენელებული მოქმედების ბომბია. აუცილებლად უნდა გაუჩნდეთ პროტესტი და შეეწინააღმდეგონ ისეთ შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს, როგორიცაა, მაგალითად, „სახლში ისხდნენ და არ გამოვიდნენ“, „თავიანთ საძინებლებში, რაც უნდა ის უქნიათ“ და სხვა – მოსაზრებებისა, რომლებსაც თავს ახვევენ ყველას. თუმცა, თავზეხელაღებულ და დაუფიქრებელ ქამინგაუთებსაც არავის ვურჩევ. აუცილებელია პლიუსების და მინუსების გაანალიზება, რისკების გათვალისწინება და, რა თქმა უნდა, მზადყოფნა იმისთვის, რომ ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო.
ქამინგ აუთი საქართველოში ჯერ კიდევ რჩება მძიმე პრობლემად. უამრავი ფაქტორი ამას უწყობს ხელს: სახელმწიფო, ტრადიციები, რელიგია, ფაშისტური ჯგუფები. გამუდმებით გიწევს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თუმცა, თუ მტკიცედ გადაწყვეტ ქამინგ აუთის გაკეთებას, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. როგორ და ვისთან გაკეთდება ქამინგ აუთი, ამას ადამიანი თვითონ წყვეტს. არც „სწორი“, ან „არასწორი“ ქამინგ აუთი არსებობს. როგორი იქნება ქამინგ აუთი, რა თქმა უნდა, უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული: სად ცხოვრობ – ქალაქში თუ სოფელში, როგორ საზოგადოებაში გიწევს ყოველდღიურად ყოფნა, როგორი ადამიანები არიან შენს გარშემო და ა.შ. უპირველეს ყოვლისა, დაფიქრდით საკუთარ უსაფრთხოებაზე. აუცილებლად მიმართეთ მეგობრულ, ან პროფესიულ დახმარებას; ესაუბრეთ მეგობრებს, ესაუბრეთ სათემო ორგანიზაციების ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს. კარგად დაფიქრდით, რისი თქმა გინდათ და როგორ. გახსოვდეთ, რომ არაფერი სამარცხვინო არ არის და არასდროს არ არის გვიანი.
რაც შემეხება მე: დიახ, მე ადამიანი ვარ! ყოველი ქამინგ აუთი, რომლის გაკეთებაც 2013 წლის მერე მომიწია, რომანტიკული, გმირული და სამაგალითო იყო. მაგრამ, იყო კი ჩემს ადამიანობაზე დამყარებული? არამგონია! ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემს ბიოლოგიურ მოცემულობებს, ქცევებს, თავისებურობებსა და შემდგომ მიღწევებს უკავშირდებოდა. შეიძლება ახლა ვინმემ თქვას, რომ ზუსტად ეგაა ადამიანობის მანიშნებელი, მაგრამ ჩემთვის – არა. ამ ქცევებში და ა.შ. იკარგება, გვავიწყდება და კვდება კიდევაც „ადამიანი“. ჩნდება ჩარჩოები, ტერმინები და განმარტებები, რომლის დამტკიცება მუდმივად გვიწევს.
უპირველეს ყოვლისა, თითოეულს ვურჩევდი, შეიყვაროს საკუთარი თავი და პირველად საკუთარ თავთან დაქამინგაუთდეს, როგორც ადამიანი – ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ცხოვრება და არავის აქვს მისი მართვის უფლება. ყველა მხოლოდ საკუთარი თავის უფალია. მე პირადად, აღარავის არ ვუმტკიცებ იმას, რაც ისედაც აშკარაა. რა საჭიროა ვინმეს უმტკიცო რომ ადამიანი ხარ?!
ბრძოლა თავისუფლებისთვის არ წყდება. წინ არაერთი კედელი, ორმო და ეკლიანი გისოსია. თუმცა, ბრძოლა იმისათვის, რომ იყო ის ვინც ხარ, აუცილებელია და ყველა წინაღობა გადასალახია. მთავარია, გააკეთო ყველაზე მნიშვნელოვანი ქამინგ აუთი. უთხრა საკუთარ თავს – „მე ადამიანი ვარ!“
ავტორი: ტონი სარასფატი