ავტორი: ტრანსგენდერი ქალი მირანდა ოკუჯავა
დღეს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეა. მე მახსოვს ჩემი დები საბი, ბიანკა და ზიზი, ახალგაზრდები და ლამაზები, ბევრი ოცნებებით და გეგმებით, მაგარამ მათ ვერ შეძლებს ამ ოცნებების ახდენა, იმიტომ რომ ისინი დახოცეს სასტიკად და დაუნდობლად.
მე მახსოვს, საქართველოში გატარებული თითოეული დღე, ჩაგვრით დამცირებით და ძალადობით აღსავსე. მახსოვს, სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის როგორ მიჩქარდებოდა გული შიშით, იმიტომ რომ შეიძლება ეს ბოლო დღე ყოფილიყო, ღრმად ჩავისუნქავდი და ისე გავდიოდი გარეთ. მახსოვს ჩემი ოჯახი, რომელიც თქვენ წამართვით.
თითოეული ღამე მახსოვს, დედიკოს მონატრებული, სახეზე ბალიშაფარებული რომ ვტიროდი, სანამ ძალა არ გამომეცლებოდა და დამეძინებოდა. სექსმუშაკობაც მახსოვს, ყველა კლიენტი, რომელიც როგორც ნივთს ისე მიყენებდა, არ ვიცი ამ გრძნობას რა ჰქვია, ზიზღი და სიძულვილი ერთად, ჩემი თავიც მძულდა მაშინ და ისინიც, იმიტომ რომ საზოგადოება მაიძულებდა ამ ყველაფერს. თქვენ არ მაძლევდით შესაძლებლობას რომ ეს არ მეკეთებია, შანსს არ მაძლევდით იმისას რომ ‘ნორმალური’ ვყოფილიყავი…
ხოდა, მეც ისე ვცდილობდი თავის გადარჩენას როგორც შემეძლო. ის პოლიციელებიც მახსოვს დახმარების მაგივრად ნაცემს რომ დამცინოდა და მაგინებდა, მოძალადეებს “ჯიგარი ხარ ძმაოთი” რომ მიმართავდა ჩემი თანდასწებით და ისე უშვებდა ვითომც არაფერი. ექიმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მკურნალობაზე უარს მეუბნებოდნენ ან ისეთი ზიზღს მაგრძნობინებდა, რომ თვითონ მოვდიოდი საავადმყოფოდან.
ჩემი მეგობრებიც მახსოვს, ტრანსგენდერი ადამიანები, ჩემი მეორე ოჯახი, რომლებმაც მაშინ მიმიღეს და დამიდგნენ გვერდით როცა მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა. რომლებიც წლებია და ახლაც, როცა ამ პოსტს ვწერ იმავეს განიცდიან, ცირკთან იყინებიან იმისთვის, რომ ხვალ ბინის ქირა გადაიხადონ და საჭმელი იყიდონ, რომლებმაც ყველა და ყველაფერი დაკარგეს იმისთვის რომ ის იყვნენ ვინც არიან.
მე მიყვარს ისინი და ვამაყობ მათით, იმიტომ რომ ისინი კარგები და კეთილები არიან. და თქვენ, ადამიანები, რომლებიც მათ ყოველდღიურად სცემთ, აგინებთ და დასცინით, კაცობის, ქართველობისა და მართლმადიდებლობის სახელით ჩვეულებრივი ფარისეველი ბოროტი არსებები ხართ, რომლებიც თქვენს პრობლემებს და ჯავრს მათზე ანთხევთ.
შენზე უფრო სუსტის ჩაგვრა, იმიტომ რომ იცი არავინ დაიცავს და შეგიძლია არ ნიშნავს არც კაცობას, არც სამშობლოს სიყვარულს და არც მართლმადიდებლობას. ბოროტება აუცილებლად ბრუნდება უკან. დღეს ჩვენ თუ ვერ გიხდით სამაგიეროს ამ ყველაფრისთვის ხვალ ღმერთი გადაგიხდით.
ტრანსგენდერთა ხსოვნის მსოფლიო დღე 20 ნოემბერს 1999 წლიდან აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტრანსფობიურ ნიადაგზე მოკლილი ადამიანების გახსენებაა.
ტრანს ადამიანები ერთერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლებიც მუდმივად განიცდიან ჩაგვრასა და ძალადობას. დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ჯგუფმა “პატივისცემა ტრანსფობიის ნაცვლად” შეადგინა, 2008 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში 2982 ტრანს ადამიანი მოკლეს.