მე ბისექსუალი ვარ


ავტორი: ანა ნიკოლაძე

ცოტა ხნის წინ მეგობარმა გამახსენა ამბავი, რომელიც რატომღაც გადავიწყებული მქონდა. მაგისტრატურაზე სასწავლებლად სულ ცოტა ხნის ჩამოსული ვიყავი. სულ რამდენიმე კვირა იყო გასული, რაც დედაჩემის სახლის სხვენში, ვარდისფერ ოთახში აღარ ვცხოვრობდი. სულ პირველად მქონდა პირადი, დიდური პასუხისმგებლობები, ჩემი საკუთარი, დიდური გადაწყვეტილებების მისაღებად და ჩემი, საკუთარი, დიდური შეცდომების დასაშვებად. 

გარშემო იმდენი სიახლე იყო, იმდენი სანახავი, საგრძნობი, სათქმელი. შესაძლებლობებით გაჯერებული ჰაერი თავბრუს მახვევდა და მაჯერებდა, ალბათ ცხოვრებაში პირველად, რომ თუ მომინდებოდა, შემეძლო სულ სხვა ადამიანი ვყოფილიყავი – ზუსტად ის, ვინც მართლა მინდოდა, ოჯახის, მეზობლების, ნაცნობების, ერის და ბერის დაჟინებული მზერის დაუკითხავად. ჩემი მაშინდელი ჯგუფელები სულ ახალი გაცნობილი მყავდა, როცა (მეგობრის გადმოცემით) წვეულებაზე დაგვიანებით მისულმა, უკითხავად, ყველას გასაგებად გამოვაცხადე: მე ბისექსუალი ვარ. 

მახსოვს, ვიღაცებს გაუკვირდათ, ვიღაცებმა თვალები აატრიალეს, ცხვირი აიბზუეს და გრედუეიშენიდან რამდენიმე დღის მერე წამშალეს ფრენდებიდან (ზუსტად ვერ ვიტყვი რისი ბრალი იყო, ამ უკანასკნელი ინციდენტის თუ რომელიმე სხვის, მაგალითად იმის, პირველ, გაცნობით ლექციაზე ჩარლზ მენსონის მაისურით რომ გამოვცხადდი). მხოლოდ ერთმა, ახლა უკვე ჩემმა კარგმა მეგობარმა, ასევე ბისექსუალმა ქალმა გაიგო, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის, უცხო ქვეყანაში ახალი ჩასულისთვის, ეს განაცხადი და ცოტა ხნის წინ შემახსენა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. 

საქმე ისაა, რომ ბი იდენტობა თითქოს წყალში გახსნილი ზეთივითაა, ადვილად საგრძნობი, მაგრამ რთულად მოსახელთებელი. იმის მიუხედავად, რომ ახლაც კარგად მახსოვს პირველი ქალი, რომელიც “სხვანაირად” მომეწონა (“სფაის გერლსის” ნებისმიერი, ჩემს პირველ საკუთარ ოთახში ფერადი ჭიკარტებით გაკრული, ჟურნალ “ვარსკვლავებში” ამოსული პლაკატიდან), ზემოთ ნახსენები განაცხადის შემდეგაც მილიონჯერ დამიყენებია ეჭვქვეშ ჩემი ბი-სექსუალობა (ეგ რო გაიხსენე, კიანუ რივზიც ხო კარგად გიყვარდა? მაგას გენაცვალე ბოზობა ჰქვია… ყველა “სერიოზული” ურთიერთობა კაცთან გქონია და აბა, რანაირი ბისექსუალი ხარ? იქნებ უბრალოდ ყურადღების მიქცევა გინდა. მიდი აბა ბისექსუალობის სამი ალბომი დამისახელე და სხვა მრავალი არია ამავე ოპერიდან).

ძალიან დიდხანს მეგონა მხოლოდ მე ვიყავი “ასეთი”, რომ რაღაცები უბრალოდ გაივლიდა და წყალს თუ კარგად აანჯღრევდი, ზეთი თითქმის გაქრებოდა კიდევაც. მაგრამ, როგორც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, აქაც სირცხვილი და შიში იყო ის რაც მაფიქრებინებდა, რომ ვინმე საკმარისად მნიშვნელოვანი, ან საკმარისად უმნიშვნელო ვართ რომ მარტო ვიყოთ ჩვენს ხორკლიან, რთულად არტიკულირებად, მაგრამ სრულიად ადამიანურ სატკივრებში. როგორც აღმოჩნდა, სხვა ჩემნაირი, საკუთარ არსებობაში დაეჭვებული ბისექსუალები მრავლად არსებობენ და ხშირად იზიარებენ ამ ვერტიგოსავით, მიწის გამომცლელ შეგრძნებას, რომ ლგბტქი+ აბრევიაციაში ჩვენი საკუთარი, ბ ასოს მიუხედავად, ნებით თუ უნებლიედ, ხშირად თემის ღრიჭოებში, ფარდულებში და საკუჭნაოებში აღმოვჩნდებით ხოლმე შეყუჟული. კარგი ისაა, რომ მძაფრად ჰომოფობიურ საზოგადოებაში ხშირად ეს უჩინმაჩინის ქუდი დამცავ აბჯრადაც გვადგება ხოლმე, ცუდი კი ის, რომ ჰომოფობების გარდა, ხშირად ერთმანეთისგან და ჩვენი თავებისგანაც გვიცავს და გვაუჩინარებს.  

რამდენადაც განსხვავებულია ისტორიები, იმდენად ხშირად კომიკურად ერთნაირია გამოცდილებები: თუ ქალი ან ფემინური რეპრეზენტაციის ბი ხარ, დიდი შანსია, რომ ერთხელ მაინც გამხდარხარ ეგზოტიზაციის მსხვერპლი. (ვა ბისექსუალი? ჰეჰე მაგარია. ისა, მე და ჩემ პარტნიორს რა ხანია მესამეს დამატება გვინდა და…) კაცებისა და მასკულინური რეპრეზენტაციის ბისექსუალებში, რამდენადაც ვიცი, საქმე ნაკლებად კომიკურადაა. არ გაგიკვირდებათ და “ცოტათი პიდარასტობა” ჰომოფობებისთვის სრულიად საკმარისი პიდარასტობაა. თან კიდევ, იმ ფაქტს, რომ ხანდახან ბისექსუალობა (გასაგები მიზეზების გამო) გეი იდენტობისაკენ მიმავალ გზაზე გარდამავალი ეტაპი აღმოჩნდება ხოლმე, ბევრი სხვების იდენტობის დევალუაციისათვის იყენებს. 

ვირისგან წიხლი და ცისჰეტ სამყაროსგან ფობია არ უნდა გეწყინოს, ამიტომ ხშირად ყველაზე საწყენი ის არის ხოლმე, რომ ლგბტ+ თემში ბიფობია დანარჩენ სამყაროზე მეტად თუ არა, არანაკლებად ნამდვილად მძვინვარებს. სამწუხაროდ, აქაც ზედმეტად ღრმადაა ფესვგადგმული ის მცდარი და დამაზიანებელი ნარატივი, რომ ბისექსუალები “ვირჩევთ” რომელი გენდერის პარტნიორთან დავიჭიროთ საქმე, თითქოს საყვარელი ადამიანის მონახვა ბაზარში წასვლისას სიის შედგენასავით მარტივი იყოს. 

ჰომოფობიურად განწყობილ ჰეტერონორმატიულ სამყაროში, სადაც ჰომოსექსუალებს მუდმივად ეუბნებიან, რომ მათი სექსუალობა “არაბუნებრივი” და ნაკლოვანია, ერთი მხრივ თითქოს გასაგებიც კია, მონოგამი ბისექსუალების პოტენციურ პარტნიორებს რატომ ეშინიათ, რომ მათი გულის სწორები ადვილ ცხოვრებას, გაკვალულ გზებს და აუტკივარ თავებს “აირჩევენ”. ოღონდ, ბისექსუალები არ ვართ დამნაშავე იმაში, რომ სამყარო ჰეტერონორმატიულია და რომ ხშირად უფრო ადვილია ოჯახის წევრებს, მეზობლებს და კეთილისმსურველებს ავუხსნათ, თუ რატომ გვყავს ცუდი, მაგრამ სწორი გენდერის პარტნიორი, ვიდრე ის, რომ პრინციპში ყველა* გენდერის წარმომადგენელი გვიზიდავს და ამის მიუხედავად მაინც “არასწორ” ადამიანებთან გვინდა ყოფნა (VIN IPIQREBS BAVHVEBZE???!!!!!!!11). 

ამასთან ერთად, ვინც არ უნდა “აირჩიო” პარტნიორად, საბოლოოდ მაინც “ჭრელო პეპელა” გამოდიხარ: თუ ქალი აირჩიე, ავტომატურად ლესბოსელების რიგებში გადადიხარ, ხოლო თუ კაცი – სთრეითების, მტრების და ფემინისტური ღირებულებების მოღალატეების. ამ ყველაფერს არ ეხმარება არც ლგბტ თემში ფეხმოკიდებული, ერთი შეხედვით უწყინარი იერარქიული კონცეპტები, როგორებიცაა მაგალითად “ოქროს ვარწკვლავოსანი” გეის და ლესბოსელის ცნება, თითქოს სექსუალობა შეჯიბრებითი სპორტი იყოს და უგეესის ან ულესბოსელესის მედალს მართლა იძლეოდეს ვინმე (უბისექსუალესის ნომინაციებს პირადში მივიღებ). 

რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში სექსი სექსუალობის უდიდესი ნაწილია. თუმცა, ამასობაში, ყოველდღე ცხადად ვხედავთ, თუ როგორი საზიანოა სექსუალობის პირდაპირ სექსუალურ აქტებთან გაიგივება, როცა ცისჰეტ სამყარო ზუსტად ამ გზით ცდილობს ქვიარ ურთიერთობების დესაკრალიზაციას და დეჰუმანიზაციას. ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში ლიბიდო არა მხოლოდ სექსუალური, არამედ ზოგადი სასიცოცხლო ენერგიაცაა, ჩვენი ბიოლოგიური, სოციალური, კულტურული და შემოქმედებითი მისწრაფებების მთავარი საწყისი. ის “მეს” ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს და ის ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალაა, რომელიც არა მხოლოდ სხვებთან, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავთან გვეხმარება ახლოს, ინტიმურად დაკავშირებაში. ლიბიდო ჩვენი ყოველდღიური სიცოცხლის წყურვილია, ნაპერწკალი ჩვენს თვალებში, ქარი ჩვენს აფრებში და თუ მას თავისუფლად, შეუზღუდავად დინების საშუალებას მივცემთ, აუცილებლად გაგვიყვანს უამრავ უმნიშვნელოვანეს ადგილას, როგორც სამყაროში, ასევე საკუთარ თავებშიც. 

სხვა ფობიების მსგავსად, ბიფობიაც იმ მცდარი, შიშზე და არასრულფასოვნებაზე ამოზრდილი შეხედულებიდან მოდის, რომ სხვა ადამიანები სხვანაირები არიან, უცხოები და ჩვენგან ფუნდამენტურად განსხვავებულები. ჩანასახში, გარემოს სხვებად და ჩვენიანებად, სწორებად და არასწორებად, ცუდებად და კარგებად დაყოფა ქაოსში ჩვენთვის გასაგები რუტინებისა და ლოგიკების ძებნის ძალიან ადამიანური სურვილიდან მოდის, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ხშირად ვცდილობთ ყველაფერი ბინარულ კონცეპტებად დავახარისხოთ. ირონიულია, რომ ტერმინი ბისექსუალიც სწორედ აქედან მოდის. სამწუხაროდ, ასეთ ოროვან ხედვას ხშირად სამყაროს გახლეჩილ, პოლარულ აღქმამდე მივყავართ.

კომპიუტერივით ბინარულად ფიქრი რამდენად ლოგიკურიც არ უნდა იყოს, საბედნიერო სინამდვილე ისაა, რომ სამყარო მხოლოდ შავი და თეთრი არ არის და ის აბსოლუტებიც, რომლებში თეორიული მსჯელობაც ასე ადვილია, პრაქტიკაში ძალიან იშვიათად თუ შეგვხვდება. ბევრჯერ მიფიქრია, რომ იდეალურ სამყაროში (თუ ასეთში დეფოლტ მოცემულობების არსებობას საერთოდ დავუშვებთ) ალბათ ბისექსუალობა ძირითადი, ყველაზე ფართო მოცემულობა იქნებოდა. სადღაც ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგში ბევრი, ზოგში ცოტა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ჩვენგანშია ინიც და იანიც, იქსიც და იგრეკიც, ნაციც და ქო… არა, ვხუმრობ, ესენი არა, მაგრამ ხომ ხვდებით, რისი თქმაც მინდა. 

*ჩანაფიქრში, ტერმინი ბისექსუალი გენდერის ოროვან ხედვას ეფუძნება და უხეშად რომ შევხედოთ, მხოლოდ ორი ბინარული გენდერისადმი მიზიდულობას გულისხმობს. ბისექსუალის უფრო ინკლუზიური ალტერნატივა პანსექსუალია, თუმცა ბევრ ბისექსუალს, ჩემი ჩათვლით, გენდერის არაბინარული ხედვის მიუხედავად, როგორც ტერმინი, პანსექსუალი სხვადასხვა მიზეზით ნაკლებად ეკომფორტულება. პირადად მე, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ტექნიკურად პანსექსუალი უფრო ზუსტად აღმწერდეს, თავს მაინც ბისექსუალს ვუწოდებ და ამისთვის ცოტა სასაცილო მიზეზი მაქვს: როგორც კვებასთან და სხეულის იმიჯთან რთული, love/hate წარსულის მქონე ადამიანს, წარმოუდგენლად მეჩვენება საკუთარ სექსუალობას რომელიმე ენაზე ტაფის ან ქვაბის აღმნიშვნელი დავუძახო; ჩემი რებელა თინეიჯერი თავი უბრალოდ არასოდეს მაპატიებს ამიტომ იმედი მაქვს, პანსექსუალები მაინც მაპატიებენ.